გიორგი გახარიამ NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს და NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ყურადღება დაეთმო საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, ხაზი გაესვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზაობა – უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

აგრეთვე, საუბარი შეეხო დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის, არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის შესაბამისი აქტორებისთვის პროაქტიული გაზიარების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად Covid-19-ის პანდემიისა, საარჩევნო პროცესის ადგილზე შეფასების საშუალება ექნება არაერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა Covid-19-ის პირობებში ამომრჩევლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების უმაღლეს დონეზე დაცვის მნიშვნელობას, რასთან დაკავშირებითაც, მისივე თქმით, შესაბამის პროტოკოლებზე მუშაობა დაწყებულია.

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაში NDI – ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი პატრიკ მერლო, NDI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი ალან გილამი, NDI – საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში თეონა ყუფუნია და NDI – ის საპარლამენტო პროგრამების კოორდინატორი მარიამ ბარამიძე, ხოლო საქართველოს მხრიდან – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე მონაწილეობდნენ.

#StopCoV #COVID19

Comments

კომენტარები