საფრანგეთში 11 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში 60 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
დემონსტრანტების ნაწილი იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის გადადგომას ითხოვს.
11 წლის ლიჰანა 29 მაისს ქალაქ ფლერანსის მახლობლად გაუჩინარდა. მისი ცხედარი გასულ კვირას იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, გოგონა ბოლოს მაშინ ნახეს, როდესაც მამაკაცის ავტომობილში ჯდებოდა. 41 წლის ჟერომ ბარელა, რომელიც ლიჰანას მეგობრის მამაა, გოგონას გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ დააკავეს. ის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა, აღიარებს, რომ გოგონა საკუთარი ავტომობილით ადგილობრივ საცურაო აუზამდე მიიყვანა.
საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ეჭვმიტანილი სექსუალური ძალადობის საქმეში ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში იყო დასახელებული. სამედიცინო ექსპერტიზამ 10 წლის გოგონაზე ძალადობის ნიშნები დაადასტურა, თუმცა საჩივრის შეტანიდან ცხრა თვის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებს ეჭვმიტანილი არც კი დაუკითხავთ. საზოგადოების ნაწილის თქმით, სამართალდამცველებს დროულად რომ ემოქმედათ და ეჭვმიტანილი დაეკითხათ, შესაძლოა, ლიჰანას ტრაგიკული სიკვდილი თავიდან აეცილებინათ.
გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ბარელა ბოლო წლებში სექსუალური ძალადობის კიდევ რამდენიმე საქმეშიც ფიგურირებდა.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, ლიჰანას საქმე სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების სისტემის „საშინელ მარცხს“ წარმოადგენს, თუმცა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამასთან, როგორც დარმანენმა სენატის კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, ამ კონკრეტულ საქმეში პრობლემა რესურსების ნაკლებობა არ ყოფილა. მისი თქმით, ყველა საფუძველი იყო, რომ ბარელა დროებით დაეკავებინათ და ბრალდებები საფუძვლიანად შეემოწმებინათ, თუმცა ცხრა თვის განმავლობაში ეს არ მომხდარა.
იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო პროკურორებს დაავალა, ხელახლა განიხილონ არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის დაახლოებით 70 000 დაუმუშავებელი საჩივარი.
ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ბავშვთა დაცვის კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რათა მოძალადეები უფრო მკაცრად დაისაჯონ და მათთვის უვადო პატიმრობაც გახდეს შესაძლებელი.

