შაბათი, ივლისი 5, 2025

ბიძინა ივანიშვილი – მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედი ფონდისთვის

„მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედი ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნეს პროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანამდევი დადებითი პროცესები უნდა მოყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ აქტივების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე საერთაშორისო ბიზნეს მედიის, მათ შორის ფორბსის და ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმად, მისი ქონება 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს არის საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემები და  მისთვის არ არის ცნობილი, ბოლო წლებში როგორ ითვლიან.

„ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემებია. ფორბსთან, მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg–ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, აქტიური ბიზნეს საქმიანობა, პოლიტიკაში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაასრულა, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ მისცა „ვედომოსტს“.

„საქმიანი პრესის წარმომადგენელს კარგად მოგეხსენებათ, რომ არცერთ, არც მცირე და არც დიდ ბიზნესში, მოგების ნახვა, თუ სრულფასოვნად არ ხარ ჩართული მის ადმინისტრირებაში, უბრალოდ შეუძლებელია. ბევრი ფიქრობს, რომ დიდ ბიზნესს სხვა მიდგომები სჭირდება, ხოლო მცირეს – სხვა. არადა, მიდგომებში განსხვავება თითქმის არ არსებობს. თუ ყოველდღიურად არ ხარ ჩართული რისკების შეფასებაში, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, არ აკვირდები ბაზრის სპეციფიკას, ტრენდებს, არ იღებ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, ასე, ფაკულტატურად ნაკეთები ბიზნესიდან, მხოლოდ წაგება შეიძლება ნახო. ეს აქსიომაა და ნებისმიერი ბიზნესმენი დამეთანხმება ამაში. სხვაზე მიბარებულ ფულს კი, ხშირ შემთხვევაში, რა ემართება, ამაზე, ჩემი და უმსხვილესი შვეიცარული, თითქმის უმწიკვლო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბანკის სკანდალური ისტორიაც კარგად მეტყველებს. მაგრად უნდა გაგიმართლოს, დანაკარგებს თუ აცდი. შესაბამისად, ჩემი კაპიტალი ამ წლების განმავლობაში თეორიულადაც ვერ გაიზრდებოდა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, გახარჯული კაპიტალის მოცულობა, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერაც აღემატება ამ კაპიტალით შექმნილი აქტივების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას.

ამის მაგალითად მას სასტუმრო „პარაგრაფი“ მოჰყავს, რომლის შექმნასა და განვითარებაზე 127 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება დღეს 50-60 მილიონს შორის მერყეობს.

„3 მილიარდი დოლარი, როგორც თავად აღნიშნეთ, საჯაროდ დადასტურებული ინფორმაციით, ფონდმა „ქართუმ“ დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში. თუმცა, ჩვენ ოჯახს წილად ხვდა კიდევ ერთი საპატიო მისია, რომლის თაობაზე საჯაროდ არასოდეს გვისაუბრია და თქვენი ეს კითხვა რომ არა, შესაძლოა, არც არასდროს გვესაუბრა. თითქმის 30 წელია, ჩვენი ოჯახი ინდივიდუალურად ეხმარება ახლობელი ადამიანების საკმაოდ მრავალრიცხოვან წრეს. მოგეხსენებათ, უმუშევრობის, გამართული სოციალური და სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში, მითუმეტეს, უფრო ადრეულ წლებში, რა ტიპის გადაულახავ პრობლემებს აწყდებოდა ეს ხალხი, ჯანმრთელობის პრობლემებიდან დაწყებული, საცხოვრისის თუ ელემენტარული საარსებო პირობებით დამთავრებული. ჩვენ, რასაკვირველია შეგვეძლო, ეს ხარჯი საქველმოქმედო ფონდის გავლით გაგვეღო, კანონმდებლობა ამას არ კრძალავდა, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რომ ფონდს ეს ხარჯი არ შეხებოდა. არ მსურდა, საზოგადო მიზნებისთვის აკუმულირებული თანხების ხარჯვის პროცესში სუბიექტური ფაქტორი გაჩენილიყო, თუნდაც ფონდის დამფუძნებლის და ერთადერთი შემომწირველის მხრიდან. ფონდს აქვს მკაცრად დადგენილი საწესდებო კრიტერიუმები, რომლებსაც სკურპულოზურად იცავს. ფონდს აქვს რეპუტაცია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა შებღალულიყო და გამონაკლისები არ უნდა დაეშვა. ეს დამატებითი თამასა ჩვენ თვითონ დავუწესეთ საკუთარ თავს, ხარჯი ფონდს არ შევახეთ და მას ცალკე ხაზით ვახორციელებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ საკმაოდ მოცულობით ხარჯს თუ დავუმატებთ იმ ფინანსურ რესურსს, რაც პოლიტიკაზე დაიხარჯა, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებს, რომლებსაც თქვენ „სოციალური მეწარმეობა“ უწოდეთ და რომლებიც ფონდის განკარგულებაში უკვე გადავიდა, ეს ხარჯი, ჯამურად, დაახლოებით, მილიარდ დოლარს შეადგენს. უნდა ჩაითვალოს თუ არა ეს ხარჯი კლასიკურ ქველმოქმედებად, ამის განხილვაში არ შევალ, ალბათ უფრო არა, ვიდრე კი, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გახარჯული კაპიტალის მოცულობა, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერაც აღემატება ამ კაპიტალით შექმნილი აქტივების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას. თვალსაჩინოებისთვის სასტუმრო „პარაგრაფი“ კარგი მაგალითია. მის შექმნასა და განვითარებაზე 127 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება დღეს 50-60 მილიონს შორის მერყეობს. ამიტომ საქველმოქმედო ფონდი ამ ობიექტს საკუთარ აქტივად სწორედ საბაზრო და არა საინვესტიციო ღირებულებით მიითვლის, მიუხედავად იმისა, რომ მასში ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიცია მინიმუმ ორჯერ აღემატება ამჟამინდელ სარეალიზაციო ფასს. დაახლოებით ამავე მასშტაბის დისპროპორცია იკვეთება „პანორამას“ პროექტში, აქაც, ჩადებული ინვესტიცია ორჯერ აღემატება მის დღევანდელ საბაზრო ფასს. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი კი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაჯდა და რომლის მშენებლობის გამოც ლამის კაცობრიობის მტრად გამომაცხადეს, კომერციულ პროექტად იმთავითვე არ განიხილებოდა“ –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მის განკარგულებაში კაპიტალის სახით მილიარდნახევარი დოლარი რჩება? ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:

„უხეში დათვლით, ასე გამოდის. მისი ერთი ნაწილი 30-31 დეკემბერს უკვე მიიმართა საქველმოქმედო ფონდში და ასახულია იმ სიაში, რომელიც თქვენ მოიპოვეთ და რომლის გამოქვეყნებასაც ამ ინტერვიუსთან ერთად გეგმავთ. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებულ სხვა ბიზნეს-პროექტებს და ამ პროექტებში განთავსებულ, ნარჩენ კაპიტალს, როდესაც ამ აქტივებს, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, საკრედიტო თუ სხვა სახის, ბიზნესურთიერთობებისთვის დამახასიათებელი, ტვირთისგან  გამოვათავისუფლებთ, ასევე გადავცემთ საქველმოქმედო ფონდს, ან უძრავი ქონების სახით, ან მოვახდენთ მის რეალიზაციას და ფულად რესურსებს მივმართავთ ფონდში. იგივე ბედი ეწევა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომელიც ასევე ამ ნარჩენი კაპიტალის ნაწილია. კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი ფონდში მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასავე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია.როგორც BBC აღნიშნავს, 1988 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირველად დააანონსა, რომ პარიზელებს სენაში ცურვის შესაძლებლობა ექნებოდათ, რის შემდეგაც მდინარის ეტაპობრივი გაწმენდა დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას, მდინარის გასაწმენდად დახარჯეს 1,4 მილიარდ ევროზე მეტი. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული რადიკალური ზომების წყალობით გახდა სენა ცურვისთვის ვარგისი.ამგვარად, დღეს დილით რამდენიმე ათეული ადამიანი წინასწარ მივიდა და სენაში გადახტა, როგორც კი ეს ოფიციალურად ნებადართული გახდა.

მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო- ანა ნაცვლიშვილი

"26 ოქტომბრის რუსული სპეც.ოპერაციის შემდეგ, პროდასავლური ფლანგის უდიდეს სისუსტედ მიმაჩნია, რომ არ შეიქმნა მსჯელობის და საერთო გადაწყვეტილებების სტრატეგიულად და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულად  მიღების ფორმატი. ეს ინიციატივა მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს ფორმატი შექმნილიყო, სადაც ხალხის მიერ 26 ოქტომბერს არჩეული ის პირები ვიქნებოდით წარმოდგენილნი, ვისი ლეგიტიმაციაც არასდროს, არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.ეს ფორმატი შემდგომ იქნებოდა უფრო ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პლატფორმა, აქტივისტების, სხვა პოლიტიკური აქტორების, მოქალაქეების ჩართვის და ერთიანი ბრძოლისა რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არ მოხდა. ვის გამო, რის გამო, არ ვიცი. ძალიან დიდი პრობლემაა ეს.თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შედგა ერთიანობა. ეს ძალიან ცუდია. მგონია, რომ ზემოთ აღნიშნული ფორმატი რომ შემდგარიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა- ყველა მიმართულებით. მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო. ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი ორი ლიდერი საპატიმროშია, მათ უძვირფასესი - თავისუფლება დათმეს ამ ბრძოლაში. რთულია იმის გამოც, რომ ლელოში მყავს უძვირფასესი მეგობრები. მაგრამ ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და დღეს მხოლოდ დუმილი არ იქნება ჩემგან მართალი საქციელი.კატეგორიულად არ ვიზიარებ ბრალდებებს იმაზე, რომ ვინმე გაიყიდა და ა.შ. ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ჯგუფს გულწრფელად სჯერა ასე, ჩემგან განსხვავებულად. ძალიან მინდა გთხოვოთ, ჩემს კედელზე მათ მიმართ მსგავსი ბრალდებები არ განავითაროთ.სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან გავაგრძელებ იმ იდეისთვის მოქმედებას, რომლის გამოც შეიქმნა და შევუერთდი ლელოს, მეტიც- რომლის გამოც 20 წელია ვიბრძვი - დამოუკიდებელი, ევროპული, ძლიერი, სამართლიანი საქართველო.თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! თავისუფლება საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე ამ ისტორიულ გზაგასაყარზე!" - წერს ანა ნაცვლიშვილი "ფეისბუკში"

