მარტი 29, 2024
0 0
Read Time:2 Minute, 51 Second

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა (CSDC) სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად. პროექტი 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ დროის მანძილზე ორგანიზაცია 100-ზე მეტ ქალსა და მათ ოჯახებს დაეხმარა, მოამზადა მიუსაფარ ქალთა საჭიროებების კვლევა, პროექტში ჩართულ ქალთა ვიდეო-ისტორიები, შეაგროვა ფინანსური თუ სხვა მატერიალური რესურსები მათ დასახმარებლად.

პროექტის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნინო თოდუას დავუკავშირდით. თუ ვინ იყო პროექტში ჩართული, რა აქტივობები განხორციელდა და რა შედეგები მოიტანა – ამ და სხვა საკითხებზე ინტერვიუს ფორმატში ვისაუბრეთ:

  • ქალბატონო ნინო, უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ. რამდენი ხანია რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ფუნქციონირებს და რა მიზნებს ემსახურება ის?

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი ორგანიზაციის მისიაა მოწყვლადი ქალებისა და ბავშვების პრობლემების ადვოკატირება, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში სამოქალაქო უფლებების დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არაფორმალური საგანმანათლებო პროგრამების უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება.

  • გვიამბეთ თქვენი პროექტის შესახებ, რომელსაც CSDC ბოლო 1 წლის მანძილზე, ურთულეს პირობებში ახორციელებდა. საიდან გაჩნდა იდეა და რა იყო პროექტის მიზანი?

„COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა“ – გასულ წელს, სექტემბერში დავიწყეთ, პროექტი თბილისის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის საბოლოო მიზანი იყო მარტოხელა და მიუსაფარ ქალთა სოციალური ინკლუზია და მხარდაჭერა COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.

ამ პროექტის იდეა გაჩნდა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ვირუსის გავრცელების შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მეტად სწორედ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ. მათ შორის  იყვნენ და არიან მიუსაფარი ქალები და მათი ოჯახები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით ესაჭიროებოდათ დახმარება, რაც ჩვენ მხარდამჭერების მეშვეობით მოვახერხეთ. წამოვიწყეთ აქტიური ფანდრაიზინგის კამპანია და მიღებული რესურსებიც მათ სასარგებლოდ გამოვიყენეთ.

 

  • რა კონკრეტული აქტივობები განახორციელეთ პროექტის ფარგლებში?

პროექტი 1 წლის მანძილზე, 2 ეტაპად განხორციელდა. აგვისტოში დასრულდა მეორე ეტაპი. დაწყებისას შეირჩა 100 ქალი, ჩატარდა მათი საჭიროებების კვლევა, შემუშავდა რეკომენდაციები, ასევე მოხდა თითოეული მონაწილის უზრუნველყოფა პირველადი ჰიგიენური ნივთებითა და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებით. მაისის თვიდან ჩვენ უკვე დავიწყეთ მეორე ეტაპის განხორციელებაც.

როგორც პირველ, ასევე, პროექტის მეორე ეტაპზე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა განახორციელა აქტიური ფანდრაიზინგისა და ადვოკატირების კამპანია. მომზადდა ბენეფიციართა ფოტო და ვიდეო ისტორიები, ბენეფიციართა თანხმობით, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. კამპანიაში ჩართვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ფანდრაიზინგის შედეგად მიღებული თანხა სრულად მოხმარდა მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა საჭიროებებს.

პროექტის განხორციელებაში CSDC-ის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად ჩართული იყვნენ მოხალისეებიც, რომლებიც სპეციალურად გადამზადდნენ და მიიღეს შესაბამისი თეორიული ცოდნა ბენეფიციართა აღნიშნულ ჯგუფთან სამუშაოდ. თუმცა, პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისა და სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა, ჩვენმა ორგანიზაციამ სწორედ მხარდამჭერებთან ერთად შეძლო პანდემიით დაზარალებული და მარტოხელა ქალების წინაშე არსებული პრობლემების, თუნდაც მცირე ნაწილის აღმოფხვრა. განსაკუთებით მინდა გამოვყო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელების მხარდაჭერა.

  • ქალბატონო ნინო, საბოლოო ჯამში, როგორია პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები და გააგრძელებს თუ არა მიუსაფარი ქალების მხარდასაჭერად CSDC აქტივობებს?

ჩვენი გუნდი გეგმავს აღნიშნულ პროექტი იქცეს ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშნველოვან პროგრამად, მოხდეს მისი გაფართოება, რათა, არ გვქონდეს გეოგრაფიული შეზღუდვა და შევძლოთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და მათი ოჯახების დახმარება, ვინც სხვადასხვა თხოვნით მოგვმართავს და ჩვენგან ხელშეწყობა ესაჭიროება.

ასევე ვგეგმავთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, კარდაკარ პრინციპით. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი კამპანიები შეუწყობს ხელს პანდემიის დასრულებას, COVID-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების მიღება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ინფორმაცია დღეს არ არის ხელმისაწვდომი ქალთა იმ ჯგუფებისთვის, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ. მათ დიდ ნაწილს არ აქვს სურვილი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, ასევე არ აქვთ საბაზისო ცოდნა ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, ნაკლებად იყენებენ პირბადესა და პირველად სადენზიფექციო საშუალებებს.  ამ მხრივ ბევრი გვაქვს სამუშაო ზემოთ აღნიშნულ სეგმენტთან.

ასევე, არ ვწყვეტთ აქტიურ თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ქალების განათლებისა და დასაქმების მიმართულებით. წინ დიდი გეგმები გვაქვს და იმედია, ჩვენი მხარდამჭერების მეშვეობით წარმატებით შევძლებთ მათ განხორციელებას.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები