ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთზე არასაკმარისი ზეწოლაა – კვლავ იძულებულნი ვართ, ვითხოვოთ დახმარება ჩვენი ცის რუსული რაკეტებისგან დასაცავად

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთზე არასაკმარისი ზეწოლაა – კვლავ იძულებულნი ვართ, ვითხოვოთ დახმარება ჩვენი ცის რუსული რაკეტებისგან დასაცავად

„რატომ შეუძლია, მსოფლიოში ტერორის ყველაზე დიდ წყაროს – რუსეთს კვლავ აწარმოოს ომი? რატომ შეუძლია მას ასე სასტიკად და ცინიკურად აწარმოოს ომი? მიზეზი მხოლოდ ერთია – არასაკმარისი ზეწოლა რუსეთზე. ამ სახელმწიფოს ტერორზე პასუხი არასაკმარისია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიოში არცერთ ტერორისტს არ გაუკეთებია ის, რასაც რუსეთი ყოველდღიურად, ერთდროულად აკეთებს უკრაინის ტერიტორიაზე.

„რადიაციული ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე… ქარხანაში რუსული ჯარების ყოფნამ, რუსეთის მუდმივმა პროვოკაციებმა და ქარხნის ტერიტორიის დაბომბვამ უკრაინა და მთელი ევროპა რადიაციული კატასტროფის ზღვარზე დააყენა. ენერგეტიკული ტერორი… რუსეთი მიზანმიმართულად ახდენს ევროპის გაზის ბაზრის დესტაბილიზაციას, მიზანმიმართულად ზღუდავს უკრაინის შესაძლებლობას ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტზე. უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტმა შეიძლება შეამსუბუქოს ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის სიმძიმე ისევე, როგორც ჩვენი სურსათის ექსპორტი ამსუბუქებს სასურსათო კრიზისის სიმძიმეს მსოფლიოში. შიმშილით ტერორი რუსეთის ძალიან ცინიკური და სრულიად მიზანმიმართული ტაქტიკაა. ის მიმართულია არა მხოლოდ ღარიბი ქვეყნების წინააღმდეგ, არამედ კონკრეტულად მსოფლიოს იმ რეგიონების წინააღმდეგ, საიდანაც ლტოლვილების ახალი ნაკადი შეიძლება დაიძრას ევროპისკენ. მძიმე მიგრანტული კრიზისი ევროპაში – ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს გათვლა. საბედნიეროდ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გაეროსთან, თურქეთთან ერთად, ჩვენ მოვახერხეთ მარცვლეულის საექსპორტო ინიციატივის მიღწევა. რუსეთი იძულებული გახდა, ჩვენი პორტები განებლოკა, მაგრამ ახლა ისევ ბლოკადით ემუქრება. და როგორ რეაგირებს ამაზე სამყარო? რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის აღიარებული. ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებს მაინც შეუძლიათ ევროპაში დასასვენებლად ან საყიდლებზე გამგზავრება, ევროპული ვიზების აღება და არავინ იცის, არიან თუ არა მათ შორის ჯალათები თუ მკვლელები, რომლებიც ახლახან დაბრუნდნენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან. ამ დრომდე, რუს პროპაგანდისტებს შეუძლიათ, ზუსტად იმუშაონ აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის, ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებსაც, რუსეთის მიერ შექმნილი ფასებისა და ენერგეტიკული კრიზისის გამო, უდიდესი ქაოსი ემუქრებათ. ჩვენ კვლავ იძულებულნი ვართ, ვითხოვოთ დახმარება ჩვენი ცის რუსული რაკეტებისგან დასაცავად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Comments

კომენტარები