„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ტექნიკური მთავრობა არჩევნების შემდეგ დაასახელოს, ნიშნავს იმას, რომ „ან მიაკაჩავეს და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს“.
„„Ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა. მოგეხსნებათ, პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის დასახელებას წინასაარჩევნოდ აპირებდა, უფასოდ რომ გადაეფიქრებინა, ამის დაჯერება ცოტა მიჭირს. ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერმინისტრობაზე და ვიღაც მეცნიერი, ფიზიკოსი ან ბიოლოგი რომ პრეზიდენტს დაესახელებინა, ამდენი ხალხი ხომ გაღიმებული დარჩებოდა, ეს არავის არ უნდოდა, შეიძლება, დაარწმუნეს, მაგრამ ვინაიდან „ლელოს“ ბევრი ფული აქვს, ესეც, შეიძლება, ჩართულიყო საქმეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მტკიცებულება არ აქვს, რომ ვინმემ ფული აიღო, თუმცა, მისი თქმით, პრეზიდენტი ამბობდა, რომ არჩევნებამდე დაასახელებდა ტექნიკურ მთავრობას, მერე „ლელოს“ შეხვდა და გადაიფიქრა.
„პრეზიდენტის ტროას ცხენობა არ იცვლება, ხომ შეიძლება, ასე კი არ ააფეთქო, არამედ სხვანაირად ააფეთქო, თან ცოტა ხელი მოითბო, გნებავთ – ფულით, გნებავთ – რეპუტაციულად. მტკიცებულება არ მაქვს, რომ ვინმემ ფული აიღო, უბრალოდ, პრეზიდენტი რომ იმუქრებოდა, აუცილებლად დავასახელებო, ამას ვიზამ, იმას ვიზამო, შეხვდა პოლიტიკოსებს. გვარამია ყველაფერზე იყო წამყოლი, ისედაც ყველაფერზე ეთანხმებოდა, მერე შეხვდა ვიღაცებს, ბოლოს – „ლელოს“ და გადაიფიქრა. „ლელოს“ როცა შეხვდები და რამეს გადაიფიქრებ, როგორ შეიძლება, ფულზე არ ვიფიქრო და ჩემი ინტერესი, მოსაზრება მხოლოდ „ლელოს“ სიტყვის დამაჯერებლობაზე წავიდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის სასარგებლო ნაბიჯი რეალურად არ გადაუდგამს, მხოლოდ სიტყვით.
„მომგებიანი შეიძლება იყოს, თუ ვიღაც ფულს იშოვის და სიბერეს უზრუნველად გაატარებს. მომგებიანი შეიძლება ის იყოს, რომ პრეზიდენტს ვინმე დააჯერებს, რომ მართლა პრეზიდენტია, თითქოს რაღაცას წყვეტს და სიამოვნებას ამით მიიღებს. ვიცი ის, რომ ქალბატონ სალომეს არასდროს ოპოზიციის სასარგებლო ნაბიჯი რეალურად არ გადაუდგამს, მხოლოდ სიტყვით, მაგრამ ქმედებებით ის ყოველთვის „ქოცი“ იყო და ბიძინა ივანიშვილის ერთგულ თანამებრძოლად რჩებოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.