კვირა, ნოემბერი 15, 2026

ასაკის მატებასთან ერთად იოლად ვსუქდები. მეშველება რამე?

იმისათვის, რომ გაიგოთ, შეესაბამება თუ არა თქვენი წონა დადგენილ ნორმას, სხეულის მასის ინდექსი უნდა იცოდეთ. საამისოდ კი საჭიროა სხეულის წონა (გამოსახული კილოგრამებში) გაყოთ თქვენს სიმაღლეზე (გამოსახული მეტრებში) და აიყვანოთ კვადრატში. ეს მეთოდი არ ეხება სპორტსმენებსა და ფეხმძიმეებს, მაგრამ ადამიანების უმრავლესობისთვის სხეულის მასის ინდექსი ზედმეტ ან ნაკლულ კილოგრამებს საკმაოდ ზუსტად ასახავს.

სხეულის მასის ინდექსი როგორ იზომება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით, ზრდასრული ადამიანის ნორმაა 18,5–24,9 კგ/მ². თუ თქვენი შედეგი ამ მაჩვენებლებს შორის არის მოქცეული, სანერვიულო არაფერი გაქვთ. თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი ზემოთ მოცემულ ციფრებს აჭარბებს, ეს შეიძლება იყოს სხეულის ჭარბი წონა ან გაცხიმოვნების სამი დონიდან ერთ-ერთი.

ბავშვების დიაგნოსტირებისთვისაც იყენებენ სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმები განსხვავებულია. თუ ბავშვი 2 წლამდე ასაკისაა, მისი სიმაღლე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა გაზომოთ. თუ თქვენს შვილს უკვე დამოუკიდებლად დგომა შეუძლია, ვერტიკალურ მდგომარეობაში გაზომეთ და ამ მაჩვენებელს 0,7 სმ დაამატეთ, მიღებული ციფრი კი შესაბამის კალკულატორში შეიყვანეთ.

სხეულის მასის ინდექსის გარდა მნიშვნელოვანია წელის გარშემოწერილობა. ზრდასრულებში ეს ვისცერალური გაცხიმოვნების (ცხიმის დაგროვება შინაგან ორგანოებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე) მაჩვენებელი შეიძლება იყოს. კაცებში წელის გარშემოწერილობის ნორმაა 94–102 სმ-ზე ნაკლები, ქალების შემთხვევაში კი – 80–88 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ სხვაობას პროფესიული ასოციაციები განსხვავებული მეტაბოლური სინდრომით ხსნიან.

თუ სხეულის მასის ინდექსი და წელის გარშემოწერილობა ნორმაშია, მაგრამ კანის ნაკეცები მაინც გაქვთ, ეს ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ დროს არც გახდომა არის აუცილებელი, თუმცა რაციონალური კვება და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია.

ასაკთან ერთად მარტივად ვიმატებ. ეს ნორმალურია?

დიახ, ნორმალურია და ამაში განსაკუთრებულიც არაფერია. ასაკთან ერთად ადამიანი ცხიმოვანის ქსოვილის ხარჯზე წონის მატებისკენ არის მიდრეკილი. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი არ აქვს. მაგალითად, ცნობილია, რომ ენერგიის ხარჯვის ტემპი დროთა განმავლობაში ეტაპობრივად მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ნაკლებს მოძრაობს.

20 წელს გადაცილების შემდეგ, ადამიანის მეტაბოლიზმის სიჩქარეც ყოველ ათწლეულში დაახლოებით 2%-ით მცირდება. მეტაბოლური პარამეტრების ჯანმრთელ დიაპაზონში შესანარჩუნება კი წონის ცვლილებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია.

ასაკის მატებასთან ერთად არაგადამდები ქრონიკული დაავადებების რისკის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია, კვების რაციონში მცენარეული წარმოშობის საკვების სიჭარბე, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება.

რამდენდ აზიანებს ჭარბი წონა ჩემს ჯანმრთელობას?

ჭარბი წონა და გაცხიმოვნება არაერთი სერიოზული დაავადების განვითარების რისკს შეიცავს. ყველაზე დიდ საფრთხეს ამ მიმართულებით „მეტაბოლური სინდრომის“ წარმოშობა წარმოადგენს. ის იწვევს სისხლში შაქრის შემცველობის მატებას (პრედიაბეტი და მეორე ტიპის დიაბეტი), არტერიული წნევის მატებას, „კარგი“ ქოლესტერინის დონის შემცირებასა და „ცუდი“ ქოლესტერინის დონის ზრდას.

გაცხიმოვნებას ძილის აპნოეს სინდრომის გამოწვევაც შეუძლია. ხვრინვისა და სუნთქვის შეფერხების შედეგად ადამიანი ჟანგბადის უკმარისობას განიცდის. ეს ყველაფერი კი გულ-სისხძარღვთა დაავადებისა და სიკვდილიანობის რისკს ზრდის. ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების შემთხვევაში სახსრებისა და ონკოლოგიური დაავადებები  ვითარდება. ამ დროს ეგრეთ წოდებული ღვიძლის გაცხიმოვნება ან ცხიმოვანი ჰეპათოზის დროს ღვიძლის ქსოვოლის ანთება წარმოიქმნება.

კაცების შემთხვევაში ზედმეტი წონა ტესტოსტერონის დონის შემცირებას იწვევს. გაცხიმოვნების მქონე ქალებს კი ხშირად აქვთ გინეკოლოგიური პრობლემები, რთულდება დაფეხმძიმების პროცესი და ორსულობას შესაძლოა გარკვეული გართულებები მოჰყვეს.

რატომ არის ზედმეტი წონა ბევრი ადამიანის პრობლემა?

დღეისათვის არსებული სამედიცინო ცოდნა არ არის საკმარისი, რათა ზედმეტ წონას ეფექტიანად ვებრძოლოთ. მიუხედავად ამისა, ყოველ თვე ახალი რევოლუციური დიეტა ჩნდება და წიგნის მაღაზიების თაროები შესაბამისი ლიტერატურით არის სავსე. თუმცა ეს მაკულატურა პრობლემას ნამდვილად ვერ ჭრის: თუკი ჩვენ რამე ვიცით, არის ის, რომ ჭარბ წონასა და გაცხიმოვნებასთან ბრძოლის უნივერსალური წესი არ არსებობს. ყველა ადამიანმა საკუთარი კვებითი რაციონი ინდივიდუალურად უნდა დაარეგულიროს.

ადამიანის ყველა თვისება, მათ შორის კვებითი, ტვინის ნეირონული კავშირის შედეგად არის ჩამოყალიბებული. სწორედ ამიტომ, მისი სწრაფად შეცვლა არც ისე მარტივია. მაგალითად, თუ ბავშვობაში საკვები თქვენი კარგი საქციელის ჯილდოდ გამოიყენებოდა, ეს თვისება თქვენთან მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება. როდესაც ადამიანი მიჩვეულია, რომ უარყოფით ემოციას საკვების საშუალებით გაუმკლავდეს, მას არ შეუძლია ადგეს და ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი შეწყვიტოს. ამ შემთხვევაში ადამიანმა ემოციური რეგულაციისთვის სხვა მეთოდების გამოყენება უნდა ისწავლოს.

არის თუ არა დიაბეტი გაცხიმოვნებასთან დაკავშირებული?

გაცხიმოვნება არის შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის გამომწვევი მიზეზი. ენდოკრინოლოგები ხუმრობენ კიდეც, რომ ამ დაავადების მქონე პაციენტების 90%-ს გაცხიმოვნება აქვს, დანარჩენი 10%-ი კი არის შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპის მქონე და მათ დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს. და ამ ყველაფერში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.

უნდა გვახსოვდეს, რომ დიაბეტი გაცხიმოვნებას არ იწვევს. პირიქით, სისხლში შაქრის შემცველობის მატებას წონაში კლება ახასიათებს. თუმცა თუ ადამიანს ცხიმოვანი ქსოვილების სიჭარბე აქვს, შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის განვითარების რისკი ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, ჭარბი წონის მქონე ყველა ადამიანი დიაბეტით არ ავადდება, ამიტომ გაცხიმოვნებასა და ამ დაავადებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არასწორია. ასაკთან ერთად დიაბეტის რისკი იმატებს და ამის ხელშემწყობი ფაქტორია დაბალი ფიზიკური აქტივობა და მოწევა.

ჭარბი წონა მაქვს. შემიძლია თუ არა დაფეხმძიმება და ჯანმრთელი შვილის ყოლა?

რა თქმა უნდა, უსაფრთხო ორსულობა სავსებით შესაძლებელია, მაგრამ გაცხიმოვნების დროს დაფეხმძიმება ბევრად რთულია. ამ დროს ექსტრაკორპორული განაყოფიერების ალბათობაც დაბალია. ჭარბი წონის მქონე ქალების შემთხვევაში ფეხმძიმობის გართულების რისკიც მაღალია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.

გაცხიმოვნების შემთხვევაში ფეხმძიმე ქალს შეიძლება განუვითარდეს გესტაციური დიაბეტი, აღენიშნოს არტერიული წნევის მატება. დედას შესაძლებელია თირკმელი დაუზიანდეს, რასაც ნაადრევი მშობიარობის გამოწვევა შეუძლია. ჭარბი წონის შემთხვევაში მაღალია დედის მუცელში ნაყოფის გარდაცვალების რისკიც.

ჭარბი წონა გენეტიკურია?

