GeMUG: მალე საქართველოში Apple Pay ამუშავდება

გადახდების სისტემა Apple Pay მალე საქართველოშიც ამუშავდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მაკის მომხმარებელთა ჯგუფი (GeMUG) სანდო, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ბანკებთან უკვე დაწყებულია და სერვისის ჩართვას ზაფხულში უნდა ველოდოთ.

Apple Pay კომპანია Apple-ის მობილური გადახდის სისტემა და ელექტრონული საფულეა. მის მომხმარებლებს შეუძლიათ, მიამაგრონ სისტემას საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები და აწარმოონ გადახდები ფიზიკური ბარათის გარეშე.

ადგილზე (ტერმინალით) გადახდები ხელმისაწვდომია iPhone-სა და Apple Watch-ზე. გარდა ამისა, Apple Pay-ში დამატებული ბარათებით გადახდა შესაძლებელია iOS-ის აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე Mac და iPad მოწყობილობებიდან.

Apple Pay მობილური მოწყობილობებით გადახდისას, უკონტაქტო NFC ტექნოლოგიას იყენებს, რაც ნიშნავს, რომ გაშვებისას, მისი მხარდაჭერა ყველა იმ მაღაზიას თუ სალაროს ექნება, რომელიც უკვე იღებს უკონტაქტო გადახდებს შესაბამისი ბარათებით, სტიკერებით და სხვა მსგავსი მატარებლებით.

გარდა გადახდებისა, ამ სისტემაზე მუშაობს ვირტუალური საფულე და ფულადი გზავნილები. Apple Pay Cash-ის საშუალებით, iOS-ის და Mac-ის მომხმარებლებს, ერთმანეთთან თანხის გადარიცხვა და მიღება, iMessage-შეტყობინების ფორმატში შეუძლიათ. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ეს სერვისიც ხელმისაწვდომი საქართველოში.

Apple Pay კომპანია Apple-მა 2014 წელს გაუშვა და მასში, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს 34 ქვეყანაა ჩართული. სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქვეყანაში მის გასაშვებად, ბანკების და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობაა აუცილებელი.

გარდა Apple Pay-სა, საქართველოში ამ ეტაპზე კვლავ მიუწვდომელია ეფლის სხვა სერვისებიც, მათ შორის, App Store. 2017 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დიდი ალბათობით, 2017-ის ბოლოსთვის, App Store საქართველოშიც გაეშვებოდა. თუმცა, ეს არ მომხდარა. GeMUG-ის აზრით, Apple-ის ცენტრალურ გადახდის სისტემაში საქართველოს შეყვანამ, შესაძლოა, App Store-ის გახსნის პროცესსაც მისცეს ბიძგი

Comments

კომენტარები