კვირა, დეკემბერი 7, 2025

ადვოკატი – არცერთი ძვირადღირებული ნივთი, ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები, არცერთი არ არის არც ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება და არც მისი ოჯახის წევრების – ყველა ეს ნივთი ამოღებულია სხვა პირთა ჩხრეკის შედეგად

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ამ საქმეში „არაფერი უჩვეულო არ მომხდარა“.

ამასთან, როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ძვირადღირებული ნივთები, ოქროს ნაკეთობების ჩათვლით, რომლებიც გამოძიებამ ამოიღო, არ ეკუთვნის არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც მის ოჯახის წევრებს.

„არაფერი უჩვეულო არ მომხდარა. პრაქტიკაში, ბრალდებულთა უმრავლესობა, ვისაც გირაოს სახით ფულადი თანხა აქვს შეფარდებული და ეს თანხა არის სოლიდური, ყველა ახდენს საკუთარი საცხოვრებელი სახლით ან სხვა უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას. როგორც წესი თუ ქონების ღირებულება შეესაბამება გირაოს ოდენობას ან აღემატება, სასამართლო აკმაყოფილებს მიმართვას. ბუნებრივია, რომ თანხის მოცულობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ეს ალტერნატივა იქნა მიღებული.

თანხა, რომელიც ამოღებულ იქნა ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად, ბუნებრივია, არის მტკიცებულება და მისი გამოყენება გირაოს უზრუნველსაყოფად ვერ გამოდგებოდა.

ასევე ვიტყვი, რომ არცერთი ძვირადღირებული ნივთი: ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები, არცერთი ეს ნივთი არ არის არც ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება და არც მისი ოჯახის წევრების. ყველა ეს ნივთი ამოღებულ იქნა სხვა პირთა ჩხრეკის შედეგად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმესთან პირდაპირი და ირიბი შემხებლობა არ გააჩნია“,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება, ადვოკატი პასუხობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ყოფილი პრემიერი პირველივე დღიდან თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან.

„გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ კომენტარებს ვერ გავაკეთებ. ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედები მიმდინარეობს. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან გამოძიების დაწყების პირველივე დღიდანვე. ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ იქნა გამოყენებული გირაო. პროცესუალური სტანდარტი ასეთია – თუ პირი არაძალადობრივ დანაშაულებზე თანამშრომლობს გამოძიებასთან, მზად არის მნიშვნელოვანი გირაოს ან უძრავი ქონების ვალდებულებით დატვირთვის, თუ არ არსებობს სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი, მისი წარსული, სწორედ ამიტომ იქნა გამოყენებულ ასეთი აღკვეთი. ჩვენ არ გვსურს, რომ ამ საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არსებობდეს კითხვები. ყველა ერთად დავინახავთ ამ საქმის სამართლებრივ შედეგს.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს იმ გარემოებას, რაც ბრალშია მითითებულია, რაც არის შემდეგი: როდესაც პირველად, 2016 წელს, გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და წავიდა კერძო სექტორში, ხოლო მას შემდეგ, რაც ისევ დაბრუნდა საჯარო სექტორში, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ის აგრძელებდა ბიზნეს საქმიანობას და მას ჰქონდა გარკვეული შემოსავალი, ეს ბრალია წარდგენილი მის წინააღმდეგ. ეს არ უკავშირდება ბიუჯეტის თანხების მითვისებას, გაფლანგვას ან კორუფციულ დანაშაულს“,- განაცხადა ადვოკატმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები