სტუ-ის რექტორმა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

Read Time:1 Minute, 58 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერს შეხვდა.

შეხვედრას სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა განიხილეს ორი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის, ასევე, სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და პროფესორ-მასწავლებლების კვლევებში ჩართულობის საკითხები.

რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორს იმ ნაყოფიერი სამეცნიერო კვლევებისთვის, რომელსაც ორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ერთობლივად ახორციელებენ.

„მადლობა მინდა მოგახსენოთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობისა და იმ პროექტებისთვის, რომელსაც საქართველოს ტექნიკური და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოსა და გერმანიაში. ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის შესახებ საყოველთაოდაა ცნობილი და განსაკუთრებით საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ მეგობრობასა და თანამშრომლობაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ჩვენი კოლაბორაცია არის ინტერნაციონალიზაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. წარმატებებს ვუსურვებ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ახალი პროექტების განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ვილჰელმ ჰაუზერმა მადლობა გადაუხადა რექტორს, კოლეგებს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ჩატარება და ასევე, იმ პროექტების განხორციელება, რომელსაც ორი უნივერსიტეტი საქართველოსა და გერმანიაში ახორციელებს.

„ორივე უნივერსიტეტს გვაკავშირებს ინტენსიური თანამშრომლობა, რომლის ფუძემდებელი არიან პროფესორები – გენადი იაშვილი და  რუსუდან ქუთათელაძე. ამ  თანამშრომლობას რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და დღემდე წარმატებით ხორციელდება. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, იმ პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ჩვენი უნივერსიტეტები საქართველოში, სტუ-ის ბაზაზე ახორციელებენ. შემუშავებულია ერთობლივი სადოქტორო პროგრამა, რომელიც გერმანელ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვან. ვმუშაობთ სტუდენტთათვის ერთდროულად ორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვების საკითხებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური პერსონალის მობილობის აქტიური პროგრამა მუშაობს. ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა“, – განაცხადა, პროფესორმა, დოქტორმა ვილჰელმ ჰაუზერმა.

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ვილჰელმ ჰაუზერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია, რომელიც, გარკვეული პერიოდულობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე საჯარო ლექციების ატარებს. ამჯერად, პროფესორმა ვილჰემ ჰაუზერმა სტუ-ისა და საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის ორი საჯარო ლექცია – „ბილმანი“ – საბუღალტრო მანიპულაციების სწრაფი გამოვლენის პროგრამა“ და „საწარმოს ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრა“ წაიკითხა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორის ლექციების ციკლი 31 მარტს დასრულდა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციით – „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები – 2023“, რომელიც საქართველოს ტექნიკური, შავი ზღვის საერთაშორისო და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტების თანაორგანიზებით ჩატარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგო ხახუბია-ჩემთვის გამორჩეულად ემოციური და პასუხისმგებლობით სავსეა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა. ეს არის შესაძლებლობა გადავიბარო საქმე, რომელსაც ირაკლი წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვებოდა.
Next post მიხეილ ყაველაშვილი: კრამონის მოტივაცია და საქართველოსადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დღეს არ გამოკვეთილა – როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელია ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა