კვირა, თებერვალი 8, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, მეცნიერებისა და ინოვაციების დღე ღონისძიებით აღინიშნა, რომელზეც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის, მომავლის მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დარგში მეცნიერებისა და ინოვაციის ინტეგრირების გზები განიხილეს, ასევე, აღნიშნულ პროცესებში მომავალი თაობის ჩართულობის გააძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიება – „მწვანე სოფლის მეურნეობა და ინოვაციური მიდგომები: მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისათვის” – FAO-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ პარტნიორობით, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, აკადემიური წრეები, ახალგაზრდა ლიდერები, სოფლის მეურნეობის დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის წარმომადგენლები და ექსპერტები.

მეცნიერებისა და ინოვაციების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა გახსნეს.

ვიცე-რექტორმა ყურადღება გაამახვილა ღონისძიების მნიშვნელობასა და მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერის აუცილებლობაზე. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, ქვეყანაში მეცნიერების განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის, ასევე ეკონომიკის სხვადასხვა დარგის და მათ შორის სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პროცესში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მრავალწლიანი კომპეტენცია და გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„საგულისხმო და მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების დღე FAO-ს წარმომადგენლობამ საქართველოში ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმთან“ პარტნიორობით ჩაატარა. ეროვნულ დონეზე „ტექინფორმი“ ცოდნის გადაცემისა და გავრცელების ერთ-ერთი საკვანძო ორგანიზაციაა და ჩვენს ქვეყანას 1958 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო, ტექნიკურ და ინოვაციურ ცენტრებსა თუ სამეცნიერო კვლევით ქსელებში; 2020 წლიდან კი, FAO-ს მანდატით, „ტექინფორმი“ სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო სერვისების პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის საკითხებში FAO AGRIS-ის ეროვნული ჰაბია და მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ამ დარგში მეცნიერების მხარდაჭერისა და ცოდნის გავრცელების კუთხით.

 

ეს ღონისძიება არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისა და FAO-ს ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი მაგალითია, არამედ ერთგვარი პლატფორმაც, სადაც სამეცნიერო საზოგადოებას, სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო სექტორს და ახალგაზრდა თაობას ერთიანდებიან საერთო მიზნის – მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარების – გარშემო. გვჯერა, ეს არის სივრცე, სადაც მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ინოვაციური ტექნოლოგიები და ინჟინერიის თანამედროვე მიღწევები რეალურ სასიკეთო შედეგებეს მოგვიტანს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისი მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო გამოცდილებით, მზად არის იყოს ლიდერი არა მხოლოდ ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, არამედ სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პროცესშიც. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები გახდნენ ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა – ისინი, ვინც მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით შექმნიან ახალ მოდელებს, შეძლებენ კლიმატის ცვლილების გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას.

