ბიძინა ივანიშვილი საზოგადო მოღვაწეა, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი, ასევე მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გარანტი. ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ ვინც ნახა, ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითიც ტელეკომპანია „იმედთან“ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
იონათამიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იდგება მშვიდობისა და განვითარების მხარეს.
„ჩვენი ქვეყნისთვის უკვე ეგზისტენციალური მნიშვნელობის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს, რაც კეთილდღეობას, პროგრესსა და მშვიდობას შეუქცევადს გახდის. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ იყო ზეწოლა საქართველოზე, რათა მეორე ფრონტი გახსნილიყო. ეს რისკები საბოლოოდ გამქრალი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და ქვეყანაში დაიცვა მშვიდობა – ყველას ჩაუშალა ის მავნებლური გეგმა, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურების პირას მიიყვანდა. ამიტომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის იდგება მშვიდობისა და განვითარების მხარეს. არავის მივცემთ უფლებას, აქ რაღაცები იმისთვის არიოს, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა იყოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, „დღეს საქართველოს ჰყავს არა ოპოზიცია, არამედ აგენტურა, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებად არის რეგისტრირებული“.
„აგენტურის ადგილია არა პოლიტიკაში, არამედ სასამართლოს სამსჯავროზე. ისინი იცავენ არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ დავალების მიმცემთა, უცხო ძალების ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, აგენტურას – ოთხ პარტიას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს, სასამართლოს წინაშე დადგომა და გასამართლება მოუწევს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.