ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ კელი დეგნანს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, საუბარი შეეხო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და ვაქცინაციის საკითხს. მინისტრის თქმით, საქართველო COVAX პლატფორმისგან ვაქცინას უახლოეს მომავალში მიიღებს.
„მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტების გაცვლა, რაც პანდემიასთან მიმართებაში დღეს საქართველოში მიმდინარეობს. რა ვითარება არის კონკრეტულად ახლა, რა შედეგი გამოიღო იმ გახსნითმა ღონისძიებებმა, რომელიც ჩვენ საახალწლოდ გვქონდა, როგორი არის დღევანდელი ვითარება, ასევე როგორ იმართება ტესტირება ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანი სასაუბრო, რა თქმა უნდა, იყო ვაქცინაციის კომპონენტი. საქართველოში უახლოეს მომავალში შიძლება გახდეს შესაძლებელი Pfeizer-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
თავის მხრივ, კელი დეგნანმა შეხვედრას სასარგებლო უწოდა.
„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა. არა მხოლოდ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისთვის რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ეკონომიკა და გაიხსნას სკოლები“, – აღნიშნა დეგნანმა.