გერმანია დაინტერესებულია სომხეთის ევროპასთან დაახლოებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
კერძოდ, ბერლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, „არის თუ არა მზად გერმანია, მხარი დაუჭიროს სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას“, მერცმა უპასუხა, რომ გერმანია სომხეთის ევროპასთან დაახლოებით დაინტერესებულია.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმებები კონკრეტულ პროექტებზე. გერმანია ასევე დაეხმარება სომხეთს ენერგომომარაგების სექტორში რიგ პროექტებში, რათა მიაღწიოს მეტ დამოუკიდებლობას ამ სფეროში“, – აღნიშნა მერცმა.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ძალიან შინაარსიანი საუბარი ჰქონდა და შესაბამის შეთანხმებებს მიაღწიეს. ამასთან, მერცის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სომხეთში ივნისში უნდა ჩატარდეს, ასეთი დემოკრატიული განვითარების განუყოფელი ნაწილია.
„თუმცა, საგანგაშოა, რომ ნორმალური გახდა არჩევნებზე დემოკრატიის მტრების თავდასხმა. კერძოდ, რუსეთი ცდილობს, სომხეთში ამომრჩევლებს დასავლელ პარტნიორებთან ზედმეტად დაახლოების შიში აგრძნობინოს. ის ევროკავშირის მიზნებისა და ღირებულებების შესახებ სიცრუეს ავრცელებს. ჩვენ ეს ვიცით – დეზინფორმაცია, საბოტაჟი, დრონები. რუსეთი ჰიბრიდული ზომების გამოყენებით ცდილობს არა მხოლოდ ევროპის, არამედ სომხეთის დესტაბილიზაციას. და, რა თქმა უნდა, რუსული აგრესია ყოველდღიურად ყველაზე უარესი ფორმით ვლინდება უკრაინის ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმების სახით. რუსეთის აგრესიული ომი, ტანჯვა და ნგრევა უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ ასე გულმოდგინედ, რათა ვიპოვოთ გზები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. გერმანიას ამ მხრივ ძალიან მკაფიო მოქმედების კურსი აქვს. უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ევროპის შესახებ გადაწყვეტილება ევროპელების გარეშე. უკრაინისთვის, კიევისთვის ნაკარნახევი მშვიდობა წარმოუდგენელია“, – განაცხადა მერცმა.
თავის მხრივ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ძალიან აფასებს გერმანიის პოლიტიკურ ნებას და მხარდაჭერას.
„ეს ვიზიტი ნამდვილად ისტორიულია, რადგან დღეს სომხეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ფაზაში შედის, რაც ახლახან დადასტურდა სომხეთსა და გერმანიას შორის ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერით. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ნდობასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს: ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი საერთო ერთგულებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

