გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის საკითხზე დახურულ კონსულტაციებს გამართავს

საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის საკითხზე დახურულ კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.
 
დახურული კონსულტაციები 19 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე, 29 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე გამართა დახურული კონსულტაციები კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით. კონსულტაციების შედეგად უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
 
ბაქო და ერევანი 10 ოქტომბრიდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
 
ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს თავდაცვის სამინისტროების დონეზე სამმხრივი შეხვედრის ჩატარება შესთავაზა. ოფიციალური ერევნის ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოსკოვში გაემგზავრნენ, თუმცა ბაქომ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
 
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

Comments

კომენტარები