გიორგი კახიანი: არის ფაქტები, რომ დავით გარეჯისა და ზოგადად აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტიზაციის პროცესში, ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს

არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე რომ დავით გარეჯის და ზოგადად დემარკაცია-დელიმიტიზაციის პროცესში, ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყოლოდა, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი აღმოჩენილიყო ჩვენი ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე მეტყველებენ კონკრეტული ფაქტები.„სამწუხაროდ ოპოზიცია არ საუბრობს ამ ფაქტებზე, ისინი ცდილობენ ისრის სხვა მიმართულებით გაშვებას. საუბრობენ, რომ ეს ხდება საარჩევნო პერიოდში. სხვა უსაფუძვლო არგუმენტებიც მოვისმინეთ. ეს ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ისინი ცდილობენ თავი აარიდონ კონკრეტულ ფაქტებს და საკითხის პოლიტიზირება მოახდინონ. ფაქტები კი უდავოა და ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ამ შემთხვევაში, შეიძლება მძიმე კითხვების დასმა მოხდეს, რომ რატომ არ გამოიყენეს 1938 წლის რუკა და რატომ ხდებოდა კომისიის მიერ 70-იანი წლების რუკით საზღვრების დემილიტარიაზაცია-დემარკაციის პროცესი. ეს აჩენს კითხვებს და შესაბამისად ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე“, – აღნიშნა კახიანმა.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

Comments

კომენტარები