ნინო ლომჯარია ოპოზიციას მიმართავს – დასხედით დახურულ კარს მიღმა და არ გამოხვიდეთ, ვიდრე არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე

დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად, არ გამოხვიდეთ, ვიდრე არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე, თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით ყველა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, მოუმზადებლად, გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის გარეშე არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არა – უპასუხისმგებლობაა.„გახარიას და „ლელოს“ თუ ამდენი საერთო ჰქონდათ პოლიტიკური ბრძოლის ხერხებზე, რატომ არ გაერთიანდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? ხუთი და ოთხი ნომერი თუ ასეთი ერთიანია პოლიტიკური ბრძოლის ფორმაში, რატომ გაიყვნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? ცხადი ხომ იყო, რომ მასშტაბური გაყალბება იქნებოდა, ევროინტეგრაციას გააჩერებდნენ, სამოქალაქო სექტორს დახურავდნენ და პოლიტიკოსებს ციხეში გაუშვებდნენ? რატომ არ მოუსმინეს ამომრჩევლის დაკვეთას? რატომ არ დადგნენ საკუთარ ეგოზე მაღლა? ახლაც, ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირების სისტემური წამების, ციხეში გამომწყვდევის, სამსახურებიდან გამოყრის, ფინანსური რეპრესიების შემდეგაც რომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია ერთიან სტრატეგიაზე, ამას რა ქვია? ვინ ხართ თქვენ?ახლა, რაც შეეხება „პრაგმატულობას“. თვითმმართველობის არჩევნებზე არ იქნება არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები. თვითმმართველობის არჩევნებზე გამსვლელი პარტიების მიერ დოკუმენტირებულ დარღვევებზე და სასამართლოებში წაღებულ დავებზე მე არაფერი მსმენია. არც მათი პარტიების წევრების ნაბრძოლ და დაცულ ხმებზე მსმენია რამე საარჩევნო უბნებზე. არჩევნებზე გასვლა მარტო სიის შედგენა და ფბ რეკლამა არ არის. კი, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, კი, პოლიტიკოსები უკანონოდ სხედან ციხეში, მაგრამ ასე მოუმზადებლად, გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის, კომისიის წევრებ და დამკვირვებელ მოუმზადებელი არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არ არის, უპასუხისმგებლობაა, რეპრესირებულ მოქალაქეებზე ემოციური ძალადობაა, საკუთარი ქვეყნის და აქამდე არსებული საპროტესტო სტრატეგიის საბოტაჟია, ლანგარზე მირთმეული საჩუქარია „ოცნებისთვის“.ამიტომ, სანამ დროა, დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად და არა ტელევიზორებში, არ გამოხვიდეთ, სანამ არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე და მერე გამოაცხადეთ ერთიანი გადაწყვეტილება. თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით აქ ყველა. ხალხის დაკვეთაა ეს და ემსახურეთ ხალხს“, – წერს ნინო ლომჯარია.

დეა მეტრეველი – მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია, – ამის შესახებ დეა მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ არის მიზანშეწონილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.„ჩემთვის, როგორც პარტია „ლელოს“ დამფუძნებლისთვის, მისი პოლიტსაბჭოს წევრისთვის და აღმასრულებელი მდივნისთვის, უზომოდ მნიშვნელოვანი იყო და არის პარტიის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ვყოფილიყავით დიდი ეროვნული მოძრაობის ნაწილი. ეს წლები ჩვენი გუნდი სწორედ ამ გზის და ამ ღირებულებების ერთგულია, რადგანაც რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ერთიანობაა.სამწუხაროა, რომ ე.წ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ მოხდა საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთიანი გეგმის გარშემო. შესაბამისად, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციურ პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.ვფიქრობ, „ძლიერი საქართველო“-ს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უაღრესად პრინციპული და ღირსეული ნაბიჯის ფონზე თავისუფლების აღკვეთის ფასად დარჩენილიყვნენ საერთო ბრძოლის ერთგულები.შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია. ამავდროულად, ვრჩები იმ საერთო ბრძოლაში, რომელიც ყველას გვაერთიანებს – საქართველოს გათავისუფლება და მისი ევროპული მომავალი. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ბრძოლა გამარჯვებამდე“, – წერს დეა მეტრეველი.

ბოლო სიახლეები