აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა „სუსტი“ ადამიანების ხელმძღვანელობით იმართება და აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს ევროპელ პოლიტიკურ კანდიდატებს, რომლებიც მის ხედვას ეთანხმებიან.
ამასთან, ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა მიგრაციაზეც ისაუბრა და ლონდონისა და პარიზის მსგავსი ქალაქები ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრაციის ტვირთის ქვეშ მგმინავ ქალაქებად მოიხსენია.
მისი თქმით, სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილების გარეშე ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო სიცოცხლისუნარიანობას დაკარგავს.
„ვფიქრობ, რომ ისინი სუსტები არიან, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მათ სურთ პოლიტიკურად კორექტულები იყვნენ. ვფიქრობ, მათ არ იციან, რა გააკეთონ. ევროპამ არ იცის, რა გააკეთოს. ვფიქრობ, პოლიტკორექტულობის ნაცვლად, სჯობს, მიგრანტები უკან გაგზავნონ. როგორც იცით, ჩემი ფესვები ევროპიდანაა და მძულს იმის დანახვა, რაც იქ ხდება. ისინი ხალხს შესვლის უფლებას შემოწმების გარეშე აძლევენ. ევროპა ნადგურდება. მხარს ვუჭერ ადამიანებს, რომლებიც ბევრ ევროპელს არ მოსწონს. მე მხარს ვუჭერდი ვიქტორ ორბანს“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, საშინელებაა, რაც ევროპაში ხდება და ევროპა შესაძლოა, სრულიად განსხვავებული ადგილი გახდეს.
„უნდა გესმოდეთ ჩემი მიდგომა ევროპის მიმართ: მინდა, ვნახო ძლიერი ევროპა. ისინი მილიონობით ადამიანს როცა უშვებენ მათ ქვეყნებში, ამ ადამიანთა უმეტესობა უზარმაზარ დანაშაულებს სჩადის. შეხედეთ შვედეთს. არ ვაკრიტიკებ შვედეთს, მე მიყვარს შვედეთი. მე მიყვარს შვედი ხალხი, მაგრამ ისინი დანაშაულისგან თავისუფალი ქვეყნიდან ისეთ ქვეყნად გარდაიქმნენ, სადაც ახლა ბევრი დანაშაულია. შეხედეთ გერმანიას. გერმანია დანაშაულისგან თავისუფალი იყო და ანგელა მერკელმა დაუშვა ორი დიდი შეცდომა: იმიგრაცია და ენერგეტიკა. მე არ მაქვს ევროპის მომავლის ხედვა. ერთადერთი, რაც მინდა, ვნახო, არის ძლიერი ევროპა. მე მაქვს ხედვა, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს არის „ისევ დიადი გავხადოთ ამერიკა“. მე მაქვს თვალები, მაქვს ყურები, მაქვს ცოდნა. მე მაქვს უზარმაზარი ცოდნა. ვხედავ, რა ხდება. მე ვიღებ ანგარიშებს, რომლებსაც ვერასდროს ნახავთ. და ვფიქრობ, რომ საშინელებაა ის, რაც ევროპაში ხდება. ვფიქრობ, ეს საფრთხეს უქმნის ევროპას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ევროპა შეიძლება, სრულიად განსხვავებული ადგილი გახდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

