ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024

ვლადიმერ პუტინი – უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ნებას რთავენ

რუსეთი მიიჩნევს, რომ უფლება აქვს, გამოიყენოს იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც იარაღს მის წინააღმდეგ იყენებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთი გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს ესკალაციას.

„მიგვაჩნია, რომ გვაქვს უფლება, გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ნებას რთავენ და აგრესიული მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვუპასუხებთ გადამწყვეტად და სარკისებურად. ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრებას ვურჩევ იმ ქვეყნების მმართველ ელიტებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონტინგენტების გამოყენების გეგმებს აყალიბებენ“, – განაცხადა პუტინმა.

მიმართვაში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა გლობალური სახე შეიძინა.

„როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელიც მანამდე დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული, ამ მომენტიდან გლობალური სახე შეიძინა“, – განაცხადა პუტინმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„საცოდავი ბიჭი, წამებში გამოასალმა სიცოცხლეს…“ – რა დეტალები ხდება ცნობილი მეტროში მომხდარზე

დღეს საღამოს თბილისის მეტროში მგზავრი დაიღუპა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ 40 წლამდე კაცს ხელი ჰკრეს და ლიანდაგებში იმ დროს ჩააგდეს, როდესაც სადგურში მატარებელი შემოდიოდა. „საცოდავი ბიჭი, წამებში გამოასალმა სიცოცხლეს... მატარებელი შემოდიოდა ბაქანზე, როდესაც მოულოდნელად ეცა და ხელი ჰკრა“. „საზარელი ამბავი მოხდა, ასეთ სიკვდილს არავის ვუსურვებ. თვალებიდან არ ამომდის ეს საშინელება“, - წერენ თვითმხილველები. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული, ახალგაზრდა კაცი, ცხელ კვალზე დააკავეს.  

მეთიუ მილერი – რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას

რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამისთვის მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას განცხადებაში ნათლად განმარტა, რომ აშშ გამოიყენებს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სანქციებს. „როგორც იცით, მე არ ვისაუბრებ პოტენციურ სანქციებზე, რომელთა დაწესებასაც ვაპირებთ ქართველ თანამდებობის პირებზე ან საქართველოს შიგნით მყოფ კონკრეტულ პირებზე. ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება იმ მიმართულების ცვლილების გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია. თქვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება გასულ კვირას, სადაც მან ნათლად განმარტა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საქართველოს პასუხისმგებლობის დასაყენებლად ამ ნაბიჯებისთვის, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებას. რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამისთვის მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას“, – განაცხადა მილერმა.

შსს „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. შსს-ს განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, პოლიცია შედგება სხვადასხვა დანაყოფისგან, მათ შორის გასამხედროებული დანაყოფებისგან, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები, რაც ცხადია, სხვადასხვა დანაყოფში მიღების განსხვავებულ წესსა და სპეციფიკას მოითხოვს. განვმარტავთ, რომ პოლიციის გასამხედროებულ დანაყოფებში, სადაც სამსახურის გავლის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს, მსახურობენ სამხედრო წოდების მქონე პირები. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე მიიღება კონკურსის გარეშე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის პირველი იანვრიდან სამხედრო წოდებით ვერ დაინიშნებიან, რაც განაპირობებს გასამხედროებული დანაყოფების საპოლიციო წესებზე გადასვლას და საპოლიციო კონკურსზე დაქვემდებარებას. შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღება/დანიშვნა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დადგენილი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას. კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები. ყველა ეს გარემოება შემოწმდება სამსახურში მიღების პროცესში. კანდიდატი, რომელიც არ აკმაყოფილებს შესაბამისი პოზიციისთვის დადგენილ განათლების, ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, სამსახურში არ მიიღება. დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გამომძიებლებს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და ადმინისტრაციული ფუნქციების შემსრულებელ მოსამსახურეებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

თინათინ მღვდლიაშვილი: მიშა მშვილდაძე დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა! მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ. ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერს მშვილდაძის მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი,...

