20 ივნისის საქმის მასალების ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ჩვენ ვითხოვთ მოეხსნას. რას მალავენ? რას მალავს „ოცნება“ 20 ივნისის საქმეში, რატომ არის ნაწილი საიდუმლო? – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები „სიურპრიზი არ ყოფილა“, რადგან „ინფორმაციები ჟონავს“ და ხელისუფლების ნაბიჯები წინასწარ იყო ცნობილი. როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის მიზანი ყოფილი პრემიერის და მისი გუნდის „პოლიტიკური სივრციდან გაწყვეტაა“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ დადასტურებულად ვიცოდით, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დევნას დაიწყებდნენ. გვქონდა ეს ინფორმაცია, რადგან ინფორმაციები „ჟონავს“. ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ პატიმრობას შეუფარდებდნენ. ამიტომ, ის გადაწყვეტილებები, რაც გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ არ იყო სიურპრიზი. გარდა პერსონალური შურისძიებისა, ივანიშვილის მიზანია გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური გუნდი გაქრეს პოლიტიკური სივრციდან. მე გაძლევთ პირობას, რომ ეს ასე არ მოხდება. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს. არა იმიტომ რომ გახარია არ მოექცევა ივანიშვილის უკანონო იურისდიქციის ქვეშ, არამედ ის ბევრად უფრო ეფექტურია გარეთ. გახარია თავისი საქმიანობით და საკუთარი სტატუსიდან გამომდინარე ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოსთვის. გიორგი გახარია და მისი გუნდი გააგრძელებს ბრძოლას, რასაც ჰქვია ბრძოლა საქართველოსთვის“,- განაცხადა ბუჩუკურმა.
ბუჩუკური აცხადებს, რომ ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პროცესი „პერსონალური პოლიტიკური ვენდეტაა“, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯაროდ დააანონსა.
ბუჩუკურის თქმით, გახარიასა და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეებს შორის პარალელს ვერ გაავლებს, რადგან „ღარიბაშვილის შემთხვევაში ფინანსური საკითხია, ხოლო გახარიას შემთხვევაში – პირადი შურისძიება“.
„გახარიასა და ღარიბაშვილის მიმართ დაწყებულ დევნას შორის პარალელს ვერ გავავლებდი. ღარიბაშვილის შემთხვევაში თუკი მას ივანიშვილი არ პატიობს ფულის საკითხს, გახარიას შემთხვევაში ეს არის პერსონალური ვენდეტა, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილმა ღიად და საჯაროდ დააანონსა 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ფაქტია, რომ ეს არის ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტა. მათ შორის, არავის დაავიწყდეს გიორგი გახარიაზე ფიზიკური თავდასხმა და მეორე ფიზიკური თავდასხმა მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში…
ერთი მხრივ, ეს არის ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა, მაგრამ ასევე ზედაპირზე ჩანს, რომ „ჩორჩანას საქმეში“ „ოცნება“ ასრულებს ოკუპანტების ინტერესს. ეს არ არის მხოლოდ გიორგი გახარიაზე პოლიტიკური ვენდეტა, ამას ემატება რუსული ინტერესი”,- განაცხადა ბუჩუკურმა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, რომელიც 20 ივნისს უკავშირდება, ბუჩუკური აცხადებს, რომ საქმეში „ახალი არაფერი იკვეთება“, თუმცა მნიშვნელოვან მასალებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის მოხსნასაც პარტია ითხოვს.
ბუჩუკურის თქმით, ხელისუფლება „პანდორას ყუთის გახსნით“ იმუქრება, თუმცა თავადვე მალავს საქმის მნიშვნელოვან ნაწილებს.
„20 ივნისთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ საქმეში ახალი არაფერია. მასალების ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ჩვენ ვითხოვთ გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას, რას მალავენ? რას მალავს „ოცნება“ 20 ივნისის საქმეში, რატომ არის ნაწილი საიდუმლო?
ასევე მინდა გამოვეხმაურო რეზინის ტყვიებთან დაკავშირებულ სპეკულაციებს. სამართლებრივ ნაწილში იმდენად აბსურდია, რომ ადამიანს ეუბნებიან – მართალია გიორგი გახარიამ რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება არ გასცაო, მოგვიანებით გაიგოო, მაგრამ მაინც მან დააორგანიზაო ადამიანების თვალის დათხრაო.
როგორც ჩანს „ოცნებას“ უნდა „პანდორას ყუთის“ გახსნა. გახსნან მაშინ. მოხსნას გრიფი „საიდუმლო“ ამ საქმეს? რას მალავს, რა აქვს დასამალი?
ორივე საქმეში გიორგი გახარია სახელმწიფო ინტერესების დაცვით მოქმედებდა. ეს არის მთავარი და ეს არის ჩვენი მორალური უპირატესობა. როგორც არ უნდა აიძულონ, რომ ადამიანი ოჯახს, მშობლებს, საკუთარ სამშობლოს მოშორდეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, როგორი აგრესია და სიბინძურეც არ უნდა ისმოდეს გიორგი გახარიას მიმართ – ჩვენი გუნდის ლიდერის მხარეს არის სიმართლე. გიორგი გახარია და მისი გუნდი პოლიტიკური სივრციდან არ გაქრება“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

