მარტი 28, 2024
0 0
Read Time:2 Minute, 5 Second

XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულებულია და წიგნის პრეზენტაცია ხვალ, 24 ნოემბერს, 16:00 საათზე, „რესპუბლიკაში“ გაიმართება.

პროექტზე მუშაობა კოლექციონერმა, გურამ ახალაიამ 18 წლის წინ დაიწყო და მის გარშემო ეპოქის 300-მდე გამორჩეული ადამიანი გააერთიანა.

„უნიკალური ქართული ხელნაწერებისადმი მოწიწებამ, ცნობილი თუ უცნობი გადამწერების მიმართ მადლიერების გრძნობამ, გამიჩინა სურვილი „XXI საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი“ შეგვექმნა. თავდაპირველად გავეცანი 50-მდე კალიგრაფისტის ნამუშევარს, მაგრამ არჩევანი ვერც ერთზე ვერ შევაჩერე. ამიტომაც თხოვნით მივმართე ჩვენი ქვეყნის ცნობილ ადამიანებს, საერო და სასულიერო პირებს, საზოგადოებაში გამორჩეულ პიროვნებებს, მონაწილეობა მიეღოთ ამ პროექტში და ხელით გადაეწერათ „ვეფხისტყაოსნის“ თითო გვერდი“, – გურამ ახალაია.

აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ირგვლივ XXI საუკუნის ქართული საზოგადოება გაერთიანდა. პროექტში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის 300-მდე ცნობილმა ადამიანმა.

„XXI საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გვერდი გადაწერა საქართველოს პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ ილია II-მ; მეორე გვერდი ბატონმა – ჭაბუა ამირეჯიბმა, მესამე – ქალბატონმა ანა კალანდაძემ და გააგრძელეს რუსთაველის პრემიის ლაუარეტებმა, მწერლებმა, მეცნიერებმა, მთარგმნელებმა, ჟურნალისტებმა, მუსიკოსებმა, არქიტექტორებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, კალიგრაფისტებმა, წმინდა სინოდის წევრებმა. პოლიტიკოსებიდან მხოლოდ 2003-2018 წლების ქვეყნის პირველმა პირებმა, აგრეთვე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა. ბოლო გვერდი, მისივე თხოვნით, გადაწერა XXI საუკუნის უდიდესმა მოქანდაკემ და საზოგადო მოღვაწემ მერაბ ბერძენიშვილმა.

ოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ მე-12 საუკუნეში, საქართველოს განვითარება-აღმავლობის ეპოქაში დაიწერა და სრულიად დამსახურებულად მსოფლიო კულტურის ძეგლადაა აღიარებული. „ვეფხისტყაოსანი“ მე-12 საუკუნიდან 1712 წლამდე (პირველი ნაბეჭდი წიგნის გამოცემამდე) მხოლოდ ხელნაწერის მეშვეობით ვრცელდებოდა და დღემდე, ფრაგმენტების ჩათვლით, 164-მა ხელნაწერმა მოაღწია. მათი დიდი ნაწილი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, არქივებსა და ბიბლიოთეკებშია დაცული, ხოლო 12 საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებში (მათ შორის: დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში).

აღსანიშნავია, რომ ქართული უნიკალური ხელნაწერების ცნობილი და უცნობი გადამწერებისადმი პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატად „ვეფხისტყაოსნის” კოლექციონერის, გურამ ახალაიას თაოსნობითა და ძალისხმევით, 2003-2018 წლებში შეიქმნა XXI საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი.

სპეციალურად XXI საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნისთვის“ ილუსტრაციები შექმნეს ცნობილმა მხატვრებმა: ლევან ცუცქირიძემ, პიკო (ზურაბ) ნიჟარაძემ, რუსუდან ფეტვიაშვილმა, ქეთი მატაბელმა, თემო გოცაძემ, თაზო ხუციშვილმა, ზურაბ წერეთელმა, მურთაზ მურვანიძემ, მამუკა ცეცხლაძემ, რეზო ადამიამ, ზურაბ ხაბაძემ, გოგი წერეთელმა, ლორეტა შენგელიამ, მამია მალაზონიამ, გიორგი გეგეჭკორმა, დავით აფციაურმა, თეკლა მელაძემ). ხელნაწერის თითოეული გვერდის მხატვრულად გასაფორმებლად, სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის, კამარების, მინიატურებისა და საზედაო ასოების კომპოზიციები, უძველესი ხელნაწერების მიხედვით, შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ხელნაწერთა მხატვარ-რესტრავრატორმა, ლია სიხარულიძემ. ცნობილმა მხატვარმა თაზო ხუციშვილმა სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის შექმნა შოთა რუსთაველის ახალი პორტრეტი, რომელიც პირველივე გამოფენაზე ყველა მხატვარმა შედევრად აღიარა. ამ პროექტის გასრულების შედეგად, მდიდრულად გაფორმებულ ქართულ უნიკალურ ხელნაწერებს XXI საუკუნის საქართველოს 300-მდე ცნობილი ქართველის მონაწილეობით შექმნილი ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანიც“ შეემატა.

ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ გადამწერთა განცხადებით, მათი დიდი სურვილია, საუკუნეში ერთხელ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ხელით გადაწერის ტრადიცია გაგრძელდეს, რათა ის ანდერძად დაუბრუნდეს მომავალი ასწლეულის ქართველებს და ძველი კალიგრაფისტების მსგავსად, მათ შექმნან XXII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები