საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მენტორინგისა და ტუტორინგის ცენტრში ტრენინგების სერია გაიმართა, რომელიც სტუდენტთა მხარდაჭერის სისტემის გაძლიერებასა და ტუტორების პროფესიული უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ტრენინგების სერიას, რომელიც 29 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევდა.
ტრენინგების სერიის ფარგლებში საერთო ჯამში გადამზადდა 16 ტუტორი და მომზადდა 5 ტრენერი, რომლებიც სამომავლოდ აქტიურად ჩაერთვებიან ახალი ტუტორების გადამზადების პროცესში და ამით ხელს შეუწყობენ მენტორინგისა და ტუტორინგის ახლადდაფუძნებული საუნივერსიტეტო ცენტრის მდგრად საქმიანობას.

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში განმარტავენ, რომ მენტორინგისა და ტუტორინგის ცენტრის მისიაა აქტიურად ისაქმიანოს სტუდენტთა კეთილდღეობის, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მათი ჩართულობისა და წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით, ხოლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული ცენტრის გაძლიერებას, ხორციელდება განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ ფარგლებში, საერთაშორისო პროექტის – PROMENT (Tutoring & Mentoring Program in Georgian and Ukrainian HEIs) მიხედვით.
„ტრენინგების სერიას უძღვებოდა „ქოუჩ აკადემიის“ დამფუძნებელი, სერტიფიცირებული ქოუჩი ეკატერინე ბაბუნაშვილი, რომელსაც ახალგაზრდების ლიდერობის, კომუნიკაციისა და თვითგანვითარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწავლება მოიცავდა ინტერაქტიურ სესიებს, როლურ თამაშებსა და პრაქტიკულ დავალებებს, რაც მონაწილეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრებინათ ტუტორის როლი, მენტორობის პრინციპები, სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის გზები და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სტუდენტთა სწრაფი და ეფექტიანი ინტეგრაციის ხელშეწყობის მეთოდები,“ – აღნიშნავენ ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში.
სტუ-ის ინფორმაციით, ახლო მომავალში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამოქმედდება მენტორინგისა და ტუტორინგის 12 სხვადასხვა სქემა, რომელთა მეშვეობით პირველკურსელები და საერთაშორისო სტუდენტები გაცილებით მარტივად და სწრაფად შეძლებენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციას, აკადემიურ წარმატებაზე ორიენტირებას და პერსონალურ განვითარებას.