თუ მშობლებს გაცხიმოვნებისადმი მიდრეკილება აქვთ, სავსებით შესაძლებელია ამ გენეტიკურმა ფაქტორმა შვილიც იმავე პრობლემის წინაშე დააყენოს. თუმცა ადამიანის ჭარბ წონაზე მხოლოდ ეს არ მოქმედებს. აქ მნიშვნელოვანია ოჯახის კვებითი თვისებები და თავად ადამიანის მიდგომა საკუთარი ჯანმრთელობისადმი.

ჭარბი წონის მიზეზის დადგენა შესაძლებელია?

სამწუხაროდ, გაცხიმოვნებას არ აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი. ამ მდგომარეობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის არის:

– გენეტიკური ფაქტორი;

– მეტაბოლიზმის თავისებურებები;

– სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი – რამდენად ხელმისაწვდომია ადამიანისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტი, მუშაობისა და დასვენების რეჟიმი, ძილის ხარისხი და სხვ.

– ენდოკრინოლოგიური დაავადებები;

– გარკვეული მედიკამენტების მიღება;

– სხვა დაავადებები. მაგალითად, დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა.

იმ ანალიზების ჩამონათვალი, რომელთა მეშვეობითაც გაცხიმოვნების მიზეზის დადგენა შეგიძლიათ, არც ისე დიდია. საამისოდ რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის შემცველობის დადგენა, შესაბამისი გამოკვლევების შედეგად დისლიპიდემიის გამორიცხვა, ღვიძლის ფერმენტების მდგომარეობის დადგენა, თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა, რათა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება შეაფასოთ. მნიშვნელოვანია შარდის ანალიზიც, რადგან გაცხიმოვნების დროს მჟავიანობა იმატებს, რაც თირკმელში კენჭოვანი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.

როგორ გავხდე?

მთავარია მიზანი სწორად დაისახოთ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გახდომა, არამედ მიღწეული წონის შენარჩუნება.

ჩვენს საზოგადოებაში არსებობს დამახინჯებული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი. არც თუ ისე იშვიათად ხდებიან ქალები, რომლებიც ჩვილს ჯერ კიდევ ძუძუს აწოვებენ. ამის მიზეზია ის, რომ პარტნიორს არ მოსწონს, თუ როგორ გამოიყურება ახალნამშობიარები ქალი. კვებითი ქცევის დარღვევის ერთ-ერთი წინაპირობა არის სწორედ ის, რომ ადამიანს საკუთარი თავი ზედმეტი კილოგრამებით არ მოსწონს. ამიტომაც ჭარბი წონის მკურნალობის დროს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისი დესტიგმატიზაცია, თვითშეფასების ამაღლება და პაციენტის ცხოვრების წესის გაუმჯობესება.

სამედიცინო თვალსაზრისით, წონაში კლების გონივრული ვადაა კვირაში დაახლოებით 0,5–1 კგ-ის დაკლება. თუმცა სულ უფრო აშკარა ხდება, რომ  წონაში კლების მიზანი ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა იქნეს მიღწეული.

სპეციალისტების განმარტებით, პრინციპი – „ნაკლები ჭამა და მეტი მოძრაობა“ საკმარისი არ არის. თანამედროვე მიდგომა ამ პრობლემისადმი უფრო კომპლექსური უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა კვების რაციონისა და ფიზიკური დატვირთვის შეცვლა, შიმშილისა და დანაყრების შეგრძნების სწავლა, სტრესის მინიმუმამდე დაყვანა, ორგანიზმის სოციალური მხარდაჭერა და ექიმის მეთვალყურეობით საჭირო პრეპარატების მიღება. თუ ადამიანს გაცხიმოვნების მძიმე ფორმა აქვს, ყველაზე ეფექტიან მეთოდად ბარიატრიული ქირურგია მიიჩნევა.

რამდენად მიზანშეწონილია ბავშვისთვის დიეტის დაცვა?

ექიმები დიეტის დაცვის ნაცვლად ბავშვის კვებითი ქცევის შეცვლაზე საუბრობენ. ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია დაბალანსებული და კალორიების საჭირო რაოდენობის შემცველი კვების რაციონის შედგენა. ეს კი საკმარისი რაოდენობის ხილის, ბოსტნეულის, თევზეულისა და მარცვლოვანი პროდუქტების მიღებას გულისხმობს. მეორე მხრივ, საჭიროა ტკბილეულის, სწრაფი კვების ობიექტების საკვებისა და ცომეულის მიღების შეზღუდვა. მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი ფიზიკური დატვირთვაც. საჭიროა ტელევიზორთან, კომპიუტერსა და სმარტფონთან გატარებული დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა, ულუფის შემცირება და სუფთა ჰაერზე რეგულარული სეირნობა.

ფიზიკური დატვირთვის გარეშე გახდომა შესაძლებელია?

სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით დასტურდება, რომ ფიზიკური დატვირთვა წონაში კლების მიმართულებით უმნიშვნელო როლს ასრულებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საკმარისად ინტენსიური ვარჯიში არც ისე მარტივია. გარდა ამისა, ფიზიკური დატვირთვის მქონე პაციენტებს კუნთოვანი მასა ეზრდებათ, პლაზმის მოცულობა და გლიკოგენის რეზერვი იგივე რჩება, ამიტომაც საერთო წონა დიდად არ იცვლება.

მიუხედავად ამისა, გაცხიმოვნების მკურნალობისკენ მიმართულ რეკომენდაციებში ფიზიკური დატვირთვა წამყვან პოზიციებზეა. ითვლება, რომ ეს კომპონენტი ჭარბი წონის პრიფილაქტიკის მიმართულებით აქტიურ როლს ასრულებს. თუმცა ჭარბ წონაზეც რომ არ ვილაპარაკოთ, ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

როგორც ჩანს მე არასაკმარისი წონა მაქვს. უნდა მოვიმატო?

ზრდასრულ ადამიანს წონის დეფიციტის დიაგნოზს მაშინ უსვამენ, როდესაც მისი სხეულის მასის ინდექსი 18,5-ზე ნაკლებია. ამასთანავე, არასაკმარისი წონის მქონე ადამიანი, შესაძლებელია, ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს.

დაბალი წონის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი ან უმადობა. თუ წონის დეფიციტს ახლავს ანემია, თმის ცვენა, არარეგულარული მენსტრუაცია, საერთო სისუსტე და უმადობა, კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოთ. ანალოგიურად უნდა მოიქცეთ, თუ სხეულის წონის 5%-ზე მეტი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დაკარგეთ, რადგან ამის მიზეზი შესაძლებელია სხვადასხვა დაავადება იყოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად – ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად...

უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა. ამის შესახებ განცხადას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ძვირფასო თანამოქალქეებო,ის, რაც უკრაინაშია სასწორზე, ყველას გვეხება. ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოებაა სასწორზე. უკრაინისთვის საკუთარი თავის დაცვაში დახმარება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვას ნიშნავს.თუ რუსეთი ევროპულ ქვეყანას თავის ნებას სისატიკით თავს ახვევს, მაშინ მთელი ევროპა სუსტდება.სწორედ ამიტომ უკრაინა დუბლინში ხუთშაბათშა და პარასკევს ჩვენი საუბრების კვლავ შუაგულში იყო, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტზე და ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე. იქ, ჩვენი ერთიანობა ვაჩვენეთ ორი პრიორიტეტის გარშემო, რომლიც გაზიარებაც მინდა აქ.პირველია, უკრაინის დახმარება ზამთრის განმავლობაში. უკრაინელები აგრძელებენ სიმამაცით წინააღმდეგობას, რაც აღტაცებას იწვევს.ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო საუბრებმა ნათელი გახადა: ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს. მისი არმია წინ არ მიიწევს. ის უკანაც იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. მაგრამ ცხადია, რომ მას ფსონი აქვს გაკეთებული უკრაინის დაჩოქებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმების გაზრდითა და ამ ზამთარში ქვეყნის სიბნელეში ჩაძირვის მცდელობებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღვკვეთოთ ეს ფსონი…ჩვენი მეორე პრიორიტეტია უკრაინასთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. ევროპამ თავისი სრული როლი უნდა შეასრულოს ამაში, ვინაიდან ჩვენი კონტიტენტის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია ამ მშვიდობაზე…ახლა უფრო შორს უნდა წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსებისთვის, თუ რა გვინდა ომის შემდგომ პერიოდში. ასევე უნდა დავაკონკრეტოთ რას მოველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა ჩემი რწმენა გამოვხატო, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა,” - წერს მაკრონი.

საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერთან გამარჯვების შემდეგ – მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ს ჩემპიონი გავხდები

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.შეხვედრის შემდეგ 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბრძოლის მიმდინარეობაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილის სიტყვებიც გაიხსენა.„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მხარი დამიჭირა. ბოლო დღეებში თქვენგან უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები. როგორ მოვახერხე ბრძოლის შემოტრიალება? არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია არ მქონია. ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაინც მოვედი და კაცურად ვიბრძოლე. მზად ვარ, ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე“, – განაცხადა ლაზიშვილმა.შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე თავდაპირველად არ უნდა გამოსულიყო. ქართველი სპორტსმენი იურაია ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად დაუპირისპირდა. შეხვედრაში ლაზიშვილი თავდაპირველად მარცხდებოდა, თუმცა მესამე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს სძლია.

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ-სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა

„სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

საქართველოსა და უნგრეთის მატჩის დაწყებამდე გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე.შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.

საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო.

ბოლო სიახლეები