საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა.
მიხეილ ყაველაშვილმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩემს თურქ კოლეგას საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. საუბარი შეეხო მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებას. ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას“, – აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით თურქეთმა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებ გამოგზავნა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნაპოვნია საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი.

