ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

სადამდე გაიზრდება ინფლაცია?

წლიური ინფლაცია, ზედიზედ მეორე თვეა, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში 3.4% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს მიზნობრივზე მცირედით მაღალი ინფლაცია ჯერ კიდევ შარშან ჩვენს საბაზო სცენარს წარმოადგენდა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციური წნეხი შედარებით გაზრდილია. კერძოდ, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია ბოლო 6 თვეში, წინა პერიოდებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, ნაწილობრივ ამოწურვის მიუხედავად, წლიური ინფლაციის მაჩვენებლებზე ჯერ კიდევ შემცირების მიმართულებით მოქმედებს ფასების ერთჯერადი ცვლილების ეფექტები რიგ პროდუქტებზე. ჩვენი მოლოდინით, ინფლაცია წლის განმავლობაში მცირედით კვლავ გაიზრდება და დეკემბრისთვის, დაახლოებით, 4%-ს მიაღწევს.

2025 წლის პირველ ოთხ თვეში საშუალო ინფლაციამ 2.8% შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს საშუალო ინფლაცია 1.1% იყო. რასაკვირველია, ინფლაციის აჩქარება, გარკვეულწილად, შარშანდელი დაბალი საბაზო ეფექტითაც არის განპირობებული. 2024 წლის საშუალოსთან შედარებით, ინფლაცია ყველაზე მეტად შერეულ პროდუქტებზეა გაზრდილი, ხოლო იმპორტულ პროდუქციაზე ინფლაცია, პირიქით, შემცირებულია. პარალელურად, ადგილობრივ პროდუქტებზე ფასების ზრდა, უკვე სამი თვეა, მიზნობრივ მაჩვენებელს აჭარბებს. აღნიშნულში საკუთარი წვლილი მარტსა და აპრილში პურის გაძვირებამაც შეიტანა, თუმცა ადგილობრივი ინფლაცია ამ ეფექტის გარეშეც მიზნობრივზე მაღალი იქნებოდა. ფასების დინამიკა ადგილობრივ პროდუქციაზე საყურადღებო ინდიკატორია, რადგან იგი შედარებით ხისტია და უკეთ ასახავს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს.

ამავდროულად, ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია შუალედური მოხმარებისთვის იმპორტის საკმაოდ მაღალ კომპონენტსაც მოიცავს. შესაბამისად, ჩვენი აზრით, ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისი მომსახურების ინფლაციაა, რადგან იგი ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება. ინფლაციის ამ კუთხით ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წელს ჯამური ინფლაციის აჩქარება მთლიანად საქონლის ინფლაციის ზრდით იყო განპირობებული, მაშინ როდესაც მომსახურების ინფლაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ინტერნეტის გადასახდელის შემცირების ერთჯერადი ეფექტი, რომლის გარეშეც მომსახურების ინფლაცია აპრილში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე მცირედით მაღალი იქნებოდა. საყურადღებოა, რომ მომსახურების ინფლაციაში აჩქარება შეინიშნება სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში, რაც, თუ ეკონომიკური ზრდის მიმდინარე შეფასებას გავითვალისწინებთ, ამ არხიდან ფასებზე გადაცემის მექანიზმთან თანხვედრაშია. რაც შეეხება საქონლის ინფლაციას, ზრდაში ერთ-ერთი მსხვილი წვლილი საკვებზე ფასების მატებამ შეიტანა.

თავის მხრივ, საკვებზე ფასების ზრდა განპირობებულია როგორც ადგილობრივი, მათ შორის ზემოაღნიშნული პურის ფასების, ასევე გლობალური ფაქტორებით. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო კალათაში საკვები პროდუქციის უმრავლესობა ადგილობრივად წარმოებულად არის კლასიფიცირებული, როგორც ზემოთ ითქვა, მრავალი პროდუქტი იმპორტულ კომპონენტებს მოიცავს. რაოდენობრივი შეფასებით, ვლინდება მჭიდრო კავშირი სურსათზე გლობალურ ფასებს, ლარის გაცვლით კურსსა და ადგილობრივ ბაზარზე სურსათის ფასებს შორის. თავისთავად, ცალკეული საკვები პროდუქტის შემთხვევაში ეს კავშირი კიდევ უფრო ძლიერია. რასაკვირველია, გლობალური ფასებისა და გაცვლითი კურსის გადაცემის მექანიზმი ძალზე გამოკვეთილია სრულად იმპორტული პროდუქტების მაგალითზე, როგორიცაა საწვავი. აპრილში ბენზინის ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თუ გლობალური ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდა, ინფლაციის შემცირების კუთხით კონტრიბუცია პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტს ან მცირედით მეტსაც კი მიაღწევს.

