ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

„ჩემს ცოლს ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო” – ლეგენდარული დენი დევიტო,რომელმაც კარიერა სტილისტად მუშაობით დაიწყო

ეს დენი დევიტოს დღეს მთელი მსოფლიო იცნობს.  ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია, რომელმაც საკუთარი სისუსტე სიძლიერად აქცია და უამრავ ადამიანს დაკარგული რწმენა დაუბრუნა.

დენიელ მაიკლ დევიტოს გზა ნიუ ჯერსიდან იწყება.  დევიტო მენჯ-ბარძაყის დისპლაზიით დაიბადა. ეს პათოლოგიაა, რომლის დროსაც სახსრისა და მისი  შემადგენელი ელემენტების განვითარება სათანადოდ ვერ ხდება. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 52 სანტიმეტრია.  განსხვავებული გარეგნობის გამო ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მისნაირები წარმატებას ვერასდროს აღწევდნენ.  იტალიურ-ალბანური წარმომავლობის ოჯახში გაზრდილი პატარა ბიჭუნა მაშინ  ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე ცნობილი მსახიობი გახდებოდა – მის სახელს კი მსოფლიო ბევრჯერ გაიგონებდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ,  ის დის სალონში, სტილისტად მუშაობდა. როგორც მსახიობმა მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, ეს საქმე ძალიან ართობდა – დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს უსმენდა, მათ ისტორიებს განიცდიდა და არც თანაგრძნობის გამოხატვა ავიწყდებოდა. დევიტოს თქმით, ეს გამოცდილება მოგვიანებით პროფესიულ საქმიანობაში ძალიან გამოადგა.  სტილისტად მუშაობის პარალელურად, დევიტომ გადაწყვიტა მაკიაჟის ტექნიკას დაუფლებოდა, რათა უფრო მეტი შემოსავალი ჰქონოდა. ჟურნალ-გაზეთებში საჭირო ინფორმაციის ძებნის დროს კი ერთ-ერთ განცხადებას გადააწყდა – დრამატული ხელოვნების აკადემია სტუდენტებს იწვევდა.

მონდომებული ახალგაზრდა აკადემიაში მალევე მიიღეს – ასე აღმოჩნდა თეატრის სცენაზე. შემდეგ ეკრანზეც  გადაინაცვლა – თავიდან პატარა როლებით დაიწყო.  მოგვიანებით კი, ერთ-ერთ სანაპიროზე სეირნობისას, მაიკლ დუგლასი გაიცნო. მაშინ დუგლასი ფილმის, სახელწოდებით „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ პროდიუსერი იყო. აღმოჩნდა, რომ მაიკლს ის ამავე ნაწარმოების სასცენო დადგმაში უკვე ნანახი ჰყავდა.

მის მიერ განსახიერებული მარტინის პერსონაჟი კი ძალიან მოსწონდა. ამიტომ, დუგლასმა დენის შესთავაზა, მარტინის როლი ფილმშიც ეთამაშა…  შემოთავაზებას მაშინვე დასთანხმდა, სწორედ ამ დროს გაიცნო ჯეკ ნიკოლსონიც, რომელიც დღემდე მისი საუკეთესო მეგობარია..  კინოსურათს უდიდესი წარმატება ხვდა წილად – დევიტო კი ჰოლივუდის წამყვანმა პროდიუსერებმა შეამჩნიეს.

შემდეგ იყო ფილმები – „ქვის რომანი“. „ტყუპები“, სადაც მან არნოლდ შვარცნეგერთან ერთად ითამაშა და იყო კინოსურათი, სახელწოდებით  „ტაქსი“, რომელმაც დევიტოს ოქროს გლობუსი და სატელევიზიო ჯილდო „ემი მოუტანა“.

1991 წელს დევიტომ კომპანია „ჯერსი ფილმსი“ დააარსა, რომელმაც ისეთი საკულტო ფილმები გადაიღო, როგორებიც  „Reality Bites“ და „Pulp Fiction“ არიან.

კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის 2011 წელს დენი დევიტოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

დევიტოს ცხოვრების თანამგზავრი მსახიობი, რეა პერლმანია, რომელსაც პირველად ჯერ კიდევ 1971 წელს შეხვდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს:

„ჩემს ცოლს ხშირად ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო?  ბევრჯერ ეცადნენ, თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ვერცერთხელ ვერ გატეხეს“

დღეს დენი დევიტო 81 წლისაა. ტკბება ცხოვრებით, ოჯახითა და  საყვარელი საქმით..  განსხვავებულობა, რომლის გამოც  ბავშვობაში თავს ხშირად დაბლა ხრიდა,  ახლა მისი სავიზიტო ბარათი და წარმატების მთავარი გასაღებია.. ის არის კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრებით სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა – რომ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ჯერ საკუთარი თავის თავად უნდა დაიჯეროთ…

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავოსში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის სპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება, სადაც მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „უკრაინის აღდგენის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს“ შესახებ პანელურ დისკუსიაში და ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ბიბისი“ – ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ალ-ზაჰრას რაიონში მათი ავტომობილი დაბომბეს.„ბიბისის“ ცნობით, დაღუპული სამი ფოტოჟურნალისტი ღაზის სექტორში ეგვიპტური ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის მუშაობდა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებს იღებდა.”ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში მიიტანეს „რამდენიმე ეჭვმიტანილზე, რომლებიც „ჰამასთან“ დაკავშირებულ დრონს იყენებდნენ იმგვარად, რაც საფრთხეს უქმნიდა ჯარისკაცებს“.ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა რაიონში ისრაელის მიერ არტილერიისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.„ჰამასისი“ მიერ კონტოლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 10 ოქტომბერს დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზაში სულ მცირე 466 პალესტინელი დაიღუპა.ისრაელის სამხედროების განცხადებით, იმავე პერიოდში პალესტინელი შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების შედეგად სამი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი – ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება

ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებაზე ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.მისი თქმით, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება.„ნათლად განვაცხადე, რომ „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს და ეს სრული ვალდებულება იქნება. შემდეგ კი სხვა საკითხებზე გადავალთ და ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ღაზა დემილიტარიზებული, სათანადოდ მართული და ლამაზად აღდგენილი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“, რომელიც თავდაპირველად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცებაზე იყო ორიენტირებული, უფრო ფართო როლის შესრულება შეუძლია.მისივე თქმით, გაერო-სთანაც ითანამშრომლებს.„ეს შესანიშნავი გეგმა იქნება. ვფიქრობ, ღაზასთან წარმატების მიღწევის შემდეგ შეგვიძლია, სხვა საკითხებზეც გადავინაცვლოთ. ღაზაში ძალიან წარმატებული ვიქნებით. ეს შესანიშნავი სანახავი იქნება, შემდეგ კი სხვა რაღაცების გაკეთებას შევძლებთ. ბევრი სხვა რამის გაკეთებაც შეგვიძლია. როგორც კი ეს საბჭო სრულად ჩამოყალიბდება, თითქმის ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ და ამას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად გავაკეთებთ, გესმით? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რვა ომი დაასრულა.„გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არასდროს მისაუბრია იმ რვა ომის შესახებ, რომლებიც დავასრულე. თქვენ იფიქრებთ, რომ მათ შეეძლოთ ამ რვა ომის დასრულება, მაგრამ ვერ შეძლებდნენ. ვფიქრობ, ზოგიერთის დასრულება სცადეს, თუმცა საკმარისად არ ეცადნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

პაატა მანჯგალაძე – 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები, მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს

100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს, – ამის შესახებ „სტრატეგია არმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.მანჯგალაძის თქმით, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.„არ არსებობს ჩემი მიმალვის საფრთხე, ჩემით ჩავედი და ჩავბარდი პოლიციელებს. 1 000-ზე მეტი განცხადებაა ჩემი, რომლის უმეტესობა ნეგატიური ხასიათისაა. ეს არანაირი მტკიცებულება არ არის ჩემ წინააღმდეგ. 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, რომ შემეძლოს, ერთი დაძახებით 100 000 კაცი გამომეყვანა ქუჩაში. მე ვიყავი ამ აქციაზე, მანამდე დავდიოდი სხვა აქციებზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.ამასთან, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქმეში არსებული ფოტოს საფუძველზე თქმა, რომ ის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორია, არ შეიძლება.„იმ წუთას მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ ოფისის წინ მედიასაშუალებებს ჩავწეროდი. გადავიღე ფოტო ამ ადამიანებთან. ეს იყო მხოლოდ პერფორმანსი. ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ამის გასაღება ორგანიზატორად არ შეიძლება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო, სადაც პაატა ბურჭულაძემ აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა. ბურჭულაძემ კომიტეტის წევრებად დაასახელა ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.

ჟან-კლოდ იუნკერი – ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის

ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.იუნკერის თქმით, არ შეიძლება, ევროკავშირი დაემორჩილოს აშშ-ის „ნეოკოლონიალურ ქცევას“.ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპელებს, აშშ-თან დაძაბულობა დიპლომატიის გზით მოაგვარონ და ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირს უჭირავს კარტები ხელში“.„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რაც გაგვაჩნია, რომლებიც მძიმედ დააზარალებს აშშ-ის ეკონომიკას და ჩვენ არ უნდა შევიკავოთ თავი საჭიროების შემთხევაში ამ ინსტრუმენტების გამოყენებისგან“, – განაცხადა იუნკერმა.მისი თქმით, დონალდ ტრამპთან „მეგობრულად საუბარი ბოლო პერიოდში სულ უფრო რთული გახდა, ამიტომ ევროკავშირი უფრო მტკიცე უნდა იყოს მასთან ურთიერთობებში და უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ „ევროკავშირს ვერ დაიქვემდებარებ რაიმე სახის ნეოკოლონიალური ქცევით“.„ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის. მან ეს იცის, მაგრამ არ ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ“, – თქვა ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა.ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელიც ამჟამად ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მრჩევლის პოსტს იკავებს, ასევე ისაუბრა ტრამპის სურვილზე, დაეუფლოს გრენლანდიას და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ძალის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მუქარამ, შესაძლოა, ნატო-ს არსებობა დაასრულოს.„თუ ნატო-ს მოკავშირე თავს დაესხმება ან დაემუქრება ნატო-ს სხვა მოკავშირეს, ეს ნიშნავს პროცესის დაწყებას, რომლის შედეგადაც ჩვენ, შეიძლება, გავხდეთ ნატო-ს დაშლის თვითმხილველები“, – განაცხადა იუნკერმა.

ბოლო სიახლეები