22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის, კაპრალ ზაზა დამენიას დაბადების დღეა.

დღეს საქართველოს ეროვნული გმირი 49 წლის გახდებოდა.

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებმა ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. მათ ოზურგეთში გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და ზაზა დამენიას გმირობის ისტორია გაიხსენეს.

ოზურგეთის ღვთისმშობლის ტაძრის დეკანოზმა გრიგოლმა დაღუპული გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

საქართველოს ეროვნული გმირი, ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. ზაზა დამენია საქართველოს თავდაცვის ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა.

1993 წელს იბრძოდა აფხაზეთში;

2002 წლიდან დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის “კომანდოს” რიგებში გააგრძელა.

2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, “კომანდოს” ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა.

მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა.

კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ზაზა დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა ბრძოლის ველზე.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

Comments

კომენტარები