საგანგაშოა, როდესაც ბრიტანეთის ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, ორმაგად საგანგაშოა, როცა ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე და ამით ხდება ტვინის გამორეცხვა სტუდენტებისთვის, მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავს მოხვევით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, გარეთ უორდის სტუდენტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ელჩმა თქვა, რომ „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაზიანებულია და „ქართული ოცნების“ მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციასთან მიმართებით, ანტიდემოკრატიული ნაბიჯები გადაიდგა“, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საგანგაშოა, როდესაც ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაში პირადად არის ჩართული.
„რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. საგანგაშოა, როდესაც ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ორმაგად არის საგანგაშო, როცა ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე და ამით ხდება ტვინის გამორეცხვა სტუდენტებისთვის, მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავს მოხვევით.
წარმოგიდგენიათ, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და დაკავებული იყოს ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით. ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც აღმოჩნდა ბრიტანეთის ელჩი. პირდაპირ ავრცელებს ტყუილს და დეზინფორმაციას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ „ბიბისიზე“, ბრიტანულ ტელევიზიაზე, სადაც ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში – ანტიქართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად, რა თქმა უნდა, გაკვირვებას არ იწვევს, როდესაც „ბიბისი“, საჯარო ტელევიზია ავრცელებს დეზინფორმაციას. პირიქით, ეს უფრო აღვივებს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებისგან გვესმის, ვინ დგას „ბიბისის“ სიუჟეტის უკან, ეს არის თვითშემოქმედება ცალკეული ჟურნალისტის, თუ ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით წარმოებული ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, ბრიტანეთის ელჩის პირადი მონაწილეობა დეზინფორმაციის გავრცელებაში და ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ნარატივის გავრცელებაში, სამწუხაროდ, ასეთ ეჭვებს უღვივებს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

