ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026

ირაკლი კობახიძე – ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს

დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. დებატი საშუალებას აძლევს საზოგადოებას, მოისმინოს და გააანალიზოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა შეხედულებები და არჩევანი გააკეთოს იმ მხარის სასარგებლოდ, რომლის აზრიც უფრო მართებულად მიაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძის თქმით, სწორედ ამგვარი საყრდენით შეიქმნა ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს, ხალხის მმართველობის საფუძვლები.

„დებატებს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, დაწყებული სახალხო შეკრებებზე გამართული „საკამათო მოედნებით“ დასრულებული სატელევიზიო დებატებით, მისი მიზანი კი ყოველთვის ერთი იყო – მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების უმრავლესობას უნდა გაერჩია და გადაეწყვიტა მის ღირებულებებთან, შეხედულებებთან და მოთხოვნილებებთან უფრო ახლოს მდგომი პოზიცია.

რადგან დებატების კულტურა სწორედ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია, დემოკრატიის ეს უალტერნატივო საყრდენი ყველაზე მეტად, თანაც უმაღლეს დონეზე, სწორედ ევროპის კონტინენტზე, ევროპულ ქვეყნებში იყო განვითარებული. დებატები იმართებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა თემაზე, იქნებოდა ეს პოლიტიკა, ბიზნესი, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი თუ სხვა. ამ ფორმით, მოსახლეობა მაქსიმალურად იყო ინფორმირებული ნებისმიერ გამოწვევასა თუ მიღწევაზე, რაც საბოლოოდ ხალხს სწორი არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევდა.

სამწუხაროდ, ევროპის კონტინეტზე 2008 წლის შემდეგ სიტუაცია თანდათანობით უარესობისკენ შეიცვალა, რაც ევროპულ პოლიტიკაზე ე.წ. „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ზრდას პირდაპირ უკავშირდება. მას შემდეგ, რაც დაიწყო ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დრამატული შესუსტებისა და ევროპული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის პროცესი, მას შემდეგ, რაც ევროპაში ღრმად გაიდგა ფესვები აგენტურის მმართველობამ და ფსევდოლიბერალურმა ღირებულებებმა, არაფორმალურმა მმართველებმა თავად წარმოქმნეს ხელოვნური პრობლემები, როგორიცაა ლგბტ და გენდერული იდენტობის საკითხები, „მწვანე პოლიტიკა“ და სხვა, და თავადვე შესთავაზეს საზოგადოებას ამ ხელოვნური პრობლემების გადაჭრის გზები. ამ პროცესში მათ ხალხს არჩევანის საშუალება წაართვეს, რეალური პრობლემებიდან ყურადღება მოგონილ, აბსურდულ საკითხებზე გადაატანინეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ ევროპულ პოლიტიკას დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საყრდენი, ჯანსაღი დებატები მთლიანად გამოეცალა.

არაფორმალური მმართველები ევროპული ქვეყნების დასაქვემდებარებლად, იარაღის ნაცვლად, ე.წ. რბილ მეთოდს, ხალხის ცნობიერებაზე იდეოლოგიურ და ინფორმაციულ ზეწოლას იყენებენ, ამ მიზანს კი, ჯანსაღი დებატები, ვითარების საჯარო კრიტიკა და ანალიზი პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამიტომ, ამ „პრობლემის“ მოგვარებაზე საკმაოდ დიდი დრო, რესურსი და ენერგია დაიხარჯა. განსაკუთრებით 2020 წლიდან, წამყვან ევროპულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ერთი მეორის მიყოლებით დაიხურა ცნობილი, რეიტინგული და პოპულარული დებატები, შესაბამისად საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრა დისკუსიისა და განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა“, – წერს კობახიძე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით, არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი.

„სამწუხაროდ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა. ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა. როდესაც მისი პატრონები მიხვდნენ, რომ კამათის დროს საზოგადოებას მარტივად შეეძლო ტყუილისგან სიმართლის გარჩევა, მათ მედიაში იქამდე ამ სფეროსთვის სრულიად უცხო სხეული, გვარამია შეიყვანეს და კონკრეტული დავალებაც მისცეს – მოეხდინა სრული რადიკალიზაცია.

