ქალი მსაჯის გამო ირანში გერმანიის ბუნდესლიგის მატჩის ჩვენება აიკრძალა

Read Time:1 Minute, 54 Second
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ბუნდესლიგის მატჩის ტრანსლირებაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ მას ქალი მსაჯობდა. ისლამური ქვეყნის ცენზორები კრძალავენ ქალის სხეულის ნაწილების საჯაროდ გამოჩენას, მათ შორის ისეთ ფორმაში, როგორიცაა საფეხბურთო შორტები.
 
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ, IRIB-მა მიუნხენის ბაიერნისა და აუგსბურგის მატჩის ჩვენებაზე თქვა უარი, რომელიც გასულ პარასკევს ჩატარდა. ამ დროს შეხვედრის ერთ-ერთი მსაჯი ბიბიანა შტაინჰაუსი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა მედიამ, ირანულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა.
 
ტრანსლაციის შეწყვეტის მიზეზი მკაცრი, და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან არაერთხელ გაკრიტიკებული, დისკრიმინაციული ირანული წესები გახდა. წესების მიხედვით, აკრძალულია ქალის სხეულის ნაწილების საჯაროდ გამოჩენა, მათ შორის ფეხბურთის ფორმით.
 
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირანელმა კორესპონდენტმა, ნატალი ამირიმ, ეს ინფორმაცია პირველმა ტვიტერზე გაავრცელა. ის წერდა, რომ ტრანსლაციის გაუქმება დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყდა. “და ვინ არის ამაში დამნაშავე?!”, – წერს ჟურნალისტი. “რა თქმა უნდა, ისევ ბიბი [ქალი მსაჯი]”, – თავადვე პასუხობს დასმულ შეკითხვას.
 
ბიბიანა შტაინჰაუსი პირველი ქალია, რომელმაც გერმანიაში კაცების უმაღლეს ლიგაში, ბუნდესლიგაში იმსაჯა. მისი დებიუტი 2017 წელს შედგა.
 
მკაცრი ცენზურა – როგორ არეგულირებს ირანული მაუწყებელი ქალის სხეულის გამოჩენას?
ირანში ფილმების ჩვენების დროს, ქალის სხეულის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც მოშიშვლებულად ჩანს, წინასწარ არის გრაფიკულად დამუშავებული და გაბუნდოვანებული (გნებავთ, დაბლარული).
 
ამ შემთხვევაში, ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა, რადგან თამაში პირდაპირ ეთერში გადაიცემა და სხეულის გრაფიკულად დამუშავებას ვერავინ შეძლებდა. მსგავსი შემთხვევა 2018 წლის მაისშიც მოხდა, როცა ერთ-ერთ მატჩს კვლავ ბიბიანა შტაინჰაუსი განსჯიდა. მაშინ ირანულმა მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ ყოველი რაკურსი, რომელშიც ბიბიანა გამოჩნდებოდა, სხვა კადრით გადაეფარა.
 
კაცებად გადაცმული ქალები
2018 წლის თებერვალში ირანული ლიგის ერთ-ერთ მატჩს Fifa-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დაესწრო, შემდეგ კი კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან იმავე მატჩზე მარეგულირებლებმა 35 ქალი არ დაუშვეს. ზოგიერთი ქალი კი, თამაშის საყურებლად, კაცის ფორმაში გამოეწყო და სტადიონზე ამ გზით შეაღწია.
 
Embedded video
 
DW News
@dwnews
These Iranian football fans would do almost anything to see their team win the championship…
 
Even dress up as men.
 
11
9:46 AM – May 2, 2018
16 people are talking about this
Twitter Ads info and privacy
მაშინ ჯანი ინფნანტინომ პირობა დადო, რომ მალე ირანში ქალებს ფეხბურთზე დასწრების პრობლემა აღარ ექნებოდათ, თუმცა ირანის დისკრიმინაციული წესების გაკრიტიკებისგან თავი შეიკავა.
 
ირანელი ქალი გულშემატკივარი, 2018 წლის 10 ნოემბერი.
ირანელი ქალი გულშემატკივარი, 2018 წლის 10 ნოემბერი.
 
ფოტო: AFP
 
2018 წლის ნოემბერში Fifa-ს გენერალურმა მდივანმა, ფატმა სამურმა ირანის მთავრობას მიმართა თხოვნით, რომ ქალებისთვის ფეხბურთზე დასწრების შეზღუდვა მოეხსნათ. მიმართვამ შედეგი გამოიღო და ირანმა შეზღუდვა მოხსნა. ქალები საფეხბურთო მატჩს თავისუფლად 2018 წლის 10 ნოემბერს, იაპონიის წინააღმდეგ დაესწრნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საკანონმდებლო ინიციატივა – მინიმალური ხელფასი 500 ლარი და ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება კერძო სექტორში
Next post   მის დაწვას ვითხოვ… ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა, ცოლი მომიკლა” – კახეთში მოკლული 4 ადამიანი ოჯახებში გადაასვენეს