უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს სესიაზე განიხილავენ. ახალი რეფორმა ითვალისწინებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებასა და ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ფორმატის ცვლილებას.
ცვლილება შეეხება საჯარო სკოლებსაც, რაც გულისხმობს 11-წლიან სწავლებას და, სურვილის შემთხვევაში, სპეციალური კლასების გახსნას მე-12 წლისთვის.
“მოგეხსენებათ, აქამდე იყო 4 წელი ბაკალავრი და 2 წელი მაგისტრატურა. ახალი, წარმოდგენილი რეფორმის მიხედვით, 3-წლიანი იქნება ბაკალავრი და 1-წლიანი მაგისტრატურა, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს სურს, რომ გააგრძელოს კვლევითი საქმიანობა და სადოქტორო მიმართულება, ამ შემთხვევაში, დამატებითი კრედიტების მისაღებად, პლუს 1 წელს გაივლის მაგისტრატურას”, – აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

