არჩილ თალაკვაძე: 2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი, დღეს მკურნალობა უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია

არჩილ თალაკვაძე ჰეპატიტის მსოფლიო დღეს გამოეხმაურა, რომელსაც 28 ივლისს აღნიშნავენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მის ფარგლებში დაავადებისგან უკვე განიკურნა 65 000-ზე მეტი ადამიანი, ამჟამად კი მკურნალობაში ჩართულია 70 000 მოქალაქე, მათ შორის პაციენტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

„როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, C ჰეპატიტის პროგრამის დასაწყებად ჩვენი არგუმენტები იყო უბრალო – ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, მათ შორის პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის, ეს იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი მკურნალობა; ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი! თუ სახელმწიფო აფინანსებს გზებს და ახალ შენობებს, აფინანსებს სოფლის მეურნეობას და თავდაცვას, ყიდულობს მანქანებს საჯარო მოხელეებისთვის – რატომ არ შეუძლია მოიძიოს მან ფული ადამიანების მკურნალობისთვის?! მაშინ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი ფული, მაგრამ გვქონდა რწმენა, რომ ამ პროგრამის დაწყებას შევძლებდით“, – წერს თალაკვაძე.

მისი თქმით, ამ მიზანს ქვეყანამ სახელმწიფოს და სამოქალაქო სექტორის, სამედიცინო საზოგადოების და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიაღწია.

„2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი. დღეს უკვე მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Comments

კომენტარები