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის და ტელეწამყვანის, მიშა მშვილდაძის მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც პოეტი აღნიშნავს, 1 დეკემბერს ფეისბუკ გვერდზე  გამოაქვეყნა წერილი, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა. მისივე თქმით, მიშა მშვილდაძე, დაემუქრა, რომ მალე დინგში მოხვდებოდა წერილის ავტორს და მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ. „მე გახლავართ პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი. ჩემს ლექსებზე შექმნილია ცნობილი სიმღერები: ,,ხმალი ავლესოთ, ქართველებო!'', ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", ,,აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება", ,,ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა"და სხვა. 1 დეკემბერს, ჩემს ფეისგვერდზე გამოვაქვეყნე წერილი ,,მე რომ შემეძლოს, საქართველოს გადავმალავდი" და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შემზარავი მოვლენები ჩემეული ხედვით შევაფასე. წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ე. წ. ოპოზიციის მხრიდან, ანუ ტროლები, ბოტები და ფერადი ჭინკებიც შემოესივნენ. ხანგრძლივი დროის მანძილზე მაგინებდნენ, მწყევლიდნენ და მემუქრებოდნენ. მაგინებელთა შორის გახლდათ ვინმე მიშა მშვილდაძეც, რომელიც დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა! ( სამწუხაროდ, მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა ვინმე დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ). მშვილდაძე დამემუქრა და შემდეგ დამბლოკა. ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერს ვინმე მშვილდაძის მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი, არც მომავალი, არც გამარჯვება და, არც აწმყო არ გააჩნია. მიშას ვინაობა მოგვიანებით დავაზუსტე, რადგან ეს სახელი და გვარი ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა. სირცხვილი მას! თინათინ მღვდლიაშვილი პოეტი, მხატვარი ზვიად გამსახურდიას და გალაკტიონის პრემიის ლაურეატი. მუქარა დანაშაულია! საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ“, - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, საუნივერსიტეტო სივრცეში დააფუძნოს ამერიკის კვლევების ინსტიტუტი, რომელიც იქნება ფლაგმანი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის შესწავლის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის მისი გაცნობის მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელ ალექსანდერ დენიელსთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტში საქმიან ვიზიტად მყოფ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელსაც ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე და სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე ესწრებოდნენ, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უძღვებოდა. როგორც რექტორმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებული შტატების ისეთ უმაღლეს სკოლებთან, როგორიცაა: ფერფაქსის ამერიკის უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, პენსილვანიის ჰარისბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანტა კლარას უნივერსიტეტი, ამერიკის კოლეჯთა და უნივერსიტეტთა ასოციაცია, საერთაშორისო განვითარების სახალხო კოლეჯები, კირკვუდის სახალხო კოლეჯი, მუსკატინის სახალხო კოლეჯი, მორაინ ვალის საგანმანათლებლო ცენტრი, ვაუკეშა ქაუნტის ტექნიკური კოლეჯი, ჩრდილოეთ ვისკონსინის ტექნიკური კოლეჯი, სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის სახალხო კოლეჯი და დასავლეთ აიოვას ტექნიკური კოლეჯი. „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, წარმატებული ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ამერიკის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელსაც ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაში მიენიჭა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მნიშვნელოვანია სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვა, ახალი კონტაქტები, ახალი პროექტები, მიზნები. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, როგორც ყოველთვის, უნივერსიტეტს მიზნების განხორციელებაში დაეხმარება“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. სტუ-ის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების უფროსმა ალექსანდერ დენიელსმა დაათვალიერა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში კი, ონლაინ რეჟიმში, ალექსანდერ დენიელსსა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციაში მონაწილე ქართველ მეცნიერს, სტუ-ის CERN/CMS ქართული ჯგუფის ლიდერსა და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზვიად წამალაიძეს შორის საქმიანი საუბარი შედგა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელმა შეხვედრის დასასრულს განაცხადა, საელჩოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „არაჩვეულებრივი შეხვედრა მქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უნივერსიტეტის სტუდენტების ინოვაციური პროექტების პრეზენტაციებმა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ლაბორატორიულ კომპლექსში ახალგაზრდების საქმიანობამ. ასევე, შთამბეჭდავი იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მდიდარი და რარიტეტული კოლექციებით. რაც მთავარია, ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, უფრო ინტენსიურად ამოქმედდება სტუდენტებისა და მკვლევრების გაცვლითი პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების მეტად დაახლოების პროცესს“, - აღნიშნა ალექსანდერ დენიელსმა.

ბოლო სიახლეები