ჩვენ ვხედავთ ჩვენს მისიას იმაში, რომ უნივერსიტეტი იყოს ცოდნისა და ინოვაციის კერა, სადაც აკადემიური თავისუფლება, კვლევითი პოტენციალი და პრაქტიკული გამოცდილება ერთიანდება. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას, არამედ ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და გლობალური საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. სწორედ ამით უნდა შეიქმნას მძლავრი იმპულსი ინოვაციური ხედვების დასანერგად,“ – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა აღნიშნა, ღონისძიების მიზანია ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მსჯელობა, როგორიცაა სოფლის მეურნეობის სექტორში მონაცემთა შეგროვება და გამოყენება, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. მისი თქმით, FAO მხარს უჭერს საქართველოს განავითაროს აღნიშნული შესაძლებლობები, ხელს უწყობს პარტნიორობას, რომელიც ახალგაზრდებს, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიის სხვა აქტორებს საშუალებას აძლევს ერთობლივად შექმნან ინოვაციური გადაწყვეტები მდგრადი მომავლისთვის.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა სტუ-ის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორი პროფესორი ნელი მახვილაძე. მან FAO-სთან 27-წლიანი ნაყოფიერი კოლაბორაციის შესახებ ისაუბრა და სოფლის მეურნეობის სერვისების ხელმისაწვდომობის, სამეცნიერო პოტენციალის გაძლერებისა და დარგის პოპულარიზაციის მიმართულებით ბოლო 6 წლის განმავლობაში განხორციელებული ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტები მიმოიხილა. ნელი მახვილაძის თქმით, „ტექინფორმისა“ და FAO-ს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომია ისეთი მნიშვნელოვანი პლატფორმები, როგორიცაა: FAO AGRIS, FAO AGROVOC, Research4Life-ის მონაცემთა ბაზები და სხვადასხვა ინოვაციური რესურსი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ქართულ რეალობასთან აკავშირებს და ამასთან ერთად, გამოყენებით მეცნიერებას განავითარებს, გარდა ამისა, ხელს უწყობს ინოვაციური იდეების მხარდაჭერას, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიასთან შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმართვასა და დარგით ახალგაზრდების დაინტერესების მექანიზმების გაძლიერებას.

მეცნიერებისა და ინოვაციების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაგრძელდა პრეზენტაციებითა და სადისკუსიო პანელებით იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის ინოვაციები და ტექნოლოგიები მდგრადი და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მომავალს. მონაწილეებმა იმსჯელეს მანქანური სწავლების და დიდ მონაცემებთან მუშაობის თავისებურებებზე, ხელოვნური ინტელექტის როლზე, დაფინანსების შესაძლებლობებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების გზებზე; გარდა ამისა, განიხილეს კლიმატის ცვლილებაზე მორგებული „ჭკვიანი“ გადაწყვეტილებები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს.„ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ. ბრიუსელი ოჯახების პრიორიტეტად დაყენებას ერესს უწოდებს. ჩვენ ამას ჯანსაღ აზრს ვუწოდებთ“, – განაცხადა ორბანმა.ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული.„წარმატებული დიპლომატია ნიშნავს მეგობრობის დამყარებას, არა კონფლიქტების ესკალაციას. ვიდრე სხვები აბრკოლებენ, პრეზიდენტი ტრამპი განაგრძობს მუშაობას მშვიდობისთვის. უნგრეთი სიამაყით დგას შეერთებული შტატების გვერდით მშვიდობის მხარეს“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

მერაბ შარიქაძის გულახდილი ინტერვიუ

კაცმანის სხვა პოდკასტში“ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე იქნება. გადაცემის ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ მერაბ შარიქაძე ბევრ თემაზე გულახდილად საუბრობს.„არამორაგბე ვერასდროს ვიქნები“, „მაინც იგივენაირად მტკივა“, „ციხე ბევრად უფრო ახლოს არის ჩემთან, ვიდრე დოპინგი“, „იმპულსური გადაწყვეტილებები  არ უნდა მიიღო“, „წაგება არ შემიძლია, წაგება იმდენად არ მიყვარს, რომ მაგის ხათრით მიყვარს მოგება“, – ამბობს მერაბ შარიქაძე გადაცემის ანონსში.

