ოთხშაბათი, დეკემბერი 10, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ახალი სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა

„საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები, კომპლექსური თემაა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ თეოლოგიის სფეროთი – ის მოიცავს ისტორიოგრაფიას, ძველ სამართლებრივ წყაროებს, რეგიონულ პოლიტიკურ განვითარებას, ეთნოკულტურულ პროცესებს და სახელმწიფოებრივი იდენტობის მნიშვნელოვან შრეებს. აფხაზეთის ისტორიული ეკლესიური იურისდიქციის კვლევა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვანძო საკითხს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჟამთა განმავლობაში ამ თემას ხშირად ახასიათებდა არასწორი ინტერპრეტაცია, მიზანმიმართული დამახინჯება ან ემოციურ-პოლიტიკური ხედვების ზემოქმედება. ამიტომ, მეცნიერული კვლევით ამ საკითხის ხელახლა გააზრება ეროვნული მნიშვნელობის საქმეა, ხოლო ნაშრომი არის მცდელობა არგუმენტებით გაამყაროს ის ისტორიული სიმართლე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ჩვენი ქვეყნის საეკლესიო, კულტურულ და სახელმწიფოებრივ სივრცეს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივეერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორის – მეუფე ანანია ჯაფარიძის მორიგი ახალი სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) წიგნის – „საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში. აფხაზეთი“, პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას, რომელსაც ესწრებოდნენ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი საბა, სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო პესრონალი, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ორტომეული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც ეკლესიის ისტორიის, ისე ქვეყნის სახელმწიფოებრივ თვითშეგნებასთან დაკავშირებული კვლევებისთვის. დავით გურგენიძის თქმით, მეუფე ანანია დიდი სიზუსტითა და ფაქტობრივ არქივებზე დაყრდნობით გვიწვდის პასუხებს ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც ათწლეულებია დებატების საგანია: სადაა აფხაზეთის საეკლესიო იურისდიქციის ისტორიული საფუძველი? როგორ ჩამოყალიბდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიური სტრუქტურა? რა დოკუმენტურ მასალაზე დგას საქართველოს ეკლესიის ისტორიული სუვერენიტეტი ამ რეგიონში? და რაც მთავარია, რა არის იმ ისტორიული პროცესების რეალური შინაარსი, რომლებიც ხშირად პოლიტიზებულ ჭრილში აღიქმება?

„აფხაზეთის საკითხის მიღმა დგას ჩვენი ისტორიული მეხსიერება, ეროვნული თვითცნობიერება, ისტორიის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება და სახელმწიფოებრივი თვითიდენტიფიკაციის საფუძვლები. მეუფე ანანიას ნაშრომი ამ პროცესში ქმნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს. ის მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, ფაქტებითა და საარქივო მასალებით დარწმუნდეს, როგორ ვითარდებოდა დასავლეთ საქართველოს ეკლესია, როგორ მზადდებოდა და მყარდებოდა მისი იურისდიქციის საზღვრები და როგორ ჯდება ეს ყველაფერი საქართველოს მთლიან ისტორიულ სურათში. ამდენად, წიგნის თემა მხოლოდ აკადემიური მნიშვნელობის არ არის. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ქვეყნის ისტორიული სინამდვილის გამყარებას, დეზინფორმაციის თავიდან აცილებას და იმ ეროვნული საფუძვლების განმტკიცებას, რაზეც ჩვენი სახელმწიფო დგას. ეს გამოცემა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ეკლესიის ისტორიის მკვლევრებისთვის, არამედ ქვეყნის ზოგადი ისტორიოგრაფიის, სამართლის, სახელმწიფოებრივი სივრცის ფორმირების და კულტუროლოგიური კვლევებისთვისაც.

მეუფე ანანიას მრავალწლიანმა სამეცნიერო საქმიანობამ, მისმა საგანგებო დისციპლინამ და უნიკალურმა კვლევითმა მეთოდოლოგიამ ამ გამოცემას მაღალი აკადემიურობა და ფაქტობრივი სიზუსტე შესძინა.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მეუფე ანანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ფართო აკადემიურ პლატფორმაა, სადაც მეცნიერების სხვადასხვა მიმართულება თანაბრად ფასდება და ერთობლიობაში ქმნის მაღალ ინტელექტუალურ სივრცეს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მეუფე ანანიას მისი დაუღალავი სამეცნიერო ღვაწლისთვის, იმ ისტორიული სიმართლისკენ სწრაფვისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწორი თვითაღქმის ჩამოყალიბებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილი წიგნი საფუძველს ჩაუყრის ახალ კვლევით დისკუსიებს და მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ აუცილებლობას, რომ რთულ ისტორიულ მოვლენებზე საუბარი, კვლევები და სამეცნიერო ანალიზი ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ფაქტებს, ობიექტურობასა და სამართლიანობას“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის – მეუფე ანანია ჯაფარიძის ავტორობით გამოცემული ახალი წიგნის – „საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში. აფხაზეთი“ პრეზენტაციაზე შეფასებითი მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მიტროპოლიტი დავითი, მიტროპოლიტი საბა, პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი; თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი; დოქტორანტები იოანე ჭიღლაძე, ასევე, სტუ-ის სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

სტუ-ის ინფორმაციით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მეუფე ანანია ჯაფარიძის ორტომეული – „საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში. აფხაზეთი“, რამდენიმე ენაზე ითარგმნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე რევაზ მაჭარაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი ავრცელებს ინფორმაციას.„რევაზ მაჭარაშვილი დაიბადა 1954 წლის 20 იანვარს საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში. 1971 წელს სოფელ კორბოულის 1-ელი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტად, რომელიც წითელ დიპლომზე დაასრულა 1977 წელს.1984 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის წოდება. რევაზ მაჭარაშვილი ლექციებს კითხულობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იყო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის აპარატის უფროსი და კოლეგიის წევრი.რევაზ მაჭარაშვილი 9 წიგნის ავტორი იყო. ორგზის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით მინიჭებული ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდიასა და მირზა გელოვანის სახელობის პრემიები. არჩეული იყო საჩხერის საპატიო მოქალაქედ.რევაზ მაჭარაშვილის ღირსეული შემოქმედისა და პიროვნების ხსოვნა დიდხანს დარჩება ქართველ მწერალთა მეხსიერებაში“, - ნათქვამია პოსტში.

კაია კალასი – ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ასე არ ვმუშაობთ, არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას

ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ჩვენ ასე არ ვმუშაობთ, არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.კალასის თქმით, აშშ-ის კრიტიკა ევროპის მიმართ არასწორია და ევროკავშირმა თვითდაჯერებულობა უნდა შეინარჩუნოს.„რაც შეეხება აშშ-ის თავდასხმებს ევროპულ გზასა და სტრატეგიაზე, ვფიქრობ, ჩვენ უფრო თვითდაჯერებული უნდა ვიყოთ, რადგან ყველა ის საკითხი, რასაც ევროპის შესახებ კითხულობთ, არ არის სიმართლე. მეჩვენება, რომ ეს არის შექმნილი პროვოკაციისთვის, რათა ჩვენ რეაგირება მოვახდინოთ. ასევე იყო Financial Times-ის სტატია, რომელიც აჩვენებდა, რომ ის საკითხები, რასაც ისინი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნავენ, ევროპაში არ არის უარესი, ვიდრე ამერიკაში“, – განაცხადა კალასმა.მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა კრიტიკამ, შეიძლება, გააღვივოს განხეთქილება, როგორც ევროკავშირსა და აშშ-ს, ასევე თავად ევროპულ ქვეყნებს შორის, კვლავ ევროპის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული.„პოლიტიკაში თუ ისეთ საკითხებზე იწყებ დებატებს, რომლებიც იცი, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ რეალურად იღებ ამას. ანუ, ჩვენ ვიცით, რომ ეს აბსურდია. ევროკავშირი თავისუფლების არსია. ამიტომ თავისუფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ასეთი კრიტიკა მიმართული უნდა იყოს სხვა მხარეს. შესაძლოა, რუსეთისკენ, სადაც განსხვავებული აზრი აკრძალულია, სადაც თავისუფალი მედია აკრძალულია, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სადაც X ან Twitter-ი, როგორც ჩვენ ვიცით, ფაქტობრივად, ასევე აკრძალულია. ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც აშშ-ში არასწორია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“, – განაცხადა კალასმა.კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა, ამის ნაცვლად, საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ამასთან, კალასის თქმით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა, რათა ის რეალურ მოლაპარაკებებამდე მივიდეს. ამავდროულად, კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ომის დაწყების პირველ თვეებში უკრაინას იმავე დონის სამხედრო დახმარებას თუ გაუწევდა, როგორსაც ახლა უწევს, შესაძლოა, განსხვავებული შედეგი ყოფილიყო.კალასმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი წარმატებული სამშვიდობო გეგმა მოითხოვს ევროპის ერთიანობას.„თქვენ შეგიძლიათ, შეთანხმდეთ ნებისმიერ რამეზე, მაგრამ ევროპელები ან უკრაინელები ამას თუ არ ეთანხმებიან, მაშინ ეს უბრალოდ არ იმუშავებს“, – აღნიშნა კაია კალასმა.

ფრიდრიხ მერცი – გერმანია დაინტერესებულია სომხეთის ევროპასთან დაახლოებით

გერმანია დაინტერესებულია სომხეთის ევროპასთან დაახლოებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.კერძოდ, ბერლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, „არის თუ არა მზად გერმანია, მხარი დაუჭიროს სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას“, მერცმა უპასუხა, რომ გერმანია სომხეთის ევროპასთან დაახლოებით დაინტერესებულია.„ჩვენ გვაქვს შეთანხმებები კონკრეტულ პროექტებზე. გერმანია ასევე დაეხმარება სომხეთს ენერგომომარაგების სექტორში რიგ პროექტებში, რათა მიაღწიოს მეტ დამოუკიდებლობას ამ სფეროში“, – აღნიშნა მერცმა.მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ძალიან შინაარსიანი საუბარი ჰქონდა და შესაბამის შეთანხმებებს მიაღწიეს. ამასთან, მერცის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სომხეთში ივნისში უნდა ჩატარდეს, ასეთი დემოკრატიული განვითარების განუყოფელი ნაწილია.„თუმცა, საგანგაშოა, რომ ნორმალური გახდა არჩევნებზე დემოკრატიის მტრების თავდასხმა. კერძოდ, რუსეთი ცდილობს, სომხეთში ამომრჩევლებს დასავლელ პარტნიორებთან ზედმეტად დაახლოების შიში აგრძნობინოს. ის ევროკავშირის მიზნებისა და ღირებულებების შესახებ სიცრუეს ავრცელებს. ჩვენ ეს ვიცით – დეზინფორმაცია, საბოტაჟი, დრონები. რუსეთი ჰიბრიდული ზომების გამოყენებით ცდილობს არა მხოლოდ ევროპის, არამედ სომხეთის დესტაბილიზაციას. და, რა თქმა უნდა, რუსული აგრესია ყოველდღიურად ყველაზე უარესი ფორმით ვლინდება უკრაინის ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმების სახით. რუსეთის აგრესიული ომი, ტანჯვა და ნგრევა უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ ასე გულმოდგინედ, რათა ვიპოვოთ გზები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. გერმანიას ამ მხრივ ძალიან მკაფიო მოქმედების კურსი აქვს. უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ევროპის შესახებ გადაწყვეტილება ევროპელების გარეშე. უკრაინისთვის, კიევისთვის ნაკარნახევი მშვიდობა წარმოუდგენელია“, – განაცხადა მერცმა.თავის მხრივ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ძალიან აფასებს გერმანიის პოლიტიკურ ნებას და მხარდაჭერას.„ეს ვიზიტი ნამდვილად ისტორიულია, რადგან დღეს სომხეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ფაზაში შედის, რაც ახლახან დადასტურდა სომხეთსა და გერმანიას შორის ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერით. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ნდობასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს: ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი საერთო ერთგულებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მამა საბა ჭიკაიძე მიმართვას ავრცელებს

მამა საბა ჭიკაიძე მიმართვას ავრცელებს:„ჩემი ფეისბუქ მეგობრების საყურადღებოდ!!! ვიღაცამ როგორც ჩანს გატეხა ჩემი "ექაუნთი" და დაფიქსირდა ჩემი სახელით საჯაროდ დადებული გარკვეული ტექსტი ერთ-ერთი ჩემი მეგობრის გვერდზე, რომელიც მე არ დამიწერია. ყველას გთხოვთ, თუ რამე მსგავსი მოხდა ჩემი სახელით, იცოდეთ, რომ მე არ ვარ.სჯობს გადმომირეკოთ და დააზუსტოთ ჩემთან. ისიც იცოდეთ, რომ არსებობს ჩემი ყალბი გვერდიც , რომელსაც იგივე ფოტო ადევს პროფილზე. ამასობაში ვეცდები ზომები მივიღო და გავარკვიო ვინ ცდილობს ჩემს მტრობას. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება პირადი შეტყობინებაც მიიღოთ და ისიც აუცილებლად გადაამოწმეთ ჩემთან. თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს. ღმერთმა დაგლოცოთ“,- წერს მამა საბა.

ირაკლი კობახიძე – 150 კაცის გამოსვლა არ არის ქართველი ხალხის პროტესტი, საზოგადოებას პროტესტი აქვს სწორედ იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს ოთხ მილიონ...

ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს სწორედ იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კითხვაზე, რომელიც 4 ოქტომბრის აქციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც ეს გეგმა ჩავარდა.„ეს იყო დამხობის ღია მცდელობა, პირდაპირ ასე ერქვა 4 ოქტომბერს ჩატარებულ აქციას. დამხობის აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამი  პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ა.შ. ადამიანებმა პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც დამხობა ჩავარდა. საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნდობა ამ ადამიანებს არ აქვთ. 150 კაცის გამოსვლა არ არის პროტესტი, ეს არ არის ქართველი ხალხისა და საზოგადოების პროტესტი. ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს სწორედ იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, ამის მიმართ აქვს პროტესტი ქართველ ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები