საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტისა და ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო კლუბის ორგანიზებით, მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღიონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ღონისძიება, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევრები, ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო კლუბის წევრები, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერ-თანამშრომლები, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.
ვიცე-რექტორმა უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს და მათ შორის მრავლად მყოფ ახალგაზრდა მკვლევრებს მეცნიერების მსოფლიო დღე მიულოცა და მიმდინარე წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან, ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან ნაყოფიერი სამეცნიერო კოლაბორაციისთვის მადლობა გადაუხადა.
თამარ ლომინაძემ 2025 წელს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოს – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ – Breakthrough Prize in Fundamental Physics – მოპოვება მიულოცა სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის რვა მეცნიერ-ინჟინერს, უნივერსიტეტის CERN-LHC ჯგუფის წევრებს – ინსტიტუტის დირექტორს, CERN-LHC ჯგუფის ლიდერს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს CERN-ში ზვიად წამალაიძეს, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს – არსენ ხვედელიძეს, მეცნიერ-თანამშრომლებს – იური ბაღათურიას, ირაკლი და დავით ლომიძეებს, გიორგი ადამოვს, ალექსი მესტვირიშვილს და თენგიზ თორიაშვილს. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები იმ 24 ქართველ მეცნიერს შორის არიან, რომლებმაც წელს მორიგი დიდი საერთაშორსო აღიარება მოიპოვეს. მისი თქმით, პროფესორი ზვიად წამალაიძე კი ერთ-ერთია, რომელიც CERN-მა საქართველოდან წლის საუკეთესო მეცნიერად აღიარა.
როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, ქართველ მკვლევრებს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და გლობალურ ექსპერიმენტებში წარმატებული ჩართულობა უქმნის ფართო შესაძლებლობებს, თავიანთი ნიჭი და ცოდნა ქართული მეცნიერების განვითარებას და ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ.
„მეცნიერების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება იმ მიზნით, რომ შეგვახსენოს, თუ რამდენად დიდია მეცნიერების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რამდენად აქტიურად უნდა ხდებოდეს მეცნიერთა უახლესი მიღწევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, ამ ღირსშესანიშნავ დღეს ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, ქართველ მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ჩვენი უნივერსიტეტის მეგობრებსა და ძვირფას პარტნიორებს მსოფლიო მასშტაბით – ვუსურვებთ მათ წარმატებას მეცნიერების უაღრესად საინტერესო, ახლის შემეცნებითა და აღმოჩენებით აღსავსე გზაზე. სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებიც თანამშრომლობენ ამერიკის, ევროპის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებსა და უდიდეს კვლევით ცენტრებთან, ჯილდოვდებიან პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდოებით – ეს არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ საქართველოს გამარჯვებაა. წარმატებას ვუსურვებთ კოლეგებს, ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტმა, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის წევრმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასა (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK), ასევე, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კომპლექს J-PARC-ში, მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი ლომიძემ ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია 2025 წლის მანძილზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფების მიერ CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში, იაპონიის KEK-სა და J-PARC-ში მიმდინარე COMET ექსპერიმენტზე, ასევე ამერიკის უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრ FERMILAB-ში წარმოებულ DUNE ექსპერიმენტში შესრულებული სამუშაოებისა და მათ მიერ ინიცირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.
სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ბესიკ კეკელიამ ისაუბრა ცენტრის ახალგაზრდა მკვლევრების მიერ შემუშავებული 3D მოდელირების ისეთ მეთოდებზე, რომლებიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს რთული საინჟინრო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ობიექტების ვიზუალიზაცია სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, მათ შორის კომპიუტერებზე, მობილურ მოწყობილობებსა და ვირტუალური რეალობის სათვალეში. ბესიკ კეკელიას თქმით, CERN-თან კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე ცენტრი ATLAS დეტექტორის 3D ვიზუალიზაციას მრავალპლატფორმიან ფორმატში ახორციელებს.
აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ღონისძიების მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, იმის გათვალისწინებით, რომ მათ შესაძლებლობა მიეცათ, მოერგოთ სტუ-ის მკვლევრების მიერ შექმნილი 3D ვიზუალიზაციის სათვალე და CERN-ის ლაბირინთებში ემოგზაურათ.
აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა – ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ქრისტინე მუსელიანმა და ვეტერინარიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თამარ ხობელიამ წარმოადგინეს მოხსენება თემაზე: „არაალკოჰოლური ფერმენტირებული წვენები: ტრადიციიდან თანამედროვე მეცნიერებამდე“. მათი კვლევის თანახმად, არაალკოჰოლური ფერმენტირებული წვენები აერთიანებს ჯანსაღი კვების, ბუნებრივი კონსერვაციისა და ეკოლოგიური მდგრადობის პრინციპებს. შერჩეული მიკროორგანიზმების -ძირითადად რძემჟავა ბაქტერიებისა და საფუვრების – კონტროლირებადი ფერმენტაციის შედეგად, პროდუქტი იძენს გაუმჯობესებულ კვებით და სენსორულ თვისებებს, იზრდება ვიტამინების, ანტიოქსიდანტებისა და ორგანული მჟავების ბიოშეღწევადობა, რაც აუმჯობესებს სასმელის კვებით ღირებულებასა და სტაბილურობას. მკვლევრების თქმით, ასეთი პროდუქტები ხელს უწყობს ეკოლოგიურ მდგრადობასა და ნარჩენების შემცირებას.
ახალგაზრდა მეცნიერმა, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კახა მახარობლიძემ ისაუბრა თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მასალების როლზე მდგრადი და ხარისხიანი მშენებლობის განვითარებისათვის. თავის პრეზენტაციაში მან განიხილა ხელოვნური ინტელექტის, დრონების, BIM-ისა და Digital Twin-ის გამოყენება პროექტირების, მონიტორინგისა და მართვის პროცესებში, რაც ზრდის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, ასევე, აღწერა თანამედროვე მასალები, როგორიცაა თვითაღდგენადი და თვითვიბრირებადი ბეტონი, კომპოზიტური არმატურა და ფასადის პანელები, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას, ენერგოეფექტურობას და პასუხობს გარემსდაცვით გამოწვევებს.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტმა, საერთაშორისო ციფრული სააგენტო GoldenWeb-ის უფროსმა ექაუნთ მენეჯერმა ეკატერინე პაპავამ თემით – „AI ციფრულ მარკეტინგში: პრაქტიკა და ეთიკური გამოწვევები“, აუდიტორიას გაუზიარა რეალური შემთხვევის ანალიზი AI-ზე დაფუძნებული ტარგეტირების ეფექტურობის შესახებ, რომლებშიც აღინიშნა ცალკეული კომპანიების საინვესტიციო კაპიტალიდან მოგების (ROI) მნიშვნელოვანი ზრდა. მკვლევარმა განიხილა ხმის ამოცნობის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტარგეტირების ტექნიკური არქიტექტურა, მრავალმოდალური სიგნალების ინტეგრაცია – ხმოვანი მონაცემები, გეოლოკაცია, ქცევითი ნიმუშები – და Proximity-Based ტარგეტირების მექანიზმები. როგორც ეკატერინე პაპავამ აღნიშნა, ამ ტექნოლოგიების კომერციული გამოყენება აუცილებელს ხდის კვლევითი ეთიკის ზედამხედველობის მექანიზმების კვლევას, მკაცრ კონტროლსა და სტანდარტების შემუშავებას. მკვლევარმა ნიმუშად მოიყვანა დოკუმენტირებული შემთხვევები წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების პრაქტიკიდან და წარმოადგინა 2025-2027 წლების პროგნოზები, რომლებიც მოიცავს რეალურ დროში ემოციის ამოცნობას ხმაში, სრული საუბრის კონტექსტის გაგებას და მულტიმოდალურ პროფილირებას სამიზნე აუდიტორიაზე წვდომის გაუმჯობესებისთვის, რაც აქტუალურ ეთიკურ საკითხებს აყენებს ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნიოვერსიტეტის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული მნიშვნელობის ინოვაციური კვლევებისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრები და უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოვა.