ტელეფონის სქროლვის მოყვარულებს ექიმი ახალი დაავადების შესახებ აფრთხილებს

სმარტფონის ნეკის სინდრომი შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი ტრავმად აფასებს, ზოგი კი მას ნამდვილ დაავადებას უწოდებს. ეს ხდება იმ ადამიანებში, რომლებიც მიჩვეულები არიან სმარტფონის ხშირ სქროლვას, როცა ნეკა თითით ტელეფონი ქვემოდან უჭირავთ. შედეგად, თითი დეფორმირდება და ტკივილსაც კი იწყებს. რევმატოლოგმა განმარტა, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ უჩვეულო დაავადებამ.„რა თქმა უნდა, სმარტფონის ნეკის სინდრომი რეალურია. თუ არის ძლიერი და მუდმივი ერთფეროვანი მოძრაობები, ბუნებრივია, აქ შეიძლება განვითარდეს ცვლილებები მყესში. ისინი შეიძლება ამოტრიალდეს და იქ გამოჩნდეს ზოგიერთი კვანძი. ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ტელეფონს ყოველდღე ერთი და იგივე თითით დაიჭერთ", - თვლის ექსპერტი.ექიმის აზრით, უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი დაავადება გამოჩნდეს. თუმცა, სმარტფონის ნეკი თითის სინდრომი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს უფრო საშიში, ვიდრე სხვა მსგავსი დაავადებები, როგორიცაა სტენოზური ლიგამენტიტი. ასეთი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად და ხელების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია პრევენცია. სხვა შემთხვევებში გამოიყენება ქირურგია და ხელის ოპერაციები მარტივი ნამდვილად არ არის.„ამისთვის საჭიროა ქირურგიული ჩარევა, თუმცა დასაწყისისთვის შეგიძლიათ სცადეთ მყესების გასწორება და ანთების მოხსნა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, თუ სახსრები დაზიანებულია“, - გვირჩევს რევმატოლოგი..

მარკო რუბიო – რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი აფართოებენ ბირთვულ ძალებს, ჩვენ შევინარჩუნებთ საიმედო ბირთვულ შემაკავებელ...

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ბირთვული იარაღის კონტროლზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს და „აფრთხილებს, რომ არ იქნებიან მშვიდად, ვიდრე პეკინი და მოსკოვი თავიანთ არსენალს აძლიერებენ“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.მარკო რუბიოს თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, შეერთებული შტატები მოუწოდებს მრავალმხრივ მოლაპარაკებებს ბირთვული შეიარაღების კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე.განცხადების თანახმად, მოლაპარაკებები სამ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს; პირველ რიგში, შეიარაღების კონტროლი აღარ შეიძლება, იყოს მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი საკითხი. „როგორც პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, სხვა ქვეყნებსაც აქვთ პასუხისმგებლობა სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით კი ჩინეთს“, – აღნიშნა რუბიომ.გარდა ამისა, განცხადების თანახმად, აშშ არ მიიღებს პირობებს, რომლებიც აზიანებს შეერთებულ შტატებს ან იგნორირებას უკეთებს ვალდებულებების შეუსრულებლობას მომავალი შეთანხმების დადების პროცესში.ასევე, მარკო რუბიოს თქმით, აშშ მოლაპარაკებებს ყოველთვის ძლიერი პოზიციიდან წარმართავს.„რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შეერთებული შტატები მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი თავიდან იცილებენ ვალდებულებებს და აფართოებენ თავიანთ ბირთვულ ძალებს. ჩვენ შევინარჩუნებთ ძლიერ, საიმედო და მოდერნიზებულ ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„უოლ სთრით ჯორნალი“ – ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე

ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ამერიკელ კოლეგებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ თეირანი არ დაეთანხმება ურანის გამდიდრების შეწყვეტას საკუთარ ტერიტორიაზე.ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ირანი მზად არის, იმსჯელოს გამდიდრების დონეზე და სისუფთავეზე. ქვეყანა ასევე არ გამორიცხავს რეგიონული კონსორციუმის შექმნას.„როიტერის“ წყაროს თქმით, თეირანს მიაჩნია, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა „როგორც ჩანს, გაიგეს ირანის პოზიცია გამდიდრების საკითხზე და გამოიჩინეს მოქნილობა თეირანის მოთხოვნების მიმართ“.ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები არაპირდაპირი სახის იყო და ის ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართა, ომანის შუამავლობით. ინფორმირებული წყაროების ცნობით, არცერთმა მხარემ მნიშვნელოვნად არ შეცვალა თავისი საწყისი პოზიცია.მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ირანის სარაკეტო შესაძლებლობების საკითხი საერთოდ არ განხილულა.

ბოლო სიახლეები