გვარამიამ დავალება წარმატებით შეასრულა – მან მედიასტანდარტად დაამკვიდრა ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია, საბოლოოდ კი ისეთი ტოქსიკური მედიაგარემო შექმნა, რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც, საბოლოოდ, შეურაცხყოფით სრულდება. თავის მხრივ, ამ მოცემულობამ საზოგადოება გახლიჩა და წაართვა მას დემოკრატიის მთავარი პრინციპით სარგებლობის უფლება – მოისმინოს განსხვავებული პოზიციები და არჩევანი საკუთარი შეხედულების შესაბამისად გააკეთოს. დღეს ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, სრულად მარგინალიზებულ, პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია, საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს.

და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც – ჩვენ ვალდებული ვართ, ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისთვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ძალიან კარგი შეხვედრა იყო, საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა იმისა, რომ მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.„მე ახლახან დავასრულე შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და მის წარმომადგენლებთან. ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. ჩვენს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი ურთიერთობა გრძელდება. საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა იმისა, რომ მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, წარსულში ირანმა გადაწყვიტა შეთანხმებაზე უარი ეთქვა, რაც ტრამპის თქმით, მათთვის ცუდად დამთავრდა.„იმედია, ამჯერად უფრო გონივრული და პასუხისმგებლიანები იქნებიან“, – წერს ტრამპი.როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, ბენიამინ ნეთანიაუჰუსთან ასევე განიხილა ღაზაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები.ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნეს, რომ შეხვედრა თითქმის სამი საათი მიმდინარეობდა.„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს მოლაპარაკებების კონტექსტში და ორივე მხარე შეთანხმდა მჭიდრო კოორდინაციისა და მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნებაზე“, – აცხადებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

ეუთო-ში აცხადებენ, რომ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია მუშაობას დღეიდან იწყებს

ეუთო-ს ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია მუშაობას დღეიდან იწყებს.„საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია დღეს იწყებს მუშაობას. 24 თებერვლამდე ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია moscowmechanism-georgia@odihr.pl-ზე“, – აღნიშნულია ეუთო-ს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.ცნობისთვის, 29 იანვარს საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა.

ოლესია ვართანიანი – “ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნებიან, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავენ

"ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნებიან, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავენ, - ამის შესახებ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე განაცხადა. მან საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაზე და განაცხადა, რომ რთულ პერიოდებში ის ძლიერი გამოდიოდა. „საქართველო პატარა ქვეყანაა, ძალიან აქტიური საზოგადოებით, რომელმაც მრავალი მძიმე პერიოდი გადაიტანა, მათ შორის, სამოქალაქო ომი, რუსეთის შეჭრა, რევოლუცია და სხვა. როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო ეს პერიოდები, ქართული საზოგადოება ყოველთვის უფრო ძლიერი გამოდიოდა მათგან, რათა თავისი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაეძლიერებინა“, - განაცხადა ვართანიანმა. მისი თქმით, საქართველოში არსებული „ამჟამინდელი კრიზისი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის უნიკალური მოვლენა არ არის“. „ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად დიალოგი გახდა აუცილებელი. ეს ხდებოდა რიგგარეშე არჩევნების ან ქვეყნის შიგნით მოქმედ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ასევე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც უცხოური შუამავლების ჩარევა გახდა საჭირო, როგორც ეს წინა საარჩევნო კრიზისის დროს მოხდა და ევროკავშირის ჩართვა ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ წარსული გამოცდილება მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვაძლევს, ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ არცერთი ეს პროცესი არ იქნება წარმატებული, თუ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ძალაუფლებაზე თანაბრად წვდომის ნამდვილი პერსპექტივა არ ექნება. პოლიტიკოსებმა შეიძლება უსასრულოდ იმსჯელონ საარჩევნო რეფორმებზე, მაგრამ ამას აზრი არ ექნება, თუ მმართველი ხელისუფლება ძალაუფლების გაზიარების სურვილს არ გამოიჩენს, ან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გადადგომის მზადყოფნას. პოლიტიკურ პროცესში ჩართვას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის რეალური გზა არ იარსებებს“, - აღნიშნა ოლესია ვართანიანმა.

კახა კალაძე – 2008 წლის ომის დროს ბერლუსკონისთან მოვითხოვე შეხვედრა, მას ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პუტინთან, დამპირდა, რომ მაქსიმუმს გააკეთებდა, უბრალოდ, მოვყევი ფაქტი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განმარტება გააკეთა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გარდაცვლილ სილვიო ბერლუსკონისთან 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის დროს კომუნიკაციის შესახებ, რაზეც საუბარია იტალიური La Gazzetta dello Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში.კალაძის თქმით, ეს არის სიმართლე და ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო იმ ტრაგედიასთან, რაც 2008 წელს საქართველოში  ხდებოდა.„სააკაშვილის დროინდელმა თანამდებობის პირებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ქილიკი დაიწყეს, თითქოს მე გამიჩერებია ომი, თანაც ქილიკობს ის, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რაც ომთან იყო დაკავშირებული, მათ მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვეს. იმ პოლიტიკით, რასაც კონკრეტული პარტია და კონკრეტული პოლიტიკოსები აკეთებდნენ საქართველოს ძალიან დიდი უბედურება მოუტანეს. ჯერ საქილიკო რა არის? არსებობს ვიდეოები ომის დღეებში, რა დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორ იცინოდნენ მთავრობის სხდომებზე და აქ გვაზეიმეს რუსთაველზე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ცხედრები არ გვყავდა გამოსვენებული. ვფიქრობ, ამ ადამიანებს საქილიკო არაფერი აქვთ, ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრაზე საუბრისას, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მის სახლში შედგა და მან სთხოვა პრემიერ-მინისტრს, თუ რაიმე რესურსი გააჩნდა, ჩართულიყო, რათა ომი შეჩერებულიყო.„რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ეს არის სიმართლე. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, „მილანში“ ვთამაშობდი, რა თქმა უნდა, უმძიმესი იყო ჩემთვის იმ კადრების ყურება, რაც დაკავშირებული იყო ომთან, გარდაცვლილ ადამიანებთან, ჩემს ქვეყანასთან, დაღუპულ ჯარისკაცებთან.მე, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ მოვიწვიე პრესკონფერენცია და ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, მოვუწოდებდი, შეჩერებულიყო ის უბედურება და ტკივილი, რაც ხდებოდა. მეორე, მაშინ ბერლუსკონი გახლდათ იტალიის პრემიერ-მინისტრი და მარტივი არ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ყოველდღიური შეხვედრა, ამიტომ ვითხოვე მასთან შეხვედრა. ეს შეხვედრა მის სახლში მოხდა, მივედი და ვთხოვე, რომ თუკი რაიმე რესურსი გააჩნდა, ჩართულიყო ომის შესაჩერებლად. მას ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ის დამპირდა, რომ აუცილებლად მაქსიმუმს გააკეთებდა.რამდენიმე დღის შემდეგ, მართლაც, მოხდა აღნიშნული შეთანხმება და ეს ფაქტი გავიხსენე, როდესაც ვსაუბრობდი მის ადამიანობაზე. ის დიდი ადამიანი იყო, არა მხოლოდ როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ პირველ რიგში, იყო ადამიანი და კაცი. ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ. მე არ ვახსენე, როგორ დამიდგა გვერდით, როდესაც ჩემი პირადული, ოჯახური ტრაგედია მოხდა, უბრალოდ, მოვყევი ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემს სამშობლოსთან და იმ ტრაგედიასთან, რომელიც 2008 წელს ხდებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლორა თორნტონი – სამწუხაროდ, საკუთარი თვალით ვნახე საქართველოს დაცემა

ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული დაცემა ბოლოდროინდელი და სწრაფი პროცესია, მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ამის ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა, – ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.მისი თქმით, საბედისწერო ხარვეზები „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდანვე იყო.„სამწუხაროდ, საკუთარი თვალით ვნახე საქართველოს დაცემა. 2014 წელს გადავედი საქართველოში, რათა „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ოფისის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. ეს იყო წარმატებული და დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილების ცოტა ხნის შემდეგ ყოფილი მთავრობიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, „ქართული ოცნების“ კოალიციისკენ, რომელიც იყო „ენმ“-ს დასამარცხებლად გაერთიანებული მრავალფეროვანი კოალიცია. ეს იყო ნამდვილად საინტერესო დრო, სავსე რეფორმებისა და განახლების დაპირებებით. საქართველო მასპინძლობდა და ხელმძღვანელობდა ღია მმართველობის პარტნიორობას. ჩვენ პარლამენტში ვმუშაობდით დემოკრატიული რეფორმების მთელ სერიაზე, ქვეყანა სწრაფად მიისწრაფოდა ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესისკენ.უნდა ვთქვა, რომ ეს პერიოდი იყო ხანმოკლე. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული დაცემა ბოლოდროინდელი და სწრაფი პროცესია, მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ამის ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა. პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდანვე იყო საბედისწერო ხარვეზი. ეს ხარვეზი არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ის არის ადამიანი, რომელმაც დააფინანსა „ქართული ოცნების“ შექმნა და მან იმსახურა პირველი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ივანიშვილი არასდროს ყოფილა ერთგული დემოკრატიული პრინციპებისა თუ პროცესებისადმი, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაკავშირებული იყო რუსეთთან – ქვეყანასთან, რომელმაც ის გაამდიდრა. მეორე, იმ ფართო კოალიციამ, რომელიც აღვწერე, დაიწყო ნგრევა 10 წლის წინ, 2015 წელს, როდესაც უფრო დემოკრატიულმა და დასავლეთზე ორიენტირებული პარტიებმა დაიწყეს გამოყოფა. მესამე, თითქმის დაუყოვნებლივ დავინახეთ ლიბერალური გრავიტაცია, რომელიც იწყება, როგორც ეს ხშირად ხდება, რუსული ნარატივებითა და დეზინფორმაციით უმცირესობებზე, ქალებზე, ეთნონაციონალიზმსა და ანტიდასავლურ რიტორიკაზე. ეს სწრაფად გადავიდა თავდასხმებზე სამოქალაქო საზოგადოებაზე, სახელმწიფოს მტრებზე, მედიასა და ინსტიტუტებზე, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ“, – განაცხადა თორნტონმა.როგორც თორნტონმა აღნიშნა, მიიჩნევს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა წარმოადგენს საქართველოს საბოლოო გაყრას დასავლეთთან და სრულ ვარდნას ავტორიტარიზმში.„საქართველომ სწრაფად დაუჭირა მხარი არა უკრაინას, რუსეთს და ისინი ჯერ კიდევ არიან, როგორც მნიშვნელოვანი სანქციების თავიდან აცილების მარშრუტი რუსეთისთვის, რაც მართლაც ირონიულია, რადგან უკრაინასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო. საქართველო რუსეთის მიერ 20%-ით არის ოკუპირებული. საქართველოს ლიდერები უწყვეტად ესხმიან თავს უკრაინასა და ზელენსკის, საკმაოდ მშვიდნი იყვნენ რუსეთთან დაკავშირებით. შემდეგ მათ თავდასხმები მიიტანეს  ევროპასა და შეერთებულ შტატებზე. გვადანაშაულებენ, რომ ვართ გლობალური ომის პარტიის ნაწილი, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტში ითრევს და ადანაშაულებენ ევროპას, კერძოდ, იმაში, რასაც მათ უწოდეს ლიბერალური ფაშიზმი. ამის საპირისპიროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად უწოდა ჩინეთსა და ირანს მეგობრები, მოკავშირეები და პარტნიორები. არსებობს ფოტო, მაგალითად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის „ჰამასთან“ ერთად თეირანში. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც შეცვალა სკრიპტი იმაზე, ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან მტრები“, – განაცხადა თორნტონმა.