აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ ფორმატში გრძელდება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განათლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. პირველ რიგში, აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა გრძელდება დისტანციურ ფორმატში. რაც შეეხება სკოლებს, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით ყველაზე პატარებისთვის, რომ სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გორსა და ფოთში, სადაც აქამდე დისტანციური ფორმატი გამოიყენებოდა, 1-ლი ოქტომბრიდან ყველა კლასის მოსწავლეს ექნება საკლასო ოთახებში დაბრუნების შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.