ანდრია გვიდიანი: აზიის განვითარების ბანკის კვლევა ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ყველა კრიტიკას აბათილებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) განახლებული ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის 4.5%-ით ზრდას პროგნოზირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში პოზიტიურია.

„გლობალურმა კოვიდ-პანდემიამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დააყენა ყველა ქვეყანა, მათ შორის განვითარებული და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. ამ ფონზე, აზიის განვითარების ბანკის კვლევაში საქართველო ეკონომიკის სწრაფი აღდგენის კონტექსტში რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მაღალი პროგნოზი აქვს. აქვე აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის გარდა, სხვა ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების შეფასებით, მომდევნო წელს სწრაფი აღდგენის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იქნება.
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც ცალსახად პოზიტიური პასაჟებით არის გაჯერებული. ანგარიშში ხაზგასმულია გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელიც ასევე პოზიტიურად არის შეფასებული“, – განაცხადა გვიდიანმა.

ეკონომისტის აზრით, აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ კრიტიკას აბათილებს.

„პანდემიის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, ოპოზიციის მიერ ხშირად გვესმოდა კრიტიკა. ჯერ კიდევ როდესაც პანდემია აქტიურ ფაზაში იყო, მაშინ გვესმოდა, რომ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები არაადეკვატური და გაუაზრებელი იყო. შემდგომ ანტიკრიზისული ღონისძიებების შესახებ მოვისმინეთ კრიტიკა, რომ თითქოს ხელისუფლება გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამდა. თუმცა, ოპოზიციისგან განსხვავებით, მსოფლიოს ყველა წამყვანმა კვლევითმა თუ საფინანსო ორგანიზაციამ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს უმაღლესი შეფასება მისცა. მათ შორის აზიის განვითარების ბანკის კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პანდემიის ყველა ეტაპზე გონივრული და რაციონალური პოლიტიკა გაატარა როგორც ეკონომიკური, ისე უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ კრიტიკას აბათილებს. ვფიქრობ, ოპოზიციის მიერ უნიჭოდ გაჟღერებული პროტესტები და უსაფუძვლო კრიტიკა კომიკურ სახეს იძენს. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მიდის, ძირითად შემთხვევებში მათ მიერ გაჟღერებული კრიტიკა მოკლებულია სიტუაციის რეალურ ანალიზს და მხოლოდ ინსტიქტების დონეზე აჟღერებენ კრიტიკას კრიტიკისთვის“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება, მოსალოდნელია აღმასვლა ტურიზმში, კერძო მოხმარებაში, ინვესტიციებსა და ექსპორტში.

Comments

კომენტარები