ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საგაზაფხულო სემესტრს იტალიაში, პალერმოს უნივერსიტეტში გადიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების იჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საგაზაფხულო სემესტრს იტალიის ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ სივრცეში – პალერმოს უნივერსიტეტში გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცვლითი პროგრამა მოიცავს აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებებს და მიზნად ისახავს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, ევროპული აკადემიური სტანდარტებისა და პრაქტიკული უნარების შეჯერებას თანამედროვე აგრარულ გამოწვევებთან.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების იჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ ლექციებში, სამეცნიერო პროექტებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში ისეთი მნიშვნელოვანი თემების ფარგლებში, როგორიცაა ვაზის ვირუსული დაავადებები, სოციალური მარკეტინგი ღვინის ინდუსტრიაში, აგრარული მექანიზმები და მცენარეთა დაცვის თანამედროვე სტრატეგიები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ აკადემიური გამოცდილების გაფართოების შესაძლებლობა – ეს არის ნაბიჯი გლობალური სამეცნიერო სივრცისაკენ. საგაზაფხულო სემესტრის გატარება იტალიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სტუდენტებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა გაიღრმავონ, არამედ უშუალოდ შეეხონ იმ პრაქტიკულ გარემოს, რომელშიც იქმნება თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია ისეთი სპეციალობებისთვის, როგორიცაა აგრონომია, მევენახეობა-მეღვინეობა და აგრარული ტექნოლოგიები. სტუდენტები იღებენ მრავალმხრივ გამოცდილებას, ეცნობიან ევროპულ სტანდარტებს, გადიან პრაქტიკულ ტრენინგებს თანამედროვე ლაბორატორიებსა და საველე მეურნეობებში, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ პროფესიულ კომპეტენციებს და კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. უნივერსიტეტისთვის კი, მსგავსი პროექტები წარმოადგენენ მძლავრ ბერკეტს საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად, აკადემიური რესურსების გაზიარებისა და ინოვაციების დანერგვისთვის. სტუდენტების საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური მონაწილეობა ზრდის უნივერსიტეტის რეპუტაციას, ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან და ხელს უწყობს კვლევითი მიმართულებების განვითარებას.

პალერმოში წასულია მაგისტრატურის ოთხი წარმატებული სტუდენტი. მათ შორის: ნიკა ქალიაშვილი, რომლის ინტერესები მოიცავს აკაროლოგიას, ფიტოპათოლოგიას, მცენარეთა ინტეგრირებულ დაცვასა და ნიადაგმცოდნეობას. ნიკას პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით ფართოა — მან ჯერ კიდევ 2022 წელს, ასევე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ისწავლა პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტში. 2024 წელს კი გახდა აგრო-ლიგის გამარჯვებული მცენარეთა დაცვის მიმართულებით. პალერმოში ნიკას თანამშრომლობა აქვს ადგილობრივ წამყვან პროფესორებთან და მონაწილეობს კვლევით აქტივობებში, რაც კიდევ უფრო აფართოებს მის სამეცნიერო ჰორიზონტს; ირაკლი ათანელიშვილი, რომელიც მუშაობს პროფესორ ანტონინო გალატის ხელმძღვანელობით და იკვლევს, როგორ იყენებენ მცირე და საშუალო მეწარმეები სოციალურ მედიას ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად. მისი დასკვნები მიუთითებს, რომ სწორად დაგეგმილი კამპანიები ზრდის ლოიალურობასა და გაყიდვებს, განსაკუთრებით ნიშურ, მაღალი ხარისხის პროდუქციაზე; გიორგი ლაზარიაშვილი, რომელიც მუშაობს ისეთ ცნობილ მეცნიერებთან, როგორიც არიან სტეფანო პანო და ანდრეა კარუზო. მისი კვლევა ეფუძნება ვირუსების აღმოჩენის თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც მომავალში დაეხმარება მას მევენახეობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირებაში. გიორგის პრაქტიკული გამოცდილება შთამბეჭდავია: 2025 წელს დააარსა საკუთარი მარანი — მეღვინეობა კამარა, რომელიც ტრადიციულსა და ინოვაციურ მიდგომებს აერთიანებს. ასევე არის 2024 წლის აგრო ოლიმპიადის პრიზიორი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით და ლუკა ქორიძე, რომელიც აქტიურად მუშაობს ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში პროფესორებთან: სტეფანო პანო, ანდრეა კარუზო, სლავიცა მატიჩი და სალვატორე დავინო. მან გაიარა პრაქტიკული მომზადების კურსი ისეთ თანამედროვე მეთოდებში, როგორიცაა Real Time qPCR, LAMP და Primer Design. იგი იკვლევდა ყველაზე გავრცელებულ ვირუსებს სიცილიის ვენახებში. ლუკა ასევე გახლავთ სტუ-ის წარჩინებული კურსდამთავრებული და მონაწილეობდა გერმანიაში საზაფხულო სტუდენტურ დასაქმების პროგრამაში, რამაც მის პიროვნულ განვითარებასა და პრაქტიკულ მიდგომებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”, – აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია – ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორების, ნინო თოფურიას და ალექსი ლაბაძის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის, მარგარიტა სეროპიანის შემადგენლობით – „ERASMUS+“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პალერმოს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავებისა და სასწავლო პროგრამების ჰარმონიზაციის მიმართულებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება

ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებაზე ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.მისი თქმით, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება.„ნათლად განვაცხადე, რომ „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს და ეს სრული ვალდებულება იქნება. შემდეგ კი სხვა საკითხებზე გადავალთ და ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ღაზა დემილიტარიზებული, სათანადოდ მართული და ლამაზად აღდგენილი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“, რომელიც თავდაპირველად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცებაზე იყო ორიენტირებული, უფრო ფართო როლის შესრულება შეუძლია.მისივე თქმით, გაერო-სთანაც ითანამშრომლებს.„ეს შესანიშნავი გეგმა იქნება. ვფიქრობ, ღაზასთან წარმატების მიღწევის შემდეგ შეგვიძლია, სხვა საკითხებზეც გადავინაცვლოთ. ღაზაში ძალიან წარმატებული ვიქნებით. ეს შესანიშნავი სანახავი იქნება, შემდეგ კი სხვა რაღაცების გაკეთებას შევძლებთ. ბევრი სხვა რამის გაკეთებაც შეგვიძლია. როგორც კი ეს საბჭო სრულად ჩამოყალიბდება, თითქმის ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ და ამას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად გავაკეთებთ, გესმით? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რვა ომი დაასრულა.„გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არასდროს მისაუბრია იმ რვა ომის შესახებ, რომლებიც დავასრულე. თქვენ იფიქრებთ, რომ მათ შეეძლოთ ამ რვა ომის დასრულება, მაგრამ ვერ შეძლებდნენ. ვფიქრობ, ზოგიერთის დასრულება სცადეს, თუმცა საკმარისად არ ეცადნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

პაატა მანჯგალაძე – 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები, მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს

100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს, – ამის შესახებ „სტრატეგია არმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.მანჯგალაძის თქმით, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.„არ არსებობს ჩემი მიმალვის საფრთხე, ჩემით ჩავედი და ჩავბარდი პოლიციელებს. 1 000-ზე მეტი განცხადებაა ჩემი, რომლის უმეტესობა ნეგატიური ხასიათისაა. ეს არანაირი მტკიცებულება არ არის ჩემ წინააღმდეგ. 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, რომ შემეძლოს, ერთი დაძახებით 100 000 კაცი გამომეყვანა ქუჩაში. მე ვიყავი ამ აქციაზე, მანამდე დავდიოდი სხვა აქციებზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.ამასთან, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქმეში არსებული ფოტოს საფუძველზე თქმა, რომ ის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორია, არ შეიძლება.„იმ წუთას მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ ოფისის წინ მედიასაშუალებებს ჩავწეროდი. გადავიღე ფოტო ამ ადამიანებთან. ეს იყო მხოლოდ პერფორმანსი. ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ამის გასაღება ორგანიზატორად არ შეიძლება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო, სადაც პაატა ბურჭულაძემ აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა. ბურჭულაძემ კომიტეტის წევრებად დაასახელა ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.

ჟან-კლოდ იუნკერი – ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის

ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.იუნკერის თქმით, არ შეიძლება, ევროკავშირი დაემორჩილოს აშშ-ის „ნეოკოლონიალურ ქცევას“.ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპელებს, აშშ-თან დაძაბულობა დიპლომატიის გზით მოაგვარონ და ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირს უჭირავს კარტები ხელში“.„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რაც გაგვაჩნია, რომლებიც მძიმედ დააზარალებს აშშ-ის ეკონომიკას და ჩვენ არ უნდა შევიკავოთ თავი საჭიროების შემთხევაში ამ ინსტრუმენტების გამოყენებისგან“, – განაცხადა იუნკერმა.მისი თქმით, დონალდ ტრამპთან „მეგობრულად საუბარი ბოლო პერიოდში სულ უფრო რთული გახდა, ამიტომ ევროკავშირი უფრო მტკიცე უნდა იყოს მასთან ურთიერთობებში და უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ „ევროკავშირს ვერ დაიქვემდებარებ რაიმე სახის ნეოკოლონიალური ქცევით“.„ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის. მან ეს იცის, მაგრამ არ ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ“, – თქვა ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა.ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელიც ამჟამად ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მრჩევლის პოსტს იკავებს, ასევე ისაუბრა ტრამპის სურვილზე, დაეუფლოს გრენლანდიას და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ძალის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მუქარამ, შესაძლოა, ნატო-ს არსებობა დაასრულოს.„თუ ნატო-ს მოკავშირე თავს დაესხმება ან დაემუქრება ნატო-ს სხვა მოკავშირეს, ეს ნიშნავს პროცესის დაწყებას, რომლის შედეგადაც ჩვენ, შეიძლება, გავხდეთ ნატო-ს დაშლის თვითმხილველები“, – განაცხადა იუნკერმა.