რაც შეეხება ინფლაციის  უფრო ანალიტიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია, ბოლო 6 თვის განმავლობაში აჩქარება ამ კუთხითაც შეინიშნება, თუმცა აპრილში, წინა თვეებთან შედარებით, ინფლაციური ზეწოლა ნაკლებად გამოკვეთილი იყო. გარდა ამისა, გამოვყოფთ მწარმოებელთა ფასების ინდექსის დინამიკას, რომელიც ხშირად სამომხმარებლო ფასების წინმსწრები მაჩვენებელია და, მარტის მდგომარეობით, შედარებით მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

საერთაშორისო ფასების კუთხით, აღსანიშნავია, რომ, მარტის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ფასების ინდექსები. ამავე დროს, საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო პერიოდში ფართო მოხმარების საქონელი კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ინფლაციაში, სავარაუდოდ, სრულად ჯერ არ ასახულა. რაც შეეხება ლარს, მართალია, დოლარის გლობალური გაუფასურების ფონზე ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა. გრძელვადიან ტრენდზე დაკვირვებით, ლარი მიმდინარე პერიოდში წონასწორულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს.

დასასრულს, გამოვყოფთ ორ შედარებით უფრო სტრუქტურულ საკითხს. პირველი; მიმდინარე მდგომარეობით, შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე ზეწოლა არ იკვეთება. მიუხედავად ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში რეალური ხელფასების მნიშვნელოვანი მატებისა, გაზრდილია შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელიც, რის გამოც წარმოების ერთეულზე სახელფასო ხარჯი რეალურ გამოსახულებაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. შესაბამისად, ამ კუთხით ინფლაციური ზეწოლის წარმოქმნის წინაპირობა რეალური ხელფასების მხოლოდ დამატებით გამოკვეთილი ზრდა შეიძლება გახდეს. მეორე; ფართო რეგიონის ქვეყნების ინფლაციის მონაცემთა რაოდენობრივი ანალიზით ვლინდება, რომ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ინფლაციის დინამიკას ძირითადად საერთო რეგიონული ფაქტორები განსაზღვრავდა, ხოლო ადგილობრივ ფაქტორებზე შედარებით მცირე წვლილი მოდიოდა. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, ინფლაციის, დაახლოებით, 75% სწორედ ამ საერთო ფაქტორებით აიხსნება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006832-macro-update-georgia

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავოსში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის სპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება, სადაც მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „უკრაინის აღდგენის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს“ შესახებ პანელურ დისკუსიაში და ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ბიბისი“ – ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ალ-ზაჰრას რაიონში მათი ავტომობილი დაბომბეს.„ბიბისის“ ცნობით, დაღუპული სამი ფოტოჟურნალისტი ღაზის სექტორში ეგვიპტური ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის მუშაობდა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებს იღებდა.”ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში მიიტანეს „რამდენიმე ეჭვმიტანილზე, რომლებიც „ჰამასთან“ დაკავშირებულ დრონს იყენებდნენ იმგვარად, რაც საფრთხეს უქმნიდა ჯარისკაცებს“.ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა რაიონში ისრაელის მიერ არტილერიისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.„ჰამასისი“ მიერ კონტოლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 10 ოქტომბერს დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზაში სულ მცირე 466 პალესტინელი დაიღუპა.ისრაელის სამხედროების განცხადებით, იმავე პერიოდში პალესტინელი შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების შედეგად სამი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი – ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება

ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებაზე ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.მისი თქმით, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება.„ნათლად განვაცხადე, რომ „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს და ეს სრული ვალდებულება იქნება. შემდეგ კი სხვა საკითხებზე გადავალთ და ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ღაზა დემილიტარიზებული, სათანადოდ მართული და ლამაზად აღდგენილი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“, რომელიც თავდაპირველად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცებაზე იყო ორიენტირებული, უფრო ფართო როლის შესრულება შეუძლია.მისივე თქმით, გაერო-სთანაც ითანამშრომლებს.„ეს შესანიშნავი გეგმა იქნება. ვფიქრობ, ღაზასთან წარმატების მიღწევის შემდეგ შეგვიძლია, სხვა საკითხებზეც გადავინაცვლოთ. ღაზაში ძალიან წარმატებული ვიქნებით. ეს შესანიშნავი სანახავი იქნება, შემდეგ კი სხვა რაღაცების გაკეთებას შევძლებთ. ბევრი სხვა რამის გაკეთებაც შეგვიძლია. როგორც კი ეს საბჭო სრულად ჩამოყალიბდება, თითქმის ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ და ამას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად გავაკეთებთ, გესმით? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რვა ომი დაასრულა.„გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არასდროს მისაუბრია იმ რვა ომის შესახებ, რომლებიც დავასრულე. თქვენ იფიქრებთ, რომ მათ შეეძლოთ ამ რვა ომის დასრულება, მაგრამ ვერ შეძლებდნენ. ვფიქრობ, ზოგიერთის დასრულება სცადეს, თუმცა საკმარისად არ ეცადნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

პაატა მანჯგალაძე – 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები, მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს

100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს, – ამის შესახებ „სტრატეგია არმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.მანჯგალაძის თქმით, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.„არ არსებობს ჩემი მიმალვის საფრთხე, ჩემით ჩავედი და ჩავბარდი პოლიციელებს. 1 000-ზე მეტი განცხადებაა ჩემი, რომლის უმეტესობა ნეგატიური ხასიათისაა. ეს არანაირი მტკიცებულება არ არის ჩემ წინააღმდეგ. 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, რომ შემეძლოს, ერთი დაძახებით 100 000 კაცი გამომეყვანა ქუჩაში. მე ვიყავი ამ აქციაზე, მანამდე დავდიოდი სხვა აქციებზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.ამასთან, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქმეში არსებული ფოტოს საფუძველზე თქმა, რომ ის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორია, არ შეიძლება.„იმ წუთას მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ ოფისის წინ მედიასაშუალებებს ჩავწეროდი. გადავიღე ფოტო ამ ადამიანებთან. ეს იყო მხოლოდ პერფორმანსი. ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ამის გასაღება ორგანიზატორად არ შეიძლება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო, სადაც პაატა ბურჭულაძემ აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა. ბურჭულაძემ კომიტეტის წევრებად დაასახელა ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.

ჟან-კლოდ იუნკერი – ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის

ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.იუნკერის თქმით, არ შეიძლება, ევროკავშირი დაემორჩილოს აშშ-ის „ნეოკოლონიალურ ქცევას“.ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპელებს, აშშ-თან დაძაბულობა დიპლომატიის გზით მოაგვარონ და ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირს უჭირავს კარტები ხელში“.„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რაც გაგვაჩნია, რომლებიც მძიმედ დააზარალებს აშშ-ის ეკონომიკას და ჩვენ არ უნდა შევიკავოთ თავი საჭიროების შემთხევაში ამ ინსტრუმენტების გამოყენებისგან“, – განაცხადა იუნკერმა.მისი თქმით, დონალდ ტრამპთან „მეგობრულად საუბარი ბოლო პერიოდში სულ უფრო რთული გახდა, ამიტომ ევროკავშირი უფრო მტკიცე უნდა იყოს მასთან ურთიერთობებში და უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ „ევროკავშირს ვერ დაიქვემდებარებ რაიმე სახის ნეოკოლონიალური ქცევით“.„ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის. მან ეს იცის, მაგრამ არ ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ“, – თქვა ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა.ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელიც ამჟამად ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მრჩევლის პოსტს იკავებს, ასევე ისაუბრა ტრამპის სურვილზე, დაეუფლოს გრენლანდიას და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ძალის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მუქარამ, შესაძლოა, ნატო-ს არსებობა დაასრულოს.„თუ ნატო-ს მოკავშირე თავს დაესხმება ან დაემუქრება ნატო-ს სხვა მოკავშირეს, ეს ნიშნავს პროცესის დაწყებას, რომლის შედეგადაც ჩვენ, შეიძლება, გავხდეთ ნატო-ს დაშლის თვითმხილველები“, – განაცხადა იუნკერმა.

ბოლო სიახლეები