მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვიმატებენ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელისთვის მათ აკრძალვასთან დაკავშირებით, მათ შორის განცხადება, რომ გარედან დავალებით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, ამაზე მეტი ფროიდისეული წამოცდენა რა უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილმა თავად აღიარა, რომ გარედან მართული მარიონეტები არიან.
„დააკვირდით ერთ გარემოებას, ამ ბრიფინგის პარალელურად უცხოეთიდან დაქირავებულმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დადო რაღაც ანგარიში თუ შეფასება საგამოძიებო კომისიის მუშაობზე. ხელის გულზე დევს ის, რაც თვითონაც ისედაც წამოცდა, რომ გარედან დაგვავალესო და ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ორკესტრირებული ქმედება რადიკალურ ოპოზიციას, გარედან დაქირავებულ „ენჯეოების„ და მათი დამქირავებლების მხრიდან. ორკესტრირება საქართველოს წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის გზით, სადაც ერთმანეთს ეხმარებიან იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი ფრონტი – „ნაცმოძრაობა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა. მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენც ამას არ ვამბობთ?! ეს ქვეყანა პატარა რომ არის და ყველა ყველას იცნობს, მათ შორის იმასაც გულისხმობს, რომ ასეთი ინფორმაციები არ იმალება. ძაან კარგად ვიცით, რომელ ქვეყნებში რეგისტრირდებიან, ძაან კარგად ვიცით რომელ ქვეყნებში იღებენ ფულს და გადმოაქვთ. მინდა, განსაკუთრებით ამ „ენჯეოების“ თანამშრომლებს ვუთხრა, დღეს დონორები მათ უბიძგებენ, ჩაიდინონ დანაშაული, დაარღვიონ კანონი და საქმე საქმეზე რომ მიდგება და პასუხისმგებლობაზე, შემდეგ ის დონორი ხელს დაიბანს. წავა და სადღაც რომელიღაც კუნძულზე ფეხს ფეხზე გადაიდებს, კოქტეილს დალევს და პასუხისმგებლობაში მოექცევიან ის ადამიანები, რომლებიც მიამიტური თვალებით უყურებენ ამ დონორებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საინტერესოა, ამ ადამიანებს რა პოზიცია ექნებათ სასამართლო პროცესებზე.
„შიდა საქმეებზე გარეებთან კონსულტაციები არ უნდა ჰქონდეთ. ეს აჩვენებს სხვაობას ვასალურ ჯგუფებს შორის და პოტენციურ ვასალურ ხელისუფლებას შორის, ვისი მოყვანაც უნდათ. ძალიან კარგია რომ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვისურვებდი, რომ ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით მოვიდნენ სასამართლოში და მიიღონ მონაწილეობა პროცესში, მოისმინონ ის ბრალდებები, რომელიც გვაქვს. ვნახოთ, რა პასუხს გასცემენ ბრალდებებს, იტყვიან თუ არა, რომ წამებები არ იყო სისტემური სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, თუ თავს დახრიან და ბოდიშს მოიხდიან. ეს ორი არჩევანი ექნებათ სასამართლოში რომ მოვლენ. ან უნდა თქვან, ვაღიარებთ, ბოდიშს ვიხდით, განვაგდებთ სააკაშვილსო, ან უნდა თქვან, რომ არაფერი ხდებოდა, ტყუილი იყო და კიდევ ერთხელ დასცინონ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