მისივე თქმით, საქართველოში იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციას.„მიხარია, რომ შემიძლია, 2024 წლის არჩევნებზეც ვისაუბრო. მე ვაკვირდებოდი ყველა არჩევნებს საქართველოში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მოდით, უბრალოდ ვთქვათ, არჩევნების დამკვირვებლის თვალით, ის იყო სავსე დაშინებითა და სხვა დარღვევებით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალით დაიკავა ხელისუფლება. დაუყოვნებლივ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და აკრძალა პოლიტიკური ოპოზიცია. ქართველები ამის შემდეგ ყოველდღე პროტესტს გამოხატავენ. მათ ძალადობით უპასუხეს, დააკავეს. სამოქალაქო ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ციხეში არიან, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის გათავისუფლებისთვისაც „მაკკეინის ინსტიტუტი“ იბრძვის. საქართველოში 121 პოლიტიკური პატიმარია. ბევრი ჩემი მეგობარია.ყოველ კვირას იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციას,  განსაკუთრებით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. მე შემიძლია, დეტალურად ვისაუბრო ამ კანონებზე, მაგალითად, „ტროტუარის კანონი“, რომელიც, ფაქტობრივად, ერთ ადამიანს აჯარიმებს 113 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ტროტუარზე დგომისთვის პროტესტის დროს. თქვენ არ შეგიძლიათ, სახეზე ნიღაბი გქონდეთ, რომ თავი დაიცვათ გაზისგან. მათ შეუძლიათ არასრულწლოვანების დაპატიმრება. მათ კრიმინალიზაცია მოახდინეს ან პირობას დებენ, რომ ნებისმიერის კრიმინალიზაციას მოახდენენ, ვინც მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ხალხის აკავებენ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. მათ მისცეს პოლიციას უფლება, პრევენციულად დააკავოს ადამიანები, ვისზეც ფიქრობენ, რომ საეჭვო არიან.მათ შეცვალეს „გრანტების შესახებ“ კანონი, რომელიც აკრძალავს უცხოური ფულის მიღებას იმდენად, რომ მე თუ მინდა, დაბადების დღის საჩუქარი გავუგზავნო ჩემს ქართველ გერ შვილებს, ეს შეიძლება, იყოს კრიმინალური, რადგან ისინი ყოველ საღამოს გამოხატავენ პროტესტს. მხოლოდ ამ კვირას, კოლექტიური დევნა მოახდინეს რვა პოლიტიკურ ლიდერზე ძალიან ბუნდოვანი დივერსიის ბრალდებებით და უცხოელებთან საქართველოზე უარყოფითად საუბრისთვის.„ქართულმა  ოცნებამ“ იცის ერთი რამ, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და ქართველი ხალხი არის საქართველოს დემოკრატიის ერთადერთი დამცველი, სწორედ ამიტომ სურთ ეს ჩააქრონ. ყოველდღიური კანონები სწორედ ამას ემსახურება. მინდა,  შევაჯამო ეს უფრო ფართო კონტექსტში სამი პუნქტით: პირველი, საქართველო არის რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომ გაანადგუროს დემოკრატია და წინა ხაზის ერები თავის გავლენის სფეროში ჩაითრიოს. ეს არ არის ორიგინალური. ჩვენ ვნახეთ ეს სცენარი ადრეც. მეორე, საქართველოს აქვს დომინოს ეფექტი. საქართველო გავლენას მოახდენს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ეს გავლენას მოახდენს ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა სომხეთი, რომელიც ახლა იბრძვის, გამოვიდეს რუსეთის ფრთებიდან ამდენი წლის შემდეგ. ეს აგზავნის შეტყობინებას არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ სხვა ავტოკრატებისთვისაც, რომ დასავლეთი არ იცავს დემოკრატიას. რა თქმა უნდა, ეს ამას არ ეხმარება აშშ-ის მიერ USAID-ის შემცირება. დაბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა გათვლა უკრაინაში სრულმასშტაბიან ომზე, მათი გათვლა, სამწუხაროდ, შეიძლება, სწორი ყოფილიყო, რომ დასავლეთი არ მოვიდოდა დასაცავად და რუსეთი მოიგებდა. უკრაინაში რასაც ვაკეთებთ, ჰქონდა და ექნება გავლენა პოლიტიკურ რეჟიმებზე, როგორიც არის „ქართული ოცნება““, – აღნიშნა თორნტონმა.ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე ლორა თორნტონთან ერთად განცხადებები გააკეთეს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა და McLarty Associates-ის მმართველმა დირექტორმა, კლერ კაიზერმა.

ბოლო სიახლეები