კვირა, დეკემბერი 7, 2025

ანა ბუჩუკური – 20 ივნისის საქმის მასალების ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ჩვენ ვითხოვთ მოეხსნას – რას მალავს „ოცნება“ 20 ივნისის საქმეში, რატომ არის ნაწილი საიდუმლო?

20 ივნისის საქმის მასალების ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ჩვენ ვითხოვთ მოეხსნას. რას მალავენ? რას მალავს „ოცნება“ 20 ივნისის საქმეში, რატომ არის ნაწილი საიდუმლო? – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები „სიურპრიზი არ ყოფილა“, რადგან „ინფორმაციები ჟონავს“ და ხელისუფლების ნაბიჯები წინასწარ იყო ცნობილი. როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის მიზანი ყოფილი პრემიერის და მისი გუნდის „პოლიტიკური სივრციდან გაწყვეტაა“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დადასტურებულად ვიცოდით, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დევნას დაიწყებდნენ. გვქონდა ეს ინფორმაცია, რადგან ინფორმაციები „ჟონავს“. ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ პატიმრობას შეუფარდებდნენ. ამიტომ, ის გადაწყვეტილებები, რაც გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ არ იყო სიურპრიზი. გარდა პერსონალური შურისძიებისა, ივანიშვილის მიზანია გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური გუნდი გაქრეს პოლიტიკური სივრციდან. მე გაძლევთ პირობას, რომ ეს ასე არ მოხდება. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს. არა იმიტომ რომ გახარია არ მოექცევა ივანიშვილის უკანონო იურისდიქციის ქვეშ, არამედ ის ბევრად უფრო ეფექტურია გარეთ. გახარია თავისი საქმიანობით და საკუთარი სტატუსიდან გამომდინარე ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოსთვის. გიორგი გახარია და მისი გუნდი გააგრძელებს ბრძოლას, რასაც ჰქვია ბრძოლა საქართველოსთვის“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ბუჩუკური აცხადებს, რომ ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პროცესი „პერსონალური პოლიტიკური ვენდეტაა“, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯაროდ დააანონსა.

ბუჩუკურის თქმით, გახარიასა და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეებს შორის პარალელს ვერ გაავლებს, რადგან „ღარიბაშვილის შემთხვევაში ფინანსური საკითხია, ხოლო გახარიას შემთხვევაში – პირადი შურისძიება“.

„გახარიასა და ღარიბაშვილის მიმართ დაწყებულ დევნას შორის პარალელს ვერ გავავლებდი. ღარიბაშვილის შემთხვევაში თუკი მას ივანიშვილი არ პატიობს ფულის საკითხს, გახარიას შემთხვევაში ეს არის პერსონალური ვენდეტა, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილმა ღიად და საჯაროდ დააანონსა 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ფაქტია, რომ ეს არის ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტა. მათ შორის, არავის დაავიწყდეს გიორგი გახარიაზე ფიზიკური თავდასხმა და მეორე ფიზიკური თავდასხმა მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში…

ერთი მხრივ, ეს არის ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა, მაგრამ ასევე ზედაპირზე ჩანს, რომ „ჩორჩანას საქმეში“ „ოცნება“ ასრულებს ოკუპანტების ინტერესს. ეს არ არის მხოლოდ გიორგი გახარიაზე პოლიტიკური ვენდეტა, ამას ემატება რუსული ინტერესი”,- განაცხადა ბუჩუკურმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, რომელიც 20 ივნისს უკავშირდება, ბუჩუკური აცხადებს, რომ საქმეში „ახალი არაფერი იკვეთება“, თუმცა მნიშვნელოვან მასალებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის მოხსნასაც პარტია ითხოვს.

ბუჩუკურის თქმით, ხელისუფლება „პანდორას ყუთის გახსნით“ იმუქრება, თუმცა თავადვე მალავს საქმის მნიშვნელოვან ნაწილებს.

„20 ივნისთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ საქმეში ახალი არაფერია. მასალების ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ჩვენ ვითხოვთ გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას, რას მალავენ? რას მალავს „ოცნება“ 20 ივნისის საქმეში, რატომ არის ნაწილი საიდუმლო?

ასევე მინდა გამოვეხმაურო რეზინის ტყვიებთან დაკავშირებულ სპეკულაციებს. სამართლებრივ ნაწილში იმდენად აბსურდია, რომ ადამიანს ეუბნებიან – მართალია გიორგი გახარიამ რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება არ გასცაო, მოგვიანებით გაიგოო, მაგრამ მაინც მან დააორგანიზაო ადამიანების თვალის დათხრაო.

როგორც ჩანს „ოცნებას“ უნდა „პანდორას ყუთის“ გახსნა. გახსნან მაშინ. მოხსნას გრიფი „საიდუმლო“ ამ საქმეს? რას მალავს, რა აქვს დასამალი?

ორივე საქმეში გიორგი გახარია სახელმწიფო ინტერესების დაცვით მოქმედებდა. ეს არის მთავარი და ეს არის ჩვენი მორალური უპირატესობა. როგორც არ უნდა აიძულონ, რომ ადამიანი ოჯახს, მშობლებს, საკუთარ სამშობლოს მოშორდეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, როგორი აგრესია და სიბინძურეც არ უნდა ისმოდეს გიორგი გახარიას მიმართ – ჩვენი გუნდის ლიდერის მხარეს არის სიმართლე. გიორგი გახარია და მისი გუნდი პოლიტიკური სივრციდან არ გაქრება“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები