? „გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი იურიდიული კომიტეტისთვის. რადგან სწორედ ამ პერიოდში კომიტეტმა იმუშავა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ არაერთ საკანონმდებლო რეფორმაზე“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
? სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საკანონმდებლო საზედამხედველო სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.
? იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.
? კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებაზე – კანონშემოქმედებით საქმიანობაზე საუბრისას, ანრი ოხანაშვილმა ყურადღება 11 ყველაზე მნიშვნელოვან კანონზე გაამახვილა.
? „2019 წელს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი განვიხილეთ, რომლებიც ჩვენი გუნდის – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით კანონებად იქცა. ჩვენ მივიღეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც განამტკიცებს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას. აღნიშნული კანონის მიღებას მიესალმნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მათ ეს კანონი შეაფასეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.