დოდო გუგეშაშვილი – დარწმუნებული ვარ, რომ ის აიყვანეს, ვინც უნდა აეყვანათ

დარწმუნებული ვარ, რომ ის აიყვანეს, ვინც უნდა აეყვანათ, – ასე ეხმაურება თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი მისი დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გახსნას „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

როგორც გუგეშაშვილმა სააგენტოს განუცხადა, სახელი და გვარი ზაზა მურჯიკნელი არაფერს ეუბნება.

„ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნება. ზაზა მურჯიკნელს არავის ვიცნობ საერთოდ. ეს ადამიანი არის შემსრულებელი. ახლა სხვა რაღაცებია გამოსაძიებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანია მკვლელი. ორი წლის განმავლობაში ვიყავი ჩართული ამ გამოძების პროცესში და არასოდეს არც ეჭვი შემპარია და არც სიჩქარე დამინახავს. გამოძიებას ჰქონდა მყარი მტკიცებულებები და იმის საფუძველზე მოხდა ამ პირის დაკავება. შედეგი უკვე დააყენეს და ახლა მათი საქმეა დამკვეთის ვინაობაც გამოიძიონ. რადგან კონკრეტული პიროვნება აიყვანეს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ის აიყვანეს, ვინც უნდა აეყვანათ“, – განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა „ინტერპერსნიუსს“.

კითხვაზე: დაინახა თუ არა მკვლელის სახე და შეუძლია თუ არა მისი ამოცნობა, გუგეშაშვილმა აღნიშნა: „სახეზე დამინახავს თუ არა, ამაზე ვერც „კი“-ს გეტყვით და ვერც „არა“-ს. ეს არის ჩემი პირადი თემა და ასეთ დეტალებს არ ვხსნი,“ – აღნიშნა დოდო გუგეშავილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა.

ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, მურჯიკნელი 2009 წელს მომხდარ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ პირებს შორის იყო, თუმცა სხვა დაკავებულებთან ერთად 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

Comments

კომენტარები