საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინელ კოლეგას საუბარში კიდევ ერთხელ დაუდასტურა სოლიდარობა და პოზიციების დაცვაში ერთიანობის მზაობა.

მის თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას აცნობა არსებული ვითარება და რუსეთის გაძლიერებული სამხედრო ყოფნა უკრაინის საზღვრებთან.

„ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და დეტალური საუბარი მქონდა ჩემ უკრაინელ კოლეგასთან. მან მაცნობა ის სიტუაცია, უსაფრთხოების გარემო და რუსეთის გაძლიერებული სამხედრო ყოფნა უკრაინის საზღვრებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ მას სოლიდარობა და მზაობა, რომ პოზიციების დაცვაში ერთიანი ვიყოთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველო უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზებას გმობს და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

Comments

კომენტარები