მარტი 28, 2024
0 0
Read Time:4 Minute, 6 Second

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით პაციენტის გარდაცვალების შესახებ. რამაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ააფრორიაქა. “მკურნალი.გე” კიდევ ერთხელ გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს და რჩევებს, რომლებიც ამ დაავადებისაგან თავდაცვისათვის გამოგადგებათ:

რა არის ღორის გრიპი? რატომ ჰქვია მას ეს სახელი?
გრიპის ვირუსები სამ სახეობად იყოფა. ერთ-ერთი მათგანია A და სწორედ ის გახლავთ უმთავრესად პანდემიების გამომწვევი. ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინის ენაზე H1N1 ჰქვია. რაც შეეხება სახელწოდება “ღორის გრიპს”, მას რეალურ ისტორიას უკავშირებენ. 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო A ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსი; ეს გახლდათ ვირუსი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. უბრალოდ, წარმოადგენდა მის სრულიად ახალ ქვეტიპს, რომელიც მანამდე არ ცირკულირებდა მოსახლეობაში და, შესაბამისად, ჰქონდა პანდემიური ანუ საყოველთაო გავრცელების პოტენციალი. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას “ღორის გრიპის” სახელი.

რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას?
ეს ვირუსი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი. საზოგადოდაც, ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანში შესულებს, მაშინ როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანში შესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც, 65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია.

რა არის პაციენტთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი?
გრიპი უმთავრესად იმ ადამიანებს ურთულდებათ, რომლებსაც რაიმე სხვა დაავადებაც ჰქონდათ. აღრიცხულ შემთხვევებში ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი: ქრონიკული ჰეპატიტები, დიაბეტი, ჭარბი წონა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები…

 

როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები?
გრიპი იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით, უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.

ყველაზე ხშირად რა გართულებები აღინიშნება A ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის დროს?
სტატისტიკურად ყველაზე ხშირი გართულება პნევმონიაა. ამ უკანასკნელის ორი ვარიანტი არსებობს: პირველი – ეს გახლავთ თავიდანვე განვითარებული პნევმონია, ანუ ვირუსული პნევმონია, რაც იშვიათია, და მეორე, რომელიც უფრო ხშირია – მეორეული ანუ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ფილტვების ანთება, რომელიც დაერთვის გრიპს დაავადების დაწყების მესამე-მეოთხე დღეს. თუ თავიდანვე შეამჩნია ადამიანმა, რომ უჭირს სუნთქვა, აწუხებს ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი სუნთქვისას, ცხვირ-ტუჩის არეში ციანოზი ანუ სილურჯე უვითარდება, ნახველი უხდება ვარდისფერი ან მასში ერევა სისხლი, – დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. თუ ამ სიმპტომებმა გრიპის დაწყებისთანავე იჩინა თავი, ეს ვირუსულ პნევმონიაზე მიუთითებს, ხოლო თუ გრიპის მესამე დღიდან, როცა ტემპერატურა უკვე შედარებით დაწეულია, მდგომარეობა ისევ დამძიმდა, დაერთო ხველა – ეს უკვე ბაქტერიული პნევმონიის მანიშნებელია და ექიმს ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ. თუ სამედიცინო დახმარება დროულად გაეწია, ორივე შემთხვევაში გამოჯანსაღების ალბათობა საკმაოდ დიდია.


როგორია მკურნალობის სქემა A გრიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის შემთხვევაში?

გრიპის ვირუსით გამოწვეული შემთხვევები ორად უნდა გავყოთ. ერთი ჯგუფია მსუბუქი შემთხვევები, რომლებიც სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას არ მოითხოვს, მეორე – გართულებული შემთხვევები. მსუბუქი შემთხვევებიც მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს და ინტოქსიკაციაც ამ დროს საკმაოდ ძლიერია, თუმცა სუნთქვის პრობლემები ნაკლებად არის გამოხატული. ამ დროს რეკომენდებულია, დაავადებულმა დაიცვას წოლითი რეჟიმი, დარჩეს შინ, მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ჩვენებისამებრ – სიცხის დამწევები. რაც შეეხება ორსულებს, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რადგან ორსული – ეს გრიპის რისკჯგუფში შემავალი ადამიანია. გრიპის მძიმე შემთხვევების დროს რეკომენდებულია ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება. ამ სახის ორი პრეპარატი არსებობს: ოსელტამივირი ანუ ტამიფლუ და ზანამივირი ანუ რელენზა. ეს უკანასკნელი რეკომენდებულია ორსულებისთვის, ხოლო ტამიფლუ – ორსულებისთვისაც და სხვებისთვისაც. მსოფლიო გამოცდილება იმასაც გვაჩვენებს, რომ თუმცაღა ბევრ ქვეყანას არ აქვს ტამიფლუ ან რელენზა, გრიპი გამოჯანმრთელებით მაინც სრულდება. ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით თვითმკურნალობა კი კატეგორიულად მიუღებელია. ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ვაქცინაციის შესახებ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალებაა სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა. ვაქცინაცია ეფექტურია გრიპის სეზონის დაწყებამდე, ამიტომაც იწყება ოქტომბერ-ნოემბერში გრიპის ვაქცინაციის პროპაგანდა. გავრცელების პროცესში ვაქცინაციაზე ჯანმო უარს არ ამბობს, უბრალოდ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ვაქცინაცია დაემთხვეს გრიპით ინფიცირებას და ამან გაურკვევლობა გამოიწვიოს, ამიტომ ამ დროს რეკომენდაციას ვიძლევით, მოსახლეობამ გამოიყენოს დაცვის არაპირდაპირი საშუალებები ანუ უფრო გაამკაცროს პროფილაქტიკის წესები. პირადი ჰიგიენა, ცხოვრების ჯანსაღი წესის ზედმიწევნით დაცვა არა მარტო გრიპის, არამედ უამრავი სხვა დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. და კიდევ – მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პროფილაქტიკისთვის ჯობს ინფიცირებულმა იხმაროს ნიღაბი და არა ჯანმრთელმა ადამიანმა.

საზოგადოების რა ნაწილს ემუქრება განსაკუთრებული რისკი?
ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილდნენ ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, განსაკუთრებით – სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, დიაბეტით დაავადებულები, თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონეები, მცირე ასაკის ბავშვები და ხანდაზმულები. განსაკუთრებული ჯგუფია ორსულები, რომლებშიც გრიპი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე არაორსულებში, ამიტომ მათ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.


დაბოლოს, გირჩევთ:

ნუ აჰყვებით პანიკას უბრალო სეზონური გრიპის გამო. მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რათა ჯანსაღი და მძლავრი იმუნური სისტემით შეხვდეთ ყოველ სეზონურ გრიპს, რომელსაც თავს ვერასგზით ვერ ავარიდებთ, ხოლო გრიპის გავრცელებისას დავიცვათ ჰიგიენისა და პროფილაქტიკის ის წესები, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, და, რა თქმა უნდა, ყოველთვის დროულად მიმართეთ ექიმს.

საბავშვო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები