ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026

ბერლინური ფუნთუშები

ინგრედიენტები

  • ფქვილი – 500 გ
  • შაქარი – 50 გ
  • წყალი – 120 მლ
  • რძე – 100 მლ
  • კვერცხი – 2
  • კვერცხის გული – 2
  • კარაქი – 100 გ
  • მარილი – 1/2 ჩ.კ
  • საფუარი – 1 – 1.5 ჩ.კ
  • მოხარშული კრემი ან ჯემი
მომზადების წესები

თბილ რძეში ჩაადნეთ კარაქი, თბილ წყალში კი საფუარი გახსენით. ყველა ინგრედიენტი თასში მოათავსეთ და მოზილეთ ცომი. ცომს ზელვა სჭირდება იმდენ ხანს, სანამ ელასტიური არ გახდება და ხელს აღარ მიეკრობა. დააფარეთ თავზე და  აცალეთ აფუება 1-1.5 საათი. თუ მაშინვე არ გსურთ მომზადება, მოზელვის შემდეგ მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ.

გაფუებული ცომი გააბრტყელეთ 1.5 სმ სისქეზე და გამოჭერით 7 სმ დიამეტრის წრეები. დაალაგეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადააფარეთ პირსახოცი და დატვეთ ამგვარად 1 საათი.

ღრმა ჭურჭელში, საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი. ჩადეთ 2-3 ცალი ფუნთუშა და შეწვით ორივე მხრიდან. გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა, ან დარიჩინისა და პუდრის ნარევი.

ფუნთუშები გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, ჩაჭერით მაკრატლით და გულში ჩაუდეთ მოხარშული კრემი ან ჯემი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მასალათა კვლევის თანამედროვე სამეცნიერო სივრცე ფუნქციონირებს

„თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მასალათა კვლევის ცენტრი გვაძლევს შესაძლებლობას, სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო დავაახლოოთ ინდუსტრიის საჭიროებებთან, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შევუქმნათ პრაქტიკულ კვლევებში ჩართვის თანამედროვე გარემო, ხოლო სახელმწიფო და კერძო სექტორს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საექსპერტო და ლაბორატორიული მომსახურება“, – ამის შესახებ სტუ-ის მასალათა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ავალიშვილი აცხადებს.სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების გაძლიერების, თანამედროვე ლაბორატორიული ბაზის განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოებას, საერთაშორისო თანამშრომლობების გაღრმავებასა და ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობის გაზრდას აგრძელებს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა კვლევის ცენტრი, რომელიც თანამედროვე სამეცნიერო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე სპეციალიზებული კვლევითი პლატფორმაა.უნივერსიტეტის ცნობით, მასალათა კვლევის ცენტრი 2024 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის მხარდაჭერით დაარსდა. ცენტრი აერთიანებს განათლებას, მეცნიერებასა და ინოვაციას და ორიენტირებულია როგორც სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო, ისე პრაქტიკული და კომერციული საქმიანობის განვითარებაზე.სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, ცენტრის მთავარი მიზანია თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიებისა და მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსის გამოყენებით ლითონებისა და სხვა საინჟინრო მასალების სრულყოფილი კვლევა, ახალი ცოდნის შექმნა, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პრაქტიკული მომზადება, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის მაღალი ხარისხის საექსპერტო და ლაბორატორიული მომსახურების შეთავაზება.როგორც ლიანა თარგამაძე აღნიშნავს, მასალათა კვლევის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კვლევითი აპარატურით და მომხმარებელს სთავაზობს მასალების კომპლექსურ ანალიზს. ცენტრში შესაძლებელია ქიმიური, მექანიკური და მეტალოგრაფიული კვლევების ჩატარება, ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შეფასება, მასალების მიკროსტრუქტურის შესწავლა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.„ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კვლევითი აპარატურით და მომხმარებელს სთავაზობს მასალების კომპლექსურ ანალიზს, მათ შორის ქიმიურ, მექანიკურ და მეტალოგრაფიულ კვლევებს, ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შეფასებასა და მასალების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.მასალათა კვლევის ცენტრის შესაძლებლობების გამოყენება შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს, ასევე საწარმოებს, კერძო კომპანიებს, ინჟინრებსა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს, რომელთაც ესაჭიროებათ მასალების ხარისხის, სტრუქტურისა და საექსპლუატაციო მახასიათებლების კვლევა.ლაბორატორიაში შესაძლებელია ლითონებისა და შენადნობების, საინჟინრო დანიშნულების მასალების, კომპოზიტების, პოლიმერებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული ნიმუშების შესწავლა. კვლევები მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებებისთვის, როგორიცაა მანქანათმშენებლობა, მშენებლობა, ენერგეტიკა, წარმოება და სხვა საინჟინრო სფეროები.მასალათა კვლევის ცენტრის განვითარება უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მივცეთ პრაქტიკულ კვლევებზე დაფუძნებული განათლების მიღების შესაძლებლობა, ხოლო ინდუსტრიას შევთავაზოთ მაღალკვალიფიციური საექსპერტო და ლაბორატორიული მომსახურება. ჩვენი მიზანია, ცენტრი გახდეს სივრცე, სადაც აკადემიური ცოდნა, ინოვაცია და წარმოების საჭიროებები ერთიანდება“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, კვლევითი ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერებს, ისე სახელმწიფო უწყებებს, კერძო კომპანიებს, საწარმოებს, სამშენებლო, ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობისა და სხვა ინდუსტრიული სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც სხვადასხვა მასალის ექსპერტიზა და ლაბორატორიული კვლევა სჭირდებათ. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, ცენტრის საქმიანობა ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას, ახალი სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევით ქსელებში აქტიურ ინტეგრაციას.„დღეს მეცნიერებისა და წარმოების დაახლოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ, მსგავსი კვლევითი ცენტრები არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. დარწმუნებული ვართ, რომ ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან კვლევით და ინოვაციურ პროექტს განახორციელებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც მეცნიერების, ისე ინდუსტრიის განვითარების საქმეში.თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ხარისხიანი განათლების, კონკურენტუნარიანი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისათვის. მასალათა კვლევის ცენტრი სტუდენტებს, მკვლევრებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარონ კვლევები და მიიღონ მაღალი სიზუსტის შედეგები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცენტრი ქმნის მყარ საფუძველს უნივერსიტეტსა და რეალურ სექტორს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და სამრეწველო განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – აცხადებს თამარ წერეთელი.სტუ-ის ინფორმაციით, ცენტრში იკვლევენ ლითონებსა და შენადნობებს, კომპოზიტურ და პოლიმერულ მასალებს, სხვადასხვა საინჟინრო დანიშნულების კონსტრუქციულ მასალებსა და ტექნოლოგიური პროცესების შედეგად მიღებულ ნიმუშებს. ჩატარებული კვლევები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეაფასონ მასალების ხარისხი, გამძლეობა, სტრუქტურა, ექსპლუატაციისთვის ვარგისიანობა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობა. მასალათა კვლევის ცენტრი მეცნიერების, განათლებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებას.

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან – 2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი ის ადამიანები არიან, რომლებმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირეს.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამაშველო ოპერაციისას ტრაგიკულად დაღუპული 8 პირი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა.

ირანის ელჩი ალი მოჯანი: „პანკისელი აჰმადის ოჯახი ირანსა და საქართველოს შორის ადამიანური ხიდია“

