დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღე წეროვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა.

დაჭრილ მებრძოლთა დღე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გასულ წელს დაწესდა. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ეს დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს.

„ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის ვალდებულებაა მათი დამსახურების წინაშე. ზრუნვა მათზე, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა თავისუფლებასა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას შესწირეს, ნიშნავს სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებების მხარდაჭერას. ეს დღე უნდა გახდეს კიდევ ერთი საშუალება მათი პრობლემების გააზრებისა და გადაწყვეტისათვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

თავდაცვის მინისტრმა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაში აშშ-ის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან მადლიერება გამოხატა ამერიკელი მეგობრების მიმართ და თავდაცვის ძალების განვითარებაში მათი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართვისას თავდაცვის უწყების წარმატებულ სოციალურ პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, სწორედ, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათთვის მრავალმხრივი შესაძლებლობების განვითარებაა.

Comments

კომენტარები