თამარ გაბუნია: ვირუსის მიმდინარეობის ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა

თამარ გაბუნიას თქმით, ახლა კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსმა ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა.

„ამის მეცნიერული დასკვნა ჯერ არ არის, თუმცა კლინიცისტების მიერ დამუშავებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რთული შემთხვევები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში იყო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Comments

კომენტარები