,,გასულ კვირას მქონდა პატივი, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, მესტუმრა პანკისის ხეობაში — მიწაზე, რომელიც მხოლოდ თავისი ულამაზესი ბუნებითა და მდიდარი კულტურით არ არის ცნობილი, არამედ წარმოადგენს საქართველოში იდენტობის, ტრადიციებისა და საზოგადოებრივი ერთიანობის შენარჩუნების ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ მაგალითს. ქისტი საზოგადოების, ჩეჩნური და ინგუშური ფესვების მქონე ხალხის, შორის ყოფნა ჩემთვის მხოლოდ დიპლომატიური ვიზიტი არ ყოფილა; ეს იყო მოგზაურობა ადამიანური ისტორიის სიღრმეში, რომელიც უკვე შვიდ ათეულ წელზე მეტს ითვლის.ეს ისტორია 1933 წელს იწყება, როდესაც ირანში დაიბადა ბიჭი სახელად აკბარ თაღი. მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე მძიმე განსაცდელებით იყო სავსე. მშობლების განქორწინებისა და დედის გარდაცვალების შემდეგ, რვა წლის ასაკში მამაც დაკარგა. უკეთესი მომავლის ძიებაში ის ნახევარძმებთან ერთად ნახჭევანში გაემგზავრა, თუმცა საბჭოთა კავშირის საზღვრის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე გადაკვეთის გამო დააკავეს და ნახჭევნის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი გორის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი მოზარდობის წლები გავიდა.1951 წელს, თვრამეტი წლის ასაკში, აკბარმა პანკისის ქისტი საზოგადოების წარმომადგენელ ქალზე იქორწინა. ამის შემდეგ იგი ადგილობრივებში „აჰმადის“ სახელით გახდა ცნობილი. თანდათანობით, საკუთარი შრომით, პატიოსნებითა და პანკისელების მხარდაჭერით, მან ამ საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. ქისტების ტრადიციულ კულტურაში შიდა-საზოგადოებრივი ქორწინება ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო, ხოლო უცხო ადამიანის მიღება ნდობას, დროსა და ურთიერთპატივისცემას მოითხოვდა. ირანელმა აჰმადმა ეს ნდობა დაიმსახურა და პანკისის დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.ამ ქორწინების შედეგად მრავალშვილიანი ოჯახი შეიქმნა — ხუთი ვაჟითა და რამდენიმე ქალიშვილით. 1951-1991 წლებში ეს ოჯახი პანკისის ხეობაში ცხოვრობდა და გრძელ გზას გადიოდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებთან ერთად.თუმცა ბედმა სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცა. სწორედ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად მიეცა შანსი კვლავ ენახა ირანის მიწა, მოელოცა წინაპართა საფლავები და შეხვედროდა ნათესავებს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისგან კი, კეთილი სახელის გარდა, დარჩა ოჯახი, რომლის თითოეულ წევრში დღესაც აშკარად ჩანს ირანული და ქისტური სისხლის ბუნებრივი შერწყმა.ამ ვიზიტისას პატივი მქონდა, ვყოფილიყავი მისი ოჯახის სტუმარი. შევხვდი მის მეუღლეს — ქისტ ქალბატონს, რომელიც დღეს უკვე ხანდაზმულია, მშვიდი, ღირსეული და მრავალი მოგონებით სავსე. მოკრძალებულობის გამო კამერის წინ გამოჩენას ერიდებოდა, თუმცა მის მზერაში ათწლეულების გამოცდილება, ერთგულება და სიყვარული იკითხებოდა. ჩემი დანახვისას გულწრფელად მითხრა: „თითქოს ჩემი მაზლი ჩამოვიდა.“ ეს სიტყვები ჩემთვის მხოლოდ მისალმება არ ყოფილა — ისინი იმ კავშირის გამოხატულება იყო, რომლის გაწყვეტაც დროს ვერ მოუხერხებია.თბილ და გულწრფელ სადილზე მის შვილებთან, შვილიშვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დავსხედით. მათი მხრიდან გამოხატულმა გულითადმა სტუმართმოყვარეობამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ხალხებს შორის ურთიერთობები ჯერ ოჯახებში და ადამიანების მეხსიერებაში იბადება და მხოლოდ შემდეგ აისახება პოლიტიკურ დოკუმენტებში.დღეს აკბარ თაღის, ანუ პანკისელი აჰმადის ოჯახი, მხოლოდ ერთი ირანელის ხსოვნა აღარ არის. ისინი ირანისა და საქართველოს საერთო ადამიანური მემკვიდრეობის ნაწილია. ეს ოჯახი წარმოადგენს ადამიანურ ხიდს ირანსა და საქართველოს ქისტ საზოგადოებას შორის — ხიდს, რომელიც ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, კეთილ სახელზე, პატიოსნებასა და ნათესაურ კავშირებზეა აგებული. ამ ოჯახის წევრების ირანში რეგულარულ ვიზიტებს და ირანელების სტუმრობას პანკისში - შეუძლია ეს ფასდაუდებელი კაპიტალი გადააქციოს ურთიერთგაცნობის, კულტურული გაცვლის, სამეცნიერო და საზოგადოებრივი თანამშრომლობისა და ორი ერის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან საფუძვლად.მსოფლიოში, რომელსაც დღეს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება დიალოგი და თანაარსებობა, ასეთი ოჯახები გვახსენებენ, რომ ხალხებს შორის ურთიერთობების ისტორია მხოლოდ ხელშეკრულებებსა და ოფიციალურ დოკუმენტებში არ იწერება. ზოგჯერ ირანელი ბავშვის ბედი და მისი ქორწინება პანკისელიგოგონასთან ქმნის ისეთ ისტორიას, რომელიც ათწლეულების შემდეგაც მეგობრობაზე, ნდობასა და ადამიანურ კავშირებზე გვიამბობს.დასასრულს, მსურს ვურჩიო ირანელ და ქართველ მკვლევრებს, სტუდენტებს, ისტორიკოსებს, ასევე პანკისის ხეობის ინტელიგენციასა და ახალგაზრდობას, პანკისის სოციალური ისტორიის, ქისტთა მიგრაციისა და 1950-1991 წლებში პანკისის საზოგადოების განვითარების უკეთ შესასწავლად მიმართონ არსებულ სამეცნიერო წყაროებს. მათ შორისაა იოჰანა ნიკოლსის ნაშრომები ქისტთა საზოგადოებისა და კავკასიური ენების შესახებ, გიორგი სანიკიძის კვლევები კავკასიის მუსლიმურ საზოგადოებებსა და ისლამზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევები, აგრეთვე პანკისის ხეობის ანთროპოლოგიური კვლევები და ადგილობრივი საარქივო მასალები.უდავოა, რომ ისეთი ოჯახების, როგორიცაა აჰმად პანკისელის ოჯახი, მოგონებების შეგროვება და გამოქვეყნება ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ირან-საქართველოს ურთიერთობების ზეპირი ისტორიის შენარჩუნებაში მომავალი თაობებისთვის.იმედი მაქვს, ეს ვიზიტი გახდება ამ საერთო ადამიანური მემკვიდრეობისადმი უფრო დიდი ყურადღების დასაწყისი — მემკვიდრეობისა, რომელიც პოლიტიკაზე კი არა, ოჯახზე, ნდობაზე, სიყვარულსა და საერთო ბედზეა დაფუძნებული და რომელსაც შეუძლია იქცეს ირანს, საქართველოსა და პანკისის ქისტ საზოგადოებას შორის კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების მაგალითად''- ამის შესახებ წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა

თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა ღია კენჭისყრაზე დაუჭირა მხარი.თინათინ ბერძენიშვილი მაუწყებლის პირველი გენერალური დირექტორია, რომელმაც მმართველობის მანდატი სრულად შეასრულა. ამ დროის განმავლობაში მან ორგანიზაციაში დანერგა მართვის სრულიად განსხვავებული და ინოვაციური მიდგომები. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საუკუნის პროექტი – აშენდა პირველი არხის ახალი შენობა, რომელიც მასშტაბით და კომპლექსურობით უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, შეიცვალა ორგანიზაციული სტრუქტურა და ვერტიკალური მმართველობის სტილი მოქნილი, ჰორიზონტალური მოდელით ჩანაცვლდა.თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობითა და უშუალო ჩართულობით შეიქმნა ახალი პლატფორმები: საქართველოში პირველი უფასო სტრიმინგ პლატფორმა 1tvplay.ge და სპორტული არხი (პირველი არხი სპორტი).„ბოლო ექვსი წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განვითარების, განახლებისა და მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. განვახორციელეთ საუკუნის პროექტი – ახალი შენობა, განახლდა ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი დაიფარა 45 მილიონი ლარის ოდენობის სესხი. ამ დროის განმავლობაში ჩვენ, როგორც გუნდმა, შევძელით არა მხოლოდ ინსტიტუციური სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ ორგანიზაციის თანამედროვე, მრავალპლატფორმიან და ციფრულ ეპოქასთან ადაპტირებულ მედიაორგანიზაციად განვითარება. შეიქმნა ახალი ციფრული პლატფორმები, დაიწყო სპორტული მაუწყებლობა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქართული შინაარსის წარმოება და გაძლიერდა მაუწყებლის როლი ქვეყნის კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების პროცესში. შესაბამისად, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი და აუდიტორიაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. თუმცა ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ორგანიზაცია არ არის. ჩემი პროფესიული გზა სწორედ აქ დაიწყო და მრავალი წლის განმავლობაში პირველ არხთან ერთად ვიზრდებოდი. ამიტომ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მოტივაციით ვაცხადებ მზადყოფნას, გავაგრძელო მისი განვითარება მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად კონკურსი 25 ივნისს გამოცხადდა, ღია კენჭისყრა კი 29 ივლისს შედგა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად რომ ინფლაცია ივნისში კვლავ სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა 5.8%-ზე იყო, ამჟამად განაკვეთის დამატებით გამკაცრების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ამასთან, სებ-ი გადაწყვეტილებაში აღნიშნავს რომ ნარჩუნდება საგარეო ფაქტორებიდან მომავალი მაღალი გაურკვევლობის მაჩვენებლები."2026 წლის ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია კვლავ ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება. ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის რეესკალაციის ფონზე ნავთობის საერთაშორისო ფასების მერყეობა კვლავ გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე საბაზრო ტენდენციები მიუთითებს, რომ ფასები წინა ესკალაციის პერიოდში დაფიქსირებულ დონესთან შედარებით დაბალია. ამასთან, კონფლიქტის გახანგრძლივებამ ენერგორესურსების ფასებიდან მომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკები გააძლიერა. ინფლაციის შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორი, რომელიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ივნისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.2 პროცენტი შეადგინა. თუმცა, მომსახურების ინფლაცია 4.1 პროცენტამდე დაჩქარდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ საბაზო ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მიუხედავად, მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერების რისკები კვლავ საყურადღებო ფაქტორად რჩება.სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.2 პროცენტი იქნება. 2026 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.ეკონომიკური აქტივობა, საგარეო შოკების პირობებში, მდგრადობას ინარჩუნებს. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4 პროცენტი, ხოლო პირველ ხუთ თვეში საშუალოდ 7.8 პროცენტი შეადგინა. ზრდის ძირითად წყაროდ კვლავ მაღალპროდუქტიული, მომსახურებაზე ორიენტირებული სექტორები რჩება, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ამასთან, მოლოდინების შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის უარყოფითი გავლენა საგარეო მოთხოვნაზე შეზღუდულია. შესაბამისად, განახლებული ცენტრალური სცენარით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 6.5 პროცენტზე, ნარჩუნდება.გეოპოლიტიკური ვითარება და მისგან მომდინარე ეკონომიკური შედეგები კვლავ გლობალური ეკონომიკის პერსპექტივის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად რისკად რჩება. აღნიშნული გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა, როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები.მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. აღნიშნული სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდით გამწვავებას ითვალისწინებს, რაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების დამატებით ზრდას გამოიწვევს. ენერგორესურსების ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზე აისახება, ხოლო გაზრდილი ტრანსპორტირების და წარმოების ხარჯების გავლით სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც გავრცელდება. ამასთან, ბოლო პერიოდში არასახარბიელო კლიმატური პირობები საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული სურსათის ფასების ზრდის დამატებით რისკს ქმნის. აღნიშნული რისკების რეალიზების შემთხვევაში, ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით მაღალი იქნება.მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განხილული დაბალინფლაციური სცენარით გათვალისწინებული რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობას მოიაზრებს. ბოლო წლებში ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, იზრდება შედარებით მაღალპროდუქტიული და ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორების წვლილი, რაც, ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოზიციას აძლიერებს. ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარის მიხედვით, აღნიშნული ტენდენცია ეტაპობრივად ნორმალიზდება, თუმცა შესაძლებელია, რომ იგი გრძელვადიან პერიოდშიც გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ეკონომიკის გრძელვადიანი პოტენციალის უფრო მაღალი ზრდა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ გავლენას შეამცირებს. მეორე მხრივ, ძლიერი საგარეო პოზიცია და დაბალი სუვერენული რისკის პრემია ეფექტური გაცვლითი კურსის ფუნდამენტური გამყარების ტენდენციას განაპირობებს, რაც დამატებით დისინფლაციურ გავლენას მოახდენს. ამასთან, გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფი დეესკალაციის შემთხვევაში, ენერგორესურსების ფასების დაჩქარებული ტემპით შემცირებაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. შედეგად, მთლიანი ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო სწრაფად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს.მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემოს, განახლებული სცენარებისა და რისკების შეფასების საფუძველზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება. თუმცა, მომატებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის მკაცრი პოზიცია შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. ეროვნული ბანკი აქტიურად აკვირდება საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის ინტენსივობასა და მათ გავლენას. თუ ინფლაციური რისკები, მათ შორის მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები, მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. მონეტარული პოლიტიკის რეაგირება მიმართულია იმისკენ, რომ მიწოდების მხრიდან მოქმედი ინფლაციური შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია სამპროცენტიან მაჩვენებელს სწრაფად დაუბრუნდეს,"- წერს ეროვნული ბანკი.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 9 სექტემბერს გაიმართება.

ბოლო სიახლეები