დღეს, როცა გაერთიანებული ევროპა ელოდება საქართველოს თანაბარ პარტნიორად თავიანთ რიგებში, საქართველოს ჰყავს ეპისკოპოსები, რომლებიც ოკუპანტის მხარეს არიან, დღეს საქართველოს ხელისუფლება მითვისებული აქვს ჯგუფს, რომელიც ოკუპანტის მხარესაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დღეს მართავს მტერი და აშორებს მთავარ მიზანს.
„საქართველო ისე ახლოს არასდროს ყოფილა თავისი ოცნების ახდენასთან, როგორც დღეს. სულხან-საბა ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, გული გაუსკდებოდა. დღეს, როცა მთელი ევროპა, გაერთიანებული ევროპა ელოდება საქართველოს თანაბარ პარტნიორად თავიანთ რიგებში, საქართველოს ჰყავს ეპისკოპოსები, რომლებიც ოკუპანტის მხარეს არიან, დღეს საქართველოს ხელისუფლება მითვისებული აქვს ჯგუფს, რომელიც ოკუპანტის მხარესაა. დღეს საქართველოს მართავს მტერი და გვაშორებს მთავარ მიზანს. „ომი გიქნიათო, გივარგილ, ომი ვქენითო დედფალ; წაგიგიათო ომი გივარგილ, – წავაგეთ ომი დედფალ; მაშ, რაღა აზრი ჰქონდა ბრძოლას გივარგილ? ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“. წაგებულ ომში თუ ბრძოლას აქვს აზრი, როგორ შეიძლება, დღეს ბრძოლას არ ჰქონდეს აზრი, როცა გამარჯვება ასე ახლოს არის. ეს გამარჯვება არის გარდაუვალი, რადგან ჩვენთან არის სიმართლე და ქართველი ხალხი, ჩვენთან არის ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.