ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025

გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს.

„კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გვარაკიძის თქმით, ბრალდება, რომელიც გიორგი გახარიას წარედგინება, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 7 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე მიეცა რეკომენდაცია, შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები. შესაბამისად, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები დაზარალებულთა მონაწილეობით, დამატებით გამოიკითხა ასეულობით მოწმე, ჩატარდა ასზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის – გიორგი გახარიას ბრალეულობა, რაც მდგომარეობს შემდეგში: 2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითიც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს: გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობას, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თაკო ჩარკვიანი – მეც კი, ვისაც ძალიან ცუდი განწყობა მაქვს გახარიას მიმართ, თავს ვაძლევ უფლებას, ვთქვა, რომ დიახ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურია

მონაწილე ვიყავი მაშინდელი დარბევის და კითხვები მქონდა ბატონ გახარიასთან, ოღონდ მაშინ მქონდა კითხვები, – განაცხადა პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.„დღეს რომ გახარიას პარტიის წევრები არიან, ისინი მაშინ კითხვებს არ სვამდნენ, თვალები რომ დათხარეს პატრიოტებს. დღეს კითხვები მაქვს უკვე ხელისუფლებასთან. იმიტომ, რომ პარადოქსია ასეთი ცინიზმი, რაც დღეს მოხდა. დღეს აღარ მაქვს ეს კითხვები, მართლა არ მაქვს ახლა გახარიასთან კითხვები, ახლა მაქვს ხელისუფლებასთან. იმიტომ, რომ ის დააწინაურეს. იმ საქციელის გამო, რაც მან ჩაიდინა, ხელისუფლებამ ის პირველ პირად დანიშნა, პრემიერ-მინისტრად, მას შემდეგ, რაც ეს დანაშაული მოხდა. იყო დათვის ტყვიების გამოყენება და ასე შემდეგ. ამიტომ, ასეთი რაღაცები მიმაჩნია უბრალოდ დაცინვად და სახელმწიფოებრიობის აბუჩად აგდებად ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა ჩარკვიანმა.გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ხელისუფლების არგუმენტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას ხელახლა დაავალა გამოძიების ჩატარება 2024 წლის მაისის გადაწყვეტილებით და ამ გამოძიების, საგამოძიებო ექსპერიმენტების შემდეგ ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რაზეც თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად არასდროს არ უწევს ანგარიშს არცერთ დასავლურ ინსტიტუციას და ოპოზიციას, შეიძლება, დასჭირებოდა და მართლებიც იყვნენ, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა დასჭირებოდა ეს არგუმენტი, რაც ახლა მოჰყავთ.„დასავლეთის ინსტიტუციებს ისინი ანგარიშს არ უწევენ. მაინტერესებს, კითხვები მაქვს, იმ საქციელის გამო რატომ დააწინაურეს მაშინ გახარია? პირველ პირად აქციეს ის ადამიანი და ეს ისეთი ნონსენსია, ისეთი პარადოქსია, რომ, შეურაცხყოფის გარდა, არაფერს არ იწვევს. ამიტომ ვამბობ, რომ უკვე მეც კი, ვისაც ძალიან ცუდი განწყობა მაქვს, ზოგადად, გახარიას მიმართ, თავს ვაძლევ უფლებას, ვთქვა, რომ დიახ, ეს პოლიტიკურია უკვე დღეს. იმიტომ, რომ მანამდე ხელისუფლებას ეს აქვს გაკეთებული“, – განაცხადა ჩარკვიანმა.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ის უშუალოდ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაწილში შს მაშინდელი მინისტრის პასუხისმგებლობას, გვერდით რომ გადავდოთ ექვსი წლის შემდეგ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, გამოძიების ხელახლა დაწყება და ასე შემდეგ, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის ხედავდა მის პასუხისმგებლობას.„მე ყოველთვის ვხედავდი, მაშინ როდესაც სხვები ვერ ხედავდნენ. მე, ზოგადად, ამ პარტიისგან არაფერი არ მიკვირს, მაგრამ დღეს „ლელოს“ არაერთი წარმომადგენლის გამოსვლა მოვისმინე და გამიკვირდა. ისინი პარტნიორები არიან, ერთად გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ლეგიტიმაცია შეუქმნეს იმ ხელისუფლებას, რომლის მიმართაც უკვე ყველას პრეტენზიები გვაქვს და დღეს, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გახარიას წინააღმდეგ, უცებ გამოაცხადეს, რომ მათაც აქვთ თურმე კითხვები. მე არ მომისმენია „ლელოსგან“ გახარიას მიმართ კითხვები. მე სულ მქონდა ეს კითხვები, სულ მქონდა, რადგან ეს იყო საზიზღრობა, რაც მაშინ მოხდა, მაგრამ დღეს ვწყვეტ ამ შეკითხვებს და დღეს კითხვებს მხოლოდ ხელისუფლებას ვუსვამ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.თაკო ჩარკვიანმა ასევე განაცხადა, რომ გახარიას პარტიის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მის წევრებს კი კითხვები არ აქვთ და ხელისუფლებას ლეგიტიმაცია შეუქმნეს.„ეს, იცით, რა არის? რასაც მე ვამბობდი მუდამ და მივმართავდი, რომ ეს მოძრაობები და თამაშ-თამაშით რაღაც გარიგებები, რომ ჩვენ შემოვალთ და ხელისუფლება ხელს არ გვახლებს, არ არის ნამდვილი ბრძოლა. გულწრფელი ბრძოლა, იცით, როდის არის? როდესაც ხელისუფალს ეუბნები, მე შენთან პრეტენზია მაქვს, აი, ამაზე, მე შენთან პრეტენზია მაქვს კორუფციაზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

გიორგი ბარამიძე – რეჟიმის და პუტინის მიზანია, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დააშინოს, გაანადგუროს, ამას მოღალატეთა ბანდა ვერ მიაღწევს – გავაგრძელებთ ბრძოლას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას „პუტინის დავალებას“ უწოდებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები გააგრძელებენ ბრძოლას. “დღეს, რამდენიმე საათის წინ, მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანოს. ეს ყველაფერი ხდება პუტინის დავალებით, რადგან პუტინის მიზანია ბრძოლა დამოუკიდებელ, თანამედროვე სახელმწიფოსთან, რომლის მშენებლობის სიმბოლო არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ამ რეჟიმის და პუტინის მიზანია, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დააშინოს და გაანადგუროს. ამას მოღალატეთა ბანდა ვერ მიაღწევს. მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები, ვინც რუსთავის ციხესთან მოვედით, გავაგრძელებთ ბრძოლას. დარწმუნებულები ვართ, რომ რადგან ჩვენი ბრძოლა მართალია, რადგან ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს გათავისუფლებისთვის , ფეხზე დაყენებისთვის და გამთლიანებისთვის, ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ და ამ კრიმინალების ბანდას საკადრის პასუხს გასცემს ქართველი ხალხი. ძალა ერთობაშია! თავისუფლება პუტინის პირად ტყვეს და მძევალს მიხეილ სააკაშვილს!”,- განაცხადა ბარამიძემ რუსთავის ციხესთან.

არუნ ხათრი 500 ლარით დააჯარიმეს

ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 ლარით დააჯარიმა.ამის შესახებ სეს-ის დოკუმენტში ვკითხულობთ:„სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ადგილზე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს: ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, გამოვლინდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევის ფაქტი, რის გამოც ბიზნესოპერატორი სურსათს/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საქმიანობა რეგისტრაციამდე“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავი აღინიშნება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან (გერმანია) წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობით, გაიმართება საჯარო ლექციები, ერთობლივი სამეცნიერო სემინარები, სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები და კულტურული პროგრამები, რაც მიზნად ისახავს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების განვითარებას ინჟინერიის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში. გარდა ამისა, გერმანელი სტუმრები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინდუსტრიული კომპანიების საქმიანობას.ღონისძიების გახსნაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარი დელეგაცია - პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ხელმძღვანელობით.მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გერმანულ-ქართულ აკადემიურ თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესისთვის.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის 36 წელი შესრულდა - „ეს არის პერიოდი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებში“, - აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პარტნიორობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო თანამშრომლობას აკადემიური სივრცის გამდიდრება და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. 36 წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად განვავითარეთ არაერთი წარმატებული პროექტი, აღვზარდეთ პროფესიონალ სპეციალიტთა და მკვლევართა თაობები, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყნებში ამკვიდრებენ საერთაშორისო განათლების სტანდარტებს. ჩვენი პარტნიორობის მომავალი ეტაპი მიზნად ისახავს უკვე არსებული კოლაბორაციის მეტად გაღრმავებას - გამდიდრებას ახალი კვლევითი მიმართულებებით, ინოვაციური იდეებით და რა თქმა უნდა, საერთო მიზნებით, რომლებიც მიმართულია ცოდნის, პროგრესისა და საზოგადოების განვითარებისკენ“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი ორი საჯარო ლექციით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი თინა იაშვილი წარსდგა საჯარო ლექციით თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური ტრანფორმაცია“, ხოლო პროფესორი ანზორ აბრალავა - თემით: „ქართულ-გერმანული ურთიერთობების მოკლე ისტორიული რაკურსი“.სტუ-ის ინფორმაციით, ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი მიმდინარე წლის 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამასთან ერთად, ზააარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 13 ნოემბერს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით დაგეგმილ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2025“.

მიხეილ ყაველაშვილი – სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის პრეზიდენტთან, ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა.მიხეილ ყაველაშვილმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.„სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩემს თურქ კოლეგას საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. საუბარი შეეხო მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებას. ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას“, – აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.„საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით თურქეთმა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებ გამოგზავნა.ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნაპოვნია საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი.  

ბოლო სიახლეები