ორშაბათი, იანვარი 12, 2026

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის გახდა.

დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს დაბადების დღეა.

1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი.

ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.

შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.

არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო – სამეფო სახლიდან და მას „მეფიანთ ქალს“ ეძახდნენ.

არსებობს აგრეთვე ცნობები ღუდუშაურებისა და ვაჟა-ფშაველას ნათესაობის შესახებ.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა – ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან.

ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ქრისტეშობის დღეს სწორედ ამ ქართულ ეკლესიაში მონათლეს სამი დღის ახალშობილი და ყრმას, მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკი) მონათლა. ბავშვის ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი).

არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად; იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში. მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, შესანიშნავი საეკლესიო მოღვაწე, დიდად მორწმუნე და საღვთო მსახურების საუკეთესო მცოდნე. ნათლიას ხშირად დაჰყავდა თავისი ნათლული სამთავროს მონასტერში.

სწორედ აქ, სამთავროს მონასტერში, შეხვდა ღვთის განგებით ერთმანეთს საქართველოს ორი პატრიარქი – ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.

გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს:

„მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

იმ დროს წმიდა სამების მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი. „მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად…

… განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა“, – იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი.

ყოველივე ამან გადააწყვეტინა აკადემიის ახალგაზრდა, წარჩინებულ სტუდენტს „ძნელად გადასაწყვეტი საქმე“ – ბერად შედგომა.

24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს სემინარიისა და აკადემიის პედაგოგებს.

ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მეოთხე კურსზე, მღვდელმონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, – რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.

ამავე 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დაინიშნა არქმიანდრიტი ილია.

1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი – 1963 წლიდან 1972 წლამდე.

1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.

ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში.

მასალა მომზადებული orthodoxy.ge-ზე დაყრდნობით

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

5-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით, - ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ის რუსთავის 12-ე დაწესებულებაშია გადაყვანილი. პროკურატურამ ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა. ღარიბაშვილი აღიარებს დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს.ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, პროკურატურამ დაცვის მხარის წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, რაც ღვინის ქარხანასთან დაკავშირებით წარდგენილ დოკუმენტაციას მოიცავდა, შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა და ქარხანასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი აღარ ედება."ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, კერძოდ ის, რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები და გადახდები ქარხანასთან დაკავშირებით, ზედმიწევნით იყო შესრულებული ეს ყველაფერი. შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ ნაწილში, რომ ქარხნის ნაწილში აღარ ედება მას ბრალი. დარჩა ბრალი იმაში, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია, - ეს არის ის დანაშაული, რომელშიც მან აღიარა ბრალი.მას, საპროცესო შეთანხმებით, განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს - ერთი მილიონი ლარი ჯარიმა, პლუს - ორი მანქანის ჩამორთმევა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ არის სამოხელეო დანაშაული, - თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. დავაყენეთ ჩვენი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმებაზე, განიხილეს, დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რაც აგიხსენით. პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, აღიარებდა თუ არაა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს," - აცხადებს ადვოკატი.

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია“

დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.თინა ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს.ბოკუჩავას თქმით, ეს „სუს-ის მორიგი ბოდვაა“.„როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს. მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი. ლევან სანიკიძეზე ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ ჩემი 13-წლიანი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საამაყო გადაწყვეტილება, რაც მივიღე, მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნაა. დარწმუნებული ვარ, მას ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით. „იმედის“ „რუსთავი 2-ის“ „პოსტვისა“ და პროპაგანდისტული ტელევიზიების დღევანდელი აღტყინება ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფის შედეგად გავრცელებულ ინფორმაციაზე ჩემი მხრიდან მხოლოდ იმით აიხსნება, რომ დღეს, სავარაუდოდ, ორჯერ ნაპრემიერალ პარტიის თავმჯდომარეს დაიჭერენ. ეს ადასტურებს, რომ არათუ „ტექნიკური“, არამედ ძალიან ღრმა, სერიოზული და მათი დასასრულის მომასწავებელი პრობლემები აქვს რუსულ ოცნებას კორუფციის, ძალადობისა და იმ აღვირახსნილობის გამო, რაც ქვეყანამ 13 წლის განმავლობაში ნახა. ჩემი აზრით, ეს ტყუილი და ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფიც სწორედ ამ მთავარი ამბის გადაფარვის მცდელობაა, რაც, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პროკურატურა – ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.„საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდა.შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კახა კალაძე: ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის...

ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო შესაბამისი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შემოსული თანხების გამჭვირვალობა გაკონტროლდება.„მიზანი ხომ ვიცით, რისთვის გამოიყენებოდა ეს თანხები, რომ კონკრეტულ ქვეყნებში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები. მათ შორის, საქართველოში უამრავი თანხა შემოდიოდა, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ და ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს. გახსოვთ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ვსაუბრობდით, როგორ გვაკრიტიკებდნენ, თურმე როგორ გავბედეთ და დავიწყეთ ამაზე საუბარი.როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, პირდაპირ ისაუბრა ამ ყველაფერზე, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც იყვნენ NED, USAID, უზარმაზარ თანხებს გამოყოფდნენ და აფინანსებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას. ეს არის რეალობა. ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო – გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა. რა თქმა უნდა, იქნება კონტროლი, არსებობს კანონი, რომელიც მივიღეთ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, რათა, პირველ რიგში, ქვეყანაში დავიცვათ მშვიდობა, სიმშვიდე და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძე.დედაქალაქის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას აშშ-ის მიერ 66 ორგანიზაციასთან, მათ შორის ვენეციის კომისიასთან შეწყვეტილ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციასთან ურთიერთობის გადახალისებაა საჭირო.„ვფიქრობ, მთლიანად „რებრენდინგი“ არის გასაკეთებელი და გადახალისებაა საჭირო სხვადასხვა ორგანიზაციის. მაგალითად, ვენეციის კომისია, ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციად იყო ქცეული, მათი განცხადებები, ქმედებები თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში. ეს ძალიან მძიმე იყო. ამიტომ, არ მიკვირს მათი ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს, ყულევის  საზღვაო ნავსადგურში  შემოვიდა ლიბერიის  დროშის ქვეშ მცურავი გემი ,,NOSTOS“   (რეგისტრაციის ნომრით 9258014), რომელზეც დატვირთული იყო  რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ,  ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი  40 143 ტონა ნედლი ნავთობით.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად,  მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა.

ბოლო სიახლეები