პარასკევი, ივნისი 13, 2025

მეუეფ შიო – მადლიერება გვმართებს იმ დიდებული ადამიანების, ვინც გამოთქვა და განაცხადა ჭეშმარიტება, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა – ვევედროთ უფალს, რომ მათი ლოცვით შევძლოთ წმინდა და საღვთო რწმენის, მართლმადიდებელი სარწმუნოების შენახვა

როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა კვირას და ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტი შიოს განცხადებით, „ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ მოგვიყვანა მის წმინდა ეკლესიაში, რათა ვეზიაროთ ამ რწმენას და ვსაზრდოობდეთ მარადიული სიცოცხლის წყაროსგან…გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც გამოთქვა და განაცხადა ეს ჭეშმარიტება, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ის”.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელო მეუფეო, პატიოსანნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ნინოობა და დღევანდელ დღეს დაემთხვა პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების კვირა.

ამ კვირა დღესთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარებიდან მონაკვეთი, საიდანაც ვიგებთ, რომ მას შემდეგ, როცა უფალი იესო ქრისტე უკანასკნელად ესაუბრა თავის მოციქულებს საიდუმლო სერობაზე, მან ლოცვით მიმართა მამაზეციერს. ამ ლოცვაში განსაკუთრებით კარგად ჩანს მამა ღმერთის და ძე ღმერთის ერთობა. უფალი სთხოვს მას მორწმუნეთათვის და ამბობს: „იყვნენ ესენი ერთ’’, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი ერთ არიან“(ინ. 17,21). ასევე ამბობს ასეთ სიტყვებს: „ყოველივე ჩემი შენი არს და შენი ჩემი არს“(ინ. 17,10). საოცარი სიტყვებია ეს, არცერთ ადამიანს, არცერთ რელიგიას არ უქადაგია ასეთი ერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის. ღმერთი გახდა ადამიანი იმისთვის, რომ ადამიანიც გახდეს მადლით ღმერთი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც აქვს ღმერთს, მადლით ჰქონდეს ადამიანსაც.

ეს საოცარი და განსაკუთრებული ერთობა, ძვირფასო ძმებო და დებო, ხორციელდება მაშინ, როდესაც ჩვენ ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით. ყოველთვის, როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ეს ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე.

ამ საოცარ ლოცვაში უფალი იესო ქრისტე კიდევ განმარტავს იმას, თუ რა არის საუკუნო სიცოცხლე და ამბობს: „საუკუნო სიცოცხლე არის, რათა გიცნობდნენ შენ (ანუ მამა ღმერთს ეუბნება) და იმას, ვინც მოავლინე, იესო ქრისტეს“ (ინ. 17,3). ე. ი. საუკუნო სიცოცხლე ყოფილა არამხოლოდ ერთი ღმერთის შეცნობა და რწმენა, არამედ იესო ქრისტეს რწმენაც, თორემ ერთი ღმერთი იმათაც სწამდათ, ვინც ითხოვდა მის ჯვარცმას და სიკვდილს და ვინც ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინა; დღესაც არიან მრავლად ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ სწამთ ერთი ღმერთი, მაგრამ ისინი უარყოფენ მისგან კაცობრიობის გამოხსნისთვის მოვლენილ ძე ღმერთს და ათასგვარ უბედურებას ჩადიან.

ეს სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო, არ იყო შემთხვევით წაკითხული დღევანდელ წირვაზე, რადგან დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც წინ აღუდგნენ არიოზის მწვალებლობას, რომელიც აკნინებდა იესო ქრისტეს საღვთო ღირსებას და ამბობდა, რომ ის არის ქმნილება. ამიტომ ეს წმინდა მამები წინ აღუდგნენ მას, დაგმეს ეს სწავლება და გამოთქვეს ჭეშმარიტება, რომ იესო ქრისტე არ არის ქმნილება, არც მხოლოდ წინასწარმეტყველი, არც რომელიმე ზნეობის მასწავლებელი, არამედ არის მხოლოდშობილი ძე ღვთისა, განკაცებული ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა; და ამ რწმენას აღიარებს წმინდა ეკლესია იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ უბრძანა თავის მოციქულებს, წასულიყვნენ საქადაგებლად და მოენათლათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა; იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პავლე მოციქულმა განაცხადა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და მაცხოვარი სოფლისა და იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც წმინდა მამებმა განმარტეს ეს ჭეშმარიტება და დაამტკიცეს პირველ მსოფლიო კრებაზე.

დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ მოგვიყვანა მის წმინდა ეკლესიაში, რათა ვეზიაროთ ამ რწმენას და ვსაზრდოობდეთ იმ მარადიული სიცოცხლის წყაროსგან, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე თავის სამეუფეო ლოცვაში. ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც გამოთქვა და განაცხადა ეს ჭეშმარიტება, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ის. ვიმეორებ, ესენი არიან პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები, ეს არის წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი, ქალწული ნინო, რომელმაც ეს რწმენა ჩვენთან მოიტანა და იქადაგა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს, როდესაც ვიხსენიებთ და ვადიდებთ ამ დიდ მოღვაწეებს (წმინდა ნინოსთან ერთად დღეს არის ასევე ხსენება მოციქულთასწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანასი), ვევედროთ უფალს, რომ მათი ლოცვით შევძლოთ ამ წმინდა და საღვთო რწმენის – მართლმადიდებელი სარწმუნოების – შენახვა და ღირსი გავმხდარიყავით, ამ რწმენით სასურველი, მარადიული და ნეტარი ცხოვრების მიღწევის, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი!”, – განაცხადა მეუფე შიომ თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს:„13 წლის წინანდელი ამბავი რა ვერ ამოწურეთ? მერიდება უკვე ახალი არაფერი ხდება ქვეყანაში, რომ წინა ცხოვრების ამბები არ გაანიუსოთ?! დავიღალე უკვე და ხალხიც დაიღალა! სხვა ვინმე გაათხოვეთ თხოვნა“,- წერს ნინი.ცნობისთვის, ნინის შესახებ სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელში ძველ ამბავს ატრიალებდა, სადაც მისი გათხოვების შესახებ ეკა კახიანი საუბრობს.

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს მიშოს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი, რომლის წევრიც მიშო აშვეთია იყო.„სამწუხაროდ, ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია...  ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა.თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას.მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ“, - წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი სოციალურ ქსელში.

აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ გზა გადაკეტეს და ორი კარავი გაშალეს

მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან. გადაკეტილია გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, მათ ფილარმონიასთან საქალაქო სასამართლოდან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრება სიმბოლურია, რადგან 19 ნოემბერს მათე დევიძე ფილარმონიასთან დააკავეს. დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებსაც ერთ ლოკაციაზე, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.დემონსტრანტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე ორი კარავიც განათავსეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, „ძირს უსამართლო სასამართლო“.ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას ოთხი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაღუპულია ახალგაზრდა კაცი – ქუთაისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქუთაისში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.დაღუპულია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ეძინა, როცა შენობაში ცეცხლი გაჩნდა.ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ინდოეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11A ადგილას მჯდომი ბრიტანელი მგზავრი გადაურჩა

ინდოეთის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ Air India-ს კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნას, რომლის შედეგადაც სულ მცირე 200 ადამიანი დაიღუპა, ერთი მამაკაცი გადაურჩა. აჰმედაბადის პოლიციის კომისარმა, გ.ს. მალიკმა, ANI-ს განუცხადა, რომ ლონდონის მიმართულებით მიმავალი Boeing 787-8 რეისის 11A ადგილას ერთი გადარჩენილი იმყოფებოდა. ხელისუფლების მიერ გაზიარებულ ფრენის მანიფესტში ნათქვამია, რომ ამ ადგილას მჯდომი მგზავრი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში იყო. ინდურმა მედიამ განაცხადა, რომ ისინი საავადმყოფოში ბატონ რამეშს ესაუბრნენ და იტყობინებიან, რომ მან თქვა: „აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“.

ბოლო სიახლეები