გიორგი გახარია: დავით-გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პოლიტიზება ქვეყნისთვის დამაზიანებელია

დავით-გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პოლიტიზება და ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ მიუღებელი და დაუშვებელია, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„პირველ რიგში უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ, როგორც ხედავთ, ამ საკითხის პოლიტიზების მცდელობები არ წყდება და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საბოლოო დასკვნები მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გავაკეთოთ. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზება და პოლიტიკური სპეკულაციები უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, შესაბამისად, მიუღებელი და დაუშვებელია. მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში. გარდა ამისა, სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი ფაქტები, რომლებიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა გახარიამ.

7 ოქრომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

Comments

კომენტარები