ირაკლი კობახიძე – ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად რომ გააკეთოს, უნდა მივცეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია...

დღეს ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, სრულად მარგინალიზებულ, პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია, საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ვალდებულია, ეს არაჯანსაღი ვითარება გამოსწორდეს და ქართველ ხალხს დაუბრუნდეს დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით – დებატებით სარგებლობის უფლება.მისი თქმით, საჯარო ცხოვრებაში უნდა დაბრუნდეს დისკუსია, რათა მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს.„და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც – ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს ირაკლი კობახიძე.

მიხეილ სააკაშვილი – აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს კურსს უჭერს მხარს, არსებობს მიშას ახალი თაობა, თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის, მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში...

არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს. მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.მისივე თქმით, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა.„მინდა, მოგესალმოთ დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ თანამებრძოლებს. სამწელიწად-ნახევარი ამ სასამართლოში არ ვყოფილვარ. ძალიან მომენატრეთ. მოსვლა გადავწყვიტე, რათა შეგხვედროდით თქვენ და გვესაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე. დღეს მძიმე პერიოდია. საქართველოს ისტორიის დიქტატურამ ფარდა ჩამოაფარა ჩვენსა და თავისუფალ სამყაროს შორის, მაგრამ მოვედი, გითხრათ, რომ იმედი არის. რეჟიმი თავისუფალი სამყაროსგან კი არა, რუსეთისგანაც იზოლირებულია. ერთ მხარეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და დაუნდობლობა, აქედან კი უნდა დავუპირისპიროთ გამბედაობა, თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, დავძლიოთ შიში, ვთქვათ სიმართლე.„ვარდების რევოლუცის“ რეფორმასაც ბევრმა ვერ აუწყო ფეხი, ნეპოტიზმს, კორუფციას დავეჯახეთ, იყო მძიმე შედეგები, მათ შორის ჩვენთვის. ბევრს არ მოეწონა. ლევან ბერძენიშვილმა მაშინ თქვა, სააკაშვილს საქართველოში დანია უნდა და ეს არ გამოვაო. გვთავაზობდნენ ქართულ ჯიგრულ პონტში ურთიერთობის გაგრძელებას. პატარკაციშვილი რუსი კრიმინალი ოლიგარქი იყო. აქციები რომ მოეწყო მისი და უსოიანის მხარდაჭერით, მე გადავდექი თანამდებობიდან. ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, საქართველოში დაბრუნდებოდა თუ არა კორუფცია, კრიმინალი? იქნებოდა თუ არა 800 000 სოციალურად დაუცველი?არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ჩემს კურსს უჭერს მხარს. ასევე არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო. მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი. ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა. რაზე ვჭამთ ერთმანეთს? იქეთ მხარეს ჭაობია, აქეთ – სიმართლე. ეს არის ბარბაროსებისა და ბიძინა სასტიკის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, ყველაზე მატყუარა თავზე მოაჯდა საზოგადოებას, ნიჭიერება უნიჭობას ამარცხებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის შესახებაც გააკეთა განცხადება.„უკრაინას რაც შეეხება, ბოლოს ამ დარბაზში ვიყავი, როცა რუსული ჯარები კიევთან იდგნენ, რადგან ვერ შეძლეს კიევის დაპყრობა, ვერცერთი დიდი ქალაქის აღება. პრობლემები არის, უკრაინა ჩაბნელებულია, მაგრმა რუსეთი დამარცხებულია. რუსეთი, რომელიც ვერ მიიღებს უკრაინის დაჩოქებას, დამარცხებულია. დონბასიც კი ვერ აიღეს, რაც ნიშნავს რუსეთის დამარცხებას. ვინაიდან დამარცხებულები არიან, ჩვენ, ყველა ვიქნებით გამარჯვებულები“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.განცხადების გაკეთების შემდეგ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. პროცესი მოწმეების დაკითხვით დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები