ხუთშაბათი, დეკემბერი 12, 2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მეცნიერებსა და აკადემიურ წრეებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების და საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს ქართველ და უცხოელ კოლეგებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორებსა და მეცნიერებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

„წელს 23 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც UNESCO-მ 10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2001 წლიდან, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად ვიკრიბებით მეცნიერები, რათა ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უახლესი მიღწევების შესახებ.

10 ნოემბერი ხაზს უსვამს მეცნიერების აქტუალობას ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. პროგრესი შეუძლებელია მეცნიერების გარეშე, – ეს უნდა გააცნობიეროს ახალმა თაობამ და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომელსაც სახელმწიფო აძლევს.

საქართველოში მეცნიერებამ რთული გარდამავალი პერიოდი გაიარა. იყო დრო, როცა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარება სერიოზული რისკის ქვეშ იდგა.

დღეს, საბედნიეროდ, მეცნიერება არის საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ ალექსანდრე წულაძის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული ნაწილი. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, ხელისუფლების ინიციატივითა და მხარდაჭერით, არაერთი პროექტი ხორციელდება საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მეცნიერების განვითარებაში, საქართველოს სწრაფ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში უდიდესი წვლილი შეაქვს მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერთა გაერთიანებას, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, აკადემიკოს როინ მეტრეველის ხელმძღვანელობით.

დღეს ქართველი მეცნიერები მოღვაწეობენ ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და უდიდეს კვლევით ცენტრებში. ჩნდება მეტი შესაძლებლობა, გაცილებით მეტი მკვლევარი, მათ შორის ახალგაზრდა ჩაერთოს სამეცნიერო კვლევებში, ჩვენი რიგები ნიჭიერი ახალგაზრდა თაობით ივსება. წარმატებებს ვუსურვებ მათ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას გისურვებთ”, – აღნიშნულია აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.

ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ლაშა იყო ერთი უბრალო და გულიანი ბიჭი, უყვარდა ფოტოების გადაღება…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება მეტროში დაღუპულ ახალგაზრდაზე

მეტროში დაღუპული ახალგაზრდა ბიჭი, ლაშა ამირეზაშვილია. ის ადრე ფოტოგრაფი იყო და ძალიან უყვარდა ბუნების პეიზაჟების გადაღება. 30 წლის ბიჭი გუშინ მეტროში ჩააგდეს, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. „ლაშა იყო ერთი უბრალო და გულიანი ბიჭი, უყვარდა ფოტოების გადაღება, განსაკუთრებით ბუნებას უღებდა“,- ამბობს ლაშას ახლობელი. „უბრალო გულიანი ბიჭი იყავი... მშვიდობით, ამირეზ...“ „ლაშა როგორ დაგვწყვიტე გული“,- წერენ სოცქსელში. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანმა, რომელმაც ლაშას ხელი ჰკრა, მას არ იცნობდა.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება – რა ვითარებაა ადგილზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ტერიტორიაზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო პიროტექნიკის გამოყენების ერთეული შემთხვევები, თუმცა ამას ადგილზე ვითარება არ დაუძაბავს. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტები პარლამენტის რკინის ჯებირს უბრახუნებდნენ, თუმცა არც ამ შემთხვევას მოჰყოლია რაიმე ინციდენტი. ადგილზე არ შეიმჩნევა საპოლიციო ძალების განსაკუთრებულ მობილიზება. აქციის მონაწილეები იმყოფებიან, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ, ასევე რუსთაველის თეატრისა და სასტუმრო "მერიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე. პროტესტის მე-14 დღე მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს.

ავსტრალიაში ლაბორატორიიდან გაუჩინარდა ასობით ფლაკონი, რომელიც შეიცავს მომაკვდინებელი ვირუსების ნიმუშებს

ავსტრალიის სამედიცინო ლაბორატორიიდან სასიკვდილო ვირუსების შემცველი ასობით ფლაკონი გაუჩინარდა. ამის შესახებ Newsweek წერს. სულ 325 ფლაკონი განადგურდა ან ამოიღეს უსაფრთხო საცავიდან, მათ შორის 223 ფლაკონი შეიცავს ლიზავირუსის პათოგენს, რომელსაც აქვს თითქმის 100% სიკვდილიანობა და არ იკურნება. თუმცა, ადამიანები თითქმის არასოდეს ავადდებიან ამ ვირუსით. ასევე დაიკარგა ჰენდრას ვირუსის 100 ფლაკონი, რომელიც ცხენებიდან ადამიანზე გადადის და შემთხვევათა 57%-ში ფატალურია, ასევე ჰანტავირუსის ორი ფლაკონი, რომელიც წარმოშობილია ვირთხებიდან და 38%-ში ფატალურია. დაკარგული ნიმუშების შესახებ გამოაცხადა კვინსლენდის ჯანდაცვის მინისტრმა ტიმ ნიკოლსმა. მისი თქმით, ეს მოხდა 2021 წელს ბიოლოგიური უსაფრთხოების პროტოკოლების სერიოზული დარღვევის შედეგად, მაგრამ დანაკარგი მხოლოდ 2023 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს. თუმცა, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ნიმუშები არ არის მოპარული. დაკარგვის სავარაუდო მიზეზი იყო გადაუდებელი შემთხვევა - საყინულეს ავარია, რომელშიც ისინი ინახებოდა.

თეა წულუკიანი – ეს ხელისუფლება არსად მიდის, მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა, ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი, ეს უნდა იყოს შანტაჟისგან...

ჩვენმა ხელისუფლებამ არასად არ გადაუხვია, რადგან თუ სადღაც გადაუხვია, ე.ი. სადღაც სხვაგან წავიდა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ წავიდა, მაშინ ვიღაცამ უნდა დადოს ფაქტი, რას ნიშნავს ეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. „თუ ამბობენ, რომ გადავუხვიეთ ევროპის ინტეგრაციის გზას, მაშინ არგუმენტი. ინტეგრაცია შეჩერდა თუ არა საქართველოს მხრიდან, ამას ვერ დაადგენს ბატონი ჰერჩინსკი, ამას ამბობს საქართველოს პირველი პირი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა და გასაგებ ქართულ ენაზე, რომ ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს, რომ შევწყვიტოთ შანტაჟის ჯაჭვი“, – აღნიშნა წულუკიანმა. თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს შანტაჟის ენით საუბარი საქართველოსთან და დაიწყოს საქმიანი დისკუსია. „ყველგან არის ის, თუ რა პირობებში ამყოფებდა ევროკავშირი ჩვენს ხელისუფლებას. მუდმივი შანტაჟისა და წნეხის ქვეშ. დაახლოებით ისეთის, რომელსაც მე ვეძახი „აცე ვიროს პრინციპს“. „აცე ვირო და მოგცემ , პატარა თივას ჩაგიდებ პირში“. შესაბამისად, ეს „აცე ვიროს“ შანტაჟი უნდა შემწყდარიყო, რაღა ჩვენსა და ევროკავშირს შორის დისკუსია გადასულიყო საქართველოსთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებისთვის საუკეთესო გზაზე. ეს ხელისუფლება არსად არ მიდის იმიტომ, რომ მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა. ამიტომ ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი და ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი, საქმიანი დისკუსია. ამიტომაც ითქვა ის, რაც ითქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა თქვა და ასეც იქნება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მოამზადებს.

მკვლელობა მეტროში – ცნობილია პირის ვინაობა, რომელმაც ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო

მეტროსადგურში 30 წლის ახალგაზრდას ერთ-ერთმა მგზავრმა, მოულოდნელად, ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო. ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. დანაშაული მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილი ბაქანზე იდგა და მატარებელს ელოდებოდა. მოულოდნელად, მასთან უცნობი პირი მივიდა და ხელი ჰკრა. მგზავრები ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა ამირეზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავების ღონისძიება "კურიერმა" გადაიღო. პოლიციამ მამაკაცი მეტროსადგურიდან ხელბორკილებით გამოიყვანა. „კურიერის“ ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდიაშვილია დაკავებული. ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა. ლაშა ამირეზაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს, დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცს მშობლიურ სოფელში გლოვობენ. "კურიერის" ინფორმაციით, ამირეზაშვილი ზემო ხანდაკში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თბილისში კი სამუშაოდ, მკვლელობამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა. რა გახდა დანაშაულის მოტივი, ჯერ უცნობია. არ არის გამორიცხული, სასამართლოში, მკვლელობის ვერსიაზე თავად ბექა მინდიაშვილმა ისაუბროს. ხვალ, მოსამართლე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ბოლო